სვანური მარილი ბევრს უყვარს და სხვადასხვა კერძში იყენებენ. ბევრ ოჯახში კერძებს სწორედ სვანური მარილით კმაზავენ, რადგან მასში ყველაფერია - მარილიც, სუნელებიც, წიწაკაც და ცალ-ცალკე ამ ინგრედიენტების დამატებას აღარ საჭიროებს. ეს რეცეპტი მრავალი წლის გამოცდილია, ის ტაობიდან თაობას გადაეცემა და ასე მომზადებული სვანური მარილი ყველა კერძს უხდება. მასში ზომიერად არის სიმწარეც, უცხო სუნელებიც და მარილიც. ასე რომ, ბავშვიანი ოჯახებისთვის ზედგამოჭრილია. ვისაც სურს, შეუძლია, რომელიმე ინგრედიენტი მეტი გაუკეთოს და ასე ან მეტად მწარე გამოუვა, ან მეტად მარილიანი. ეს სურვილისამებრ შეგიძლიათ.
მაშ ასე, ვაკეთებთ ნახევარლიტრიან (0,5 მლ) ქილაზე.
ქილის ნახევარი ან ოდნავ მეტი უნდა იყოს მარილი (ჯობს მსხვილი). შემდეგ ემატება 8-9 ჩაის კოვზი ხმელი დანაყილი ქინძი (ვისაც ქინძი უფრო უყვარს, მეტიც შეუძლია ჩაყაროს), ნახევარი ჩაის კოვზი უცხო სუნელ, გემოვნებით - ახალდაფქული წითელი წიწაკა. კარგად აურევთ და ფერის მიხედვით მიხვდებით, ყოფნის თუ არა ქინძი.
თუ გინდათ, სვანური მარილი მშრალი იყოს, ნივრის კბილები (4-5 პატარა კბილი) ჩაჭერით რამდენჯერმე და ისევე დააყარეთ მარილს. თუ არა და, ნივრის მეტი გემო თუ გინდათ დაშედარებით უფრო სველი მარილი, რამდენიმე ნივრის კბილი დაჭყლიტეთ და ოდნავ წყალგარეული ზედ დააწურეთ მარილს.
ზოგიერთები ამ რეცეპტს ძირასაც უმატებენ. ესეც სურვილისამებრ შეგიძლიათ გააკეთოთ.
კომენტარებში შეგიძლიათ, თქვენი გამოცდილი რეცეპტებიც შემოგვთავაზოთ.