დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის პროდუქტები - მობილური ტელეფონები, პლანშეტები, კომპიუტერები და სხვა - ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უქვეითებენ აზროვნების უნარს, აკარგვინებენ კითხვისა თუ წერის ხალისს, აჩვევენ უმოძრაობას და ა.შ. ალბათ, მართლაც არსებობს არგუმენტები ამ მოსაზრებისთვის ზურგის გასამაგრებლად, მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებთ, თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბავშვებში კითხვისა და წერის ფუნდამენტური უნარების განსავითარებლად. სმარტფონის საგანმანათლებლო აპლიკაციები, შესაძლებელია, გახდეს ღირებული ინსტრუმენტი მოსწავლეთა ჩართულობისა და ინტერესის გასაზრდელად.
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მობილური აპლიკაცია "დაწერე რამე" ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მიზნით გამოყენების საუკეთესო მაგალითია. დაწყებითი კლასების მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გაძლიერების, კითხვისა და წერის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით, USAID საბაზისო განათლების პროგრამამ, გამომცემლობა სიესტას მხარდაჭერით, აპლიკაციის "დაწერე რამე" გამოყენებით შექმნილი მხატვრული ტექსტების კონკურსი ჩაატარა.
კონკურსის პირველ ეტაპზე კონკურსის ჟიურიმ 13 საუკეთესო ტექსტი გამოავლინა, საიდანაც საბოლოოდ 5 გამარჯვებული დასახელდა. გამარჯვებული ტექსტებიდან 4 ქართულ, ხოლო 1 - აზერბაიჯანულ ენაზეა დაწერილი.
კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
- ნატალი ბერუაშვილი, მე-5 კლასი, გორის N7 საჯარო სკოლა - „გვირილის ამბავი"
- გიორგი რაზმაძე, მე-5 კლასი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლა - „ჭორიკანა ჭიაყელას ამბავი"
- ნია მაცხონაშვილი, მე-4 კლასი, თბილისის N182 საჯარო სკოლა - „მოცეკვავე ფეხსაცმელი"
- მარიამ სანიკიანი, მე-6 კლასი, ქუთაისის N23 საჯარო სკოლა - „მხატვარი ალბერტო"
- აიშა ოჯახვერდიევა, მე-6 კლასი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საჯარო სკოლა - „დათვის ბელი"
ნენსი პარქსი, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი:
"როცა მოზარდი თვითონ ქმნის რამეს, ამ შემთხვევაში ტექსტს, ის სწავლობს ხალისით და მეტის გაგების, აღმოჩენის სურვილი უჩნდება. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენმა კონკურსანტებმა არასდროს შეწყვიტონ წერა, რადგან ეს პიროვნული განვითარებისა და თვითგამოხატვის საუკეთესო გზაა!".
დავით კაკაბაძე, გამომცემლობა "სიესტას" დამფუძნებელი:
"მობილური აპლიკაცია, რომელიც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის თაოსნობით შეიქმნა, საუკეთესო მაგალითის იმის დასამტკიცებლად, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვებისა და მოზარდების გონებრივი უნარების, ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების განვითარების სამსახურში შეიძლება ჩავაყენოთ. ასე რომ, დიდი მადლობა აპლიკაციის შემქმნელებს. უმთავრესი და ყველაზე დიდი მადლობა ბავშვებს - კონკურსის მონაწილეებს, რომლებმაც ჟიურის სამსჯავროზე თავიანთ ნაშრომები წარმოადგინეს. გამარჯვებულ ხუთეულს სულითა და გულით ვულოცავ და სამომავლო საქმიანობაში (მწერლობასა თუ ნებისმიერ სხვაში) დიდ წარმატებებს ვუსურვებ".
ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ჩამოტვირტვა ანდროიდის სისტემის მობილურებისთვის:
https://play.google.com/store/apps/details?id=com.basiceducationprogram&fbclid=IwAR3p7Jez1sK6nehcJDOVbn2OPASrQ_3-KvKLxFG5dHurttriRq83DryiCPw