საქართველოში 12-15 წლის ბავშვების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დასაშვები გახდა. შესაბამისად, მშობლებს მეტი კითხვაც უჩნდებათ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე 12-15 წლის ბავშვებში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვებს "იმედის დილის" ეთერში პასუხობს.
მისი თქმით, ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინაციის გამოცდილება ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან დააგროვა.
„ბევრმა ქვეყანამ 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია მაისში დაიწყო, რათა ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვები მზად ყოფილიყვნენ. ასეთი იყო კანადა, აშშ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა. სექტემბერს ამ ბავშვების 60%-ზე მეტი ვაქცინირებული შეხვდა. ბევრმა ქვეყანამ უკვე მოზარდთა 80%-ზე მეტი აცრა. აშშ-მა კი 5-12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციაც დაიწყო. ჩინეთში 3 წლიდან ცრიან, კუბაში - 2 წლიდან. ანუ ბევრი ქვეყანაა, სადაც ბავშვების ვაქცინაცია გაზაფხულიდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. ახლა ჩვენც შევუერთდით მას“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კითხვაზე, რა რისკსა და სარგებელს აჩვენებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებში, ივანე ჩხაიძე პასუხობს, რომ სარგებელი 100%-იანია, რისკფაქტორები კი არ გამოვლენილა.
„ერთ-ერთი პირველი კვლევა, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, ადასტურებდა, რომ ვაქცინამ ბავშვებში 100%-იანი დაცვა აჩვენა. ანუ კვლევაში მონაწილე 2500 ბავშვიდან კორონავირუსი არცერთს არ დაემართა. უსაფრთხოების მაჩვენებელიც ძალიან მაღალაი იყო, რადგან არც ერთ ბავშვთან არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენა“ - განაცხადა ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყების დღიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში 90 ათას ბავშვს დაუდასტურდა კოვიდი.
„რაც ყველაზე არასასიამოვნოა, იზრდება საერთო ინფიცირებულებში ბავშვების ხვედრითი წილი. თუ ნოემბერში დადასტურებული შემთხვევების 5% მოდიოდა ბავშვებზე, გაზაფხულზე ეს ციფრი 10%-მდე გაიზარდა, ახლა კი ყოველდღიური დადასტურებული შემთხვევების 15% ბავშვებზე მოდის. ანუ ყველა 100 ინფიცირებულიდან 15 ბავშვია, რაც ვირუსის მუტაციის შედეგია“ - აღნიშნა ჩხაიძემ, რომლის თქმითაც, ბავშვების 90%-ზე მეტი ოჯახური კონტაქტებით ინფიცირდება.
მან კორონავირუსის შემდგომ გართულებებზეც ისაუბრა, რაც ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომით ვლინდება.
„კოვიდის შემდგომი მულტისისტემური ანთების შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე და საყურადღებოა, რომ ყველა შემთხვევა მოითხოვს სტაციონარში მკურნალობას. სჭირდებათ ბევრი სპეციალისტის ჩართვა და საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობა. ამჟამად 3 ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში. ასეთი პაციენტების ნაკადი ქვეყანაში ინფიცირების ზოგად მაჩვენებელზეა დამოკიდებული. ქვეყანაში ინფიცირების პიკს 4-6 კვირაში მოჰყვება ჩვენთან ამ ბავშვების მატების პიკი. კორონავირუსის მწვავე მიმდინარეობის დროს კი საქართველოში ბავშვების 93% სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებს.“ - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.