გთავაზობთ მკითხველის წერილს ხარჩოს რეცეპტთან ერთად:
ხარჩო მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის მოხვდაო და გადავწყვიტე, ჩემი რეცეპტი გაგიზიაროთ. აქამდეც ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახური სადილი იყო და ახლა მეტი მოტივაცია მომეცა მის მოსამზადებლად.
ეს კერძი მოსახერხებელია იმითაც, რომ ძვლიანი ნაჭრებიც გამოიყენება. მოგეხსენებათ, ხორცის ფასი ისე გაიზარდა, რომ ადამიანებს მხოლოდ რბილი ნაჭრების ყიდვის საშუალება არ აქვთ. მე თუ მკითხავთ, ძვლიანით უფრო გემრიელი გამოდის.
დაგჭირდებათ:
1 კილოგრამი საქონლის ხორცი (გნებავთ ძვლიანი, გნებავთ - რბილი) 2-3 თავი ხახვი ბრინჯი 170 გრამი ქინძი ერთი კონა პამიდორი ან ტომატი გემოვნებით უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო სუფრის კოვზი. თუ გამზადებული ხარჩოს სუნელი გაქვთ, 2-3 სუფრის კოვზი გამოიყენეთ. ნიორი 2 კბილი დაფნის ფოთოლი მარილი, პილპილი, დაღერღილი წიწაკა - გემოვნებით. მომზადება:
ხორცს პირველი ნახარში გადაუღვარეთ. თუ ძვლიანი ნაჭერია, მოხარშეთ იმ დონემდე, რომ ძვლები ადვილად დასცვივდეს. ხარშვაში ჩააყოლეთ 1 ცალი დაფნის ფოთოლი და 1 ჩაის კოვზი მარილი.
მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი იქამდე, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. დაასხით ხორცის ბულიონი (შეგიძლიათ ნახევარი წილი ბულიონი გამოიყენოთ, ნახევარი - წყალი. გააჩნია, ზოგი ნახარშების მიმართ უარყოფითადაა განწყობილი).
ჩაყარეთ ბრინჯი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით (არ დაგავიწყდეთ, რომ მამრილის მცირე დოზა უკვე არის ბულიონში). ბრინჯი კარგად უნდა მოიხარშოს. ამის შემდეგ დაამატეთ ძვლებისგან გამოცალკევებული ხორცის ნაჭრები, ტომატი, დაჭრილი ქინძი, ნიორი და სუნელები. გასინჯეთ და თუ თქვენთვის საკმარისად სურნელოვანი არ არის, სუნელები დაამატეთ. მოგეხსენებათ, როცა სუნელებს ვყიდულობთ, ყველა ერთნაირად მძაფრი არ არის. ამიტომ რეცეპტში მიმთითებული რაოდენობა საორიენტაციოა, კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, დამატება აუცილებელიც იყოს.