ადვილად მოსამზადებელი, გემრიელი და ლამაზი კერძი სადღესასწაულო სუფრისთვის ამ სალათს ბევრი დიასახლისი აკეთებს საახალწლოდ თუ ისე, უბრალოდ საზეიმო სუფრისთვის. მისი მთავარი ღირსებები ისაა, რომ არ უნდა რაღაც გამორჩეული ინგრედიენტები - შეიძლება გააკეთო იმით, რაც სახლში ისედაც სულ გვაქვს; გარდა ამისა, კეთდება როგორც ჩვეულებრივი, ისე სამარხვო ვარიანტი და თანაც, ძალიან ბევრნაირად შეიძლება გაფორმდეს, ფანტაზიის მიხედვით.
ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ რეცეპტს გთავაზობთ.
დაგჭირდებათ:
3-4 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი
2-3 ცალი საშუალო ზომის მოხარშული ჭარხალი
3-4 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
2-3 ცალი საშუალო ზომის ხახვი
2-3 ცალი მოხარშული კვერცხი
1 პაკეტი მაიონეზი
სუნელები, პილპილი გემოვნებით
რომელიმე მარილიანი თევზი (ქაშაყის ფილე, ან ე.წ. სელიოდკა)
მომზადება:
მოხარშული კარტოფილი, სტაფილო (სტაფილო უმიც შეგიძლიათ) და ჭარხალი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ცალ-ცალკე მოათავსეთ თასებში.
ხახვი ნახევარრკალებად დაჭერით.
დიდ სწორ თეფშზე კარტოფილის ფენა დაალაგეთ, ზემოდან დაადეთ წვრილად დაკუწული თევზის ფენა, შემდეგ - ხახვის რკალები და გადაუსვით მაიონეზი (მაიონეზს წინასწარ შეგიძლიათ სვანური მარილი მოაყაროთ და ისე შეანელოთ, უფრო გემრიელი გამოდის). შემდეგი ფენა იქნება სტაფილო + მაიონეზი, შემდეგ - ჭარხალი+მაიონეზი. ბოლო ფენა ჭარხალი უნდა იყოს, რომელსაც ზემოდან მაიონეზს გადაუსვამთ. აი, მერე კი უნდა მორთოთ.
მოსართავად და გემოსთვისაც ძალიან კარგია მოხარშული კვერცხის გამოყენება. კვერცხს ზოგიერთი ერთ-ერთ ფენადაც იყენებს, სურვილის მიხედვით.
მორთვის იდეები ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ.