ასეთი მაიონეზი გაცილებით სასარგებლო და სანდოა მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზების უმრავლესობა კონსერვანტებს და ათასგვარ მინარევს შეიცავს, ხშირად საუბრობენ მის უსარგებლობაზე და ნავნებლობაზეც კი. გაცილებით უკეთესია, თუ მას შინ მოვამზადებთ, მით უმეტეს, რომ ეს არც ისე რთულია. იაფიც გამოდის, უფრო გემრიელიც და თქვენ გემოზე შეანელებთ.
ინგრედიენტები:
მცენარეული ან ზეითუნის ზეთი – 400 გრ
კვერცხი – 2 ცალი
ძმარი – 1 ს.კ.
მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება
ბლენდერის ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ორი ახალი კვერცხი – უმჯობესია, თუ შინაური კვერცხი იქნება. მაღაზიის კვერცხით უფრო თეთრი მაიონეზი გამოდის. დაუმატეთ ძმარი, მარილი და წიწაკა ან პილპილი. ჩართეთ ბლენდერი და დააცადეთ, კარგად გაითქვიფოს. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთი. ნარევი მალე შეიცვლის ფერსა და კონსისტენციას, თქვენ თვალწინ. მერე გასინჯეთ, რამდენად გაკმაყოფილებთ გემო და სისქე და შეგიძლიათ, დაუმატოთ რამე და ისევ ოდნავ ათქვიფოთ.
გემოსთან დაკავშირებით, შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები. მაგალითად, ძმრის ნაცვლად ლიმონის წვენის გამოყენება შეიძლება, მდოგვის დამატება (ასეთ შემთხვევაში მაიონეზი პროვანსალი გამოვა) ან ნივრის გამოყენებაც შეგიძლიათ. კვერცხის ნაცვლად ზოგიერთი კარაქსა და რძესაც იყენებს. თუ სქელი გამოგივიდათ, ცოტა (დაახლოებით 1-2 სუფრის კოვზი) ანადუღარი და თბილი წყლის დამატებაც შეიძლება და ისევ ათქვეფა.
შინ მომზადებული მაიონეზის გასინჯვის შემდეგ აღარც მოგინდებათ მისი მაღაზიაში ყიდვა.