სულ რამდენიმე დღეში მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს! ამის შესახებ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება! არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს, მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად. სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!
გთხოვთ, ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.
თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო, ამბობს მეუღლე.
იქნებ შევძლოთ დახმარება! ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები!
მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერ სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ, მხოლოდ ის შემიძლია რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით!იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას" - წერს მაკა რაზმაძე.
AMBEBI.GE ამის შემდეგ მსახიობ ზურა ყიფშიძეს დაუკავშირდა და სთხოვა, მოეთხრო, რა პრობლემის წინაშეა მათი ოჯახი.
ზურა ყიფშიძე:
- მოტყუებულია ჩემი ცოლი და მისი და. ეს ამბავი რამდენიმე წლის მერე გავიგე. მოკლედ, ქალებს უნდოდათ, კარგი საქმის გაკეთება - სილამაზის სალონი და მაღაზია გაეხსნათ. ენდნენ ვიღაცას, იმათ ჩუმად შეუცურეს ისეთი რამ, რაზეც ხელი მოაწერინეს, რითაც გამოვიდა, რომ უფლებები სხვას მისცეს. არა მარტო ეს ბინა, კიდევ სხვა ადამიანების ბინებია ასე ჩადებული. არ გადაიხადეს და იმან ადგა და ბინა გაყიდა. შვედმა და ერთდროულად საქართველოს მოქალაქემ, ნახევარ ფასად 12 თვის მაგივრად, ერთ კვირაში იყიდა. ფაქტობრივად, მოატყუეს ჩემი ცოლი და მისი და - ბინა გაქრა და დარჩნენ ყველაფრის გარეშე.