გაამრავალფეროვნეთ სამარხვო მენიუ საჭირო მასალა ცომისთვის:
250 მლ. წყალი;
1 ს/კ არაყი;
1 ს/კ ძმარი;
1 ს/კ ზეთი;
მწიკვი მარილი;
დაახლოებით 3,5 ჭიქა ფქვილი (ცომი ელასტიური უნდა იყოს, ხელზე არ უნდა გვეკვრებოდეს);
1 შეკვრა მარგარინი;
მასალა გულისთვის:
1 ჭ. ფქვილი;
1 ჭ. შაქარი;
150 გრ. მარგარინი;
3 ცალი ვანილი;
სურვილისამებრ დარიჩინი.
ფენოვანი ცომის მომზადების წესი:
ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები, მარგარინის გარდა, მოვათავსოთ თასზე და მოვზილოთ ცომი, კარგად დავამუშაოთ ხელით, ისე, რომ ელასტიური მასა მივიღოთ (ანუ დაახლოებით 20 წუთი მაინც უნდა ვზილოთ). მარგარინი გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად. სამუშაო მაგიდაზე მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და გავიყვანოთ ცომი თხლად, წავუსვათ მარგარინის ერთი ნაწილი, შემდეგ გადავკეცოთ კონვერტივით და შევდგათ მაცივარში. ნახევარი საათის შემდეგ ცომს ისევ გავიყვანთ და გადავუსმევთ მარგარინის მეორე ნაწილს, გადავკეცავთ და გავაჩერებთ მაცივარში ისევ ნახევარი საათი და ბოლოს კიდევ - მესამე ნაწილი, ისევ მაცივარში და 1 საათის შემდეგ მზად არის ფენოვანი ცომი.
მოვამზადოთ გული:
ფქვილი დავყაროთ ტაფაზე და მოვხალოთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ დავამატოთ მარგარინი, ავურიოთ კარგად და გადმოვდგათ. შევურიოთ შაქარი, ვანილი გემოვნებით და დარიჩინი სურვილისამებრ.
ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე გავიყვანოთ ცომი თხლად, გამოვჭრათ ოთხკუთხედი ნაწილები. თითოეულზე მოვათავსოთ გულსართი და გადავახვიოთ. დავაწყოთ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.