"ამ ამბავს არც ვმალავ, ეთერშიაც ვამბობ" 17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ბარბარობას ზეიმობს, თითქოს ესაა საწყისი იმ დღესასწაულებისა, რაც დეკმებრისა და იანვრის თვეში გველის. თითქმის ყველა ცდილობს, ბარბარობას ოჯახში ლობიანი ჰქონდეს, დანარჩენი კი უკვე დიასახლისის ფანტაზიისა და მონდომების შედეგია. მსახიობ ნატუკა გულისაშვილს დავუკავშირდით, რომელიც ცნობილი კულინარია, ბარბარობის დღესასწაულზე ვესაუბრეთ და მისეული ლობიანის რეცეპტიც სპეციალურად თქვენთვის გამოვართვით.
- როგორ ემზადებით ბარბარობისთვის? რა ტრადიციები გაქვთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით?
- მინდა გითხრათ, რომ ახალ წელზე მეტად მიყვარს ბარბარობა, წმინდა ბარბარე ბავშვთა მფარველია და გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო. რაც შეეხება სამზადისს, რაიმე გამორჩეული და განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ რასაც აუცილებლად ვაკეთებთ, ესაა ლობიანი და გოგრა. ამასთანავე ვყიდულობთ ახალ ცოცხს, ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს, რომ ბარბარობა დღეს ახალი ცოცხი გვქონდა და დღემდე ასე ვართ. ყველანაირად ვცდილობ, ამ დღესასწაულს სახლში შევხვდე და შემდეგ უახლოესი მეგობრების გარემოცავში გავატარო დღე.
- ამბობენ, რომ ნამდვილი მეკვლეობა სწორედ ბარბარობასააო, რამდენად გჯერათ ზოგადად მეკვლის ფეხის ავკარგიანობის?
- მეკვლეობის მჯერა. ეტყობა ახალი ცოცხის ყიდვის ჩვევაც აქედან მოდის, მეკვლე რომ შემოვა, ახალი ცოცხით გზა უნდა გაუწმინდო. უბრალოდ კონკრეტული მეკვლე, რომელსაც კარგი ან ცუდი ფეხი აქვს, არ მყავს, რატომღაც სულ ისე ხდება, რომ მე ან ჩემი შვილი ვართ ბარბარობას მეკვლეეები, გვადივართ და მერე ჩვენვე შემოვდივართ ყოველთვის. მეკვლეობისაც მჯერა და იმისიც, რომ როგორც დაიწყებ დღეს, როგორი ემოციითაც ელოდები დღესასწაულს, შემდეგ ისე გაგრძელდება წელი.
- რაც შეეხება ზემოხსენებულ ლობიანს და გოგრას, რომელსაც ბარბარობისთვის ყოველთვის ამზადებთ, გაგვიმხილეთ თქვენეული რეცეპტი...
- მე მიყვარს გემრიელი, რაჭული ლობიანი და ვერც კი ვერც შევდრები რაჭველ დიასახლისებს ამ საკითხში, ისინი შეუდარებელ ლობიანს აკეთებენ. მე ყოველთვის მეგონა, რომ რაჭულ ლობიანს შიგნით ჰქონდა ლორი, მაგრამ ერთმა ასაკოვანმა რაჭველმა ქალმა მითხრა, დედა, ჩვენ ლობიოს ვხარშავთ ლორთან ერთად, თორემ ცალკე ლორს ლობიანში არ ვდებთო. საქმე ისაა, რომ მე სახლში ვეგეტარიანელები მყავს, ამიტომ ჩემთან ლორის თემა გამორიცხულია, უყვართ ფენოვანი ცომი და ამით ვაკეთებ ლობიანს.
ლობიოს მოხარშვის შემდეგ კარგად შევასუნელებთ მოდაღულ ხახვთან ერთად და შემდეგ ვაკეთებთ ფენოვანი ცომის ქისებს, როგორც ხინკლის შემთხვევაში. აქაც, ფენოვანი ცომის მრგვალ ნაჭრებს ვიღებ, ვდებ ბევრ ლობიოს შიგნით, როგორც ხინკალს, ისე მოვუკრავ პირს და ლამაზი ფერის, ბუთქუნა ლობიანები გამოგვდის, პატარ-პატარა ფენოვანი ქისები დევს სუფრაზე და ძალიან მადის აღმძვრელია. გოგრის შემთხვევაში კი მოგახსენებთ, რომ არ ვხარშავ, ვწვავ ქურაში, უფრო შემწვარი მიყვარს და ამიტომ. თუ გოგრა ტკბილი არ აღმოჩნდა, შეწვის შემდეგ სანამ ცხელია, ზემოდან რვიანის ფორმით თაფლს ვასხამ, ესაა და ეს.
- ფენოვან ცომს სხვადასხვანაირად აკეთებენ, თქვენეული რეცეპტი როგორია?
- ფენოვანი ცომის გაკეთებას იმდენი დრო და ენერგია სჭირდება, რომ მე ყოველთვის გაყინულის ყიდვას ვარჩევ და ამას არც ვმალავ, ეთერშიც ვამბობ, რატომ უნდა გავირთულო საქმე, როცა ფანტასტიკური, გაყინული ფენოვანი ცომი იყიდება?! სულ მაქვს სახლში, იმიტომ, რომ ამ ცომით უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბარბარობას მარხვის გამო აკეთებენ ლობიანს, მაგრამ ოჯახში, სადაც არ მარხულობენ, შეიძლება ამასთან ერთად გაკეთდეს ხაჭაპურიც. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ოჯახი არ მარხულობს, ჩვენ მაინც ლობიანს ვანიჭებთ უპირატესობას.
ციცი ომანიძე