"ან უნდა იტიროს, ან უნდა დაწეროს... თვალებში მიყურებს და უცებ იწყებს ტირილს..." "რატომ წავიდა მამა, ჯერ ადრე იყო... ყველაზე კარგი ის არის, რომ მაინც აქაა მამა, რომ ასეთი კარგია... ვერ დავივიწყებ დღესაც...", "როგორც ხედავ, დედიკო, მზე ისეთი ლამაზია, როგორც შენ... წვიმა და მზე შენთვის ულამაზეს ცისარტყელას აკეთებენ... და შენ ულამაზეს ცისარტყელაში დგახარ...", "საქართველო ისეთი ლამაზია, როგორც ვარდი, ისეთი პატარაა, როგორც ფანდური, ისე ცოტაა ადამიანი აქ, როგორც გიტარის სიმები..." - ამ და ამის მსგავს ჩანაწერებს 7 წლის გიორგი ბაზღაძე ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს უწოდებს. თუმცა სინამდვილეში ეს მისი დღიურებია, რომლებსაც ყოველდღე წერს და როგორც ამბობს, როცა წერს, თავისუფლდება - სადღაც გულთან და თავთან უთავისუფლდება სიმძიმე, რომელსაც გრძნობს. გიორგის დედაც ამბობს, რომ არ დაწეროს, ალბათ უნდა იტიროსო - საოცრად მგრძნობიარე ბავშვია და ყველაფერს განიცდისო. "თვალებში მიყურებს და მოულოდნელად შეიძლება ატირდეს... მერე მიდის და წერს..."
თავდაპირველად სწორედ გიორგის განცდებსა და მის ემოციურ ნაწერებზე გვინდოდა საუბარი, თუმცა დედამისთან - თეა წიკლაურთან მისულს, ჩვენი მკითხველისთვის გაცილებით აქტუალური და ემოციური თემა დაგვხვდა. სამი შვილის დედა უკვე 6 წელია დედაც არის და მამაც თავისი შვილებისთვის, ბავშვების მამა კი მეექვსე წელია ემიგრაციაშია და ბიჭები მამის მონატრებას სხვადასხვანაირად გამოხატავენ. ალბათ სწორედ ამან დააწყებინა წერა გიორგისაც, რომლისთვისაც დედა ყველაზე მთავარი არსებაა დედამიწაზე, მით უმეტეს, როცა მამის დეფიციტი აქვს.
მოვუსმინოთ გიორგის და მის დედიკოს და გავიგოთ, როგორია, როცა მამა სკაიპით აძლევს რჩევებს ვაჟებს და როცა წლები ვირტუალურ ურთიერთობაში გადის.
თეა წიკლაური:
- ჯერ გიორგიზე გვიამბეთ, როგორი ბიჭია და რამდენი ხანია, ასე გამოხატავს თავის ემოციებს და განცდებს?
- ძალიან მგრძნობიარეა. მიზეზის გარეშე შეუძლია ასე იტიროს. ვეუბნები, რამე სიზმარს ხედავ-თქო? არაო... ჩემზე განსაკუთრებით იწყებს ტირილს, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდაო, ხშირად ამბობს... როგორც ჩანს, მამის დეფიციტის გამო კიდევ უფრო მომეკედლა და ჩემზე გადმოიტანა ყველა აქცენტი.... მე დედაც ვარ და მამაც ამათთვის... ვეუბნები, მე ხომ აქ ვარ. არსად არ მივდივარ... მერე აეცრემლება თვალები, გავა, დაწერს რაღაცას და მოეშვება.
- ასეთი ემოციური რომაა, ალბათ ცდილობთ მოარიდოთ თქვენ გარშემო არსებულ ნეგატიურ ემოციას?
- რასაც მე განვიცდი, ისიც ასევე განიცდის. მაგალითად, რუსები რომ მოუახლოვდნენ საქართველოს საზღვარს, ისე ნერვიულობდა, ადგილს ვერ პოულობდა. ეტყობა, ჩემმა ემოციებმაც იმოქმედა... მერე იტირა, და რომ დავამშვიდე, გავიდა და დაწერა რაღაც საქართველოზე.
გიორგი ბაზღაძე:
- რაც სწავლა დავიწყე და ასოების წერა, იქიდან ვწერ. ტვინი მეუბნება, დაწერეო... როცა ვკითხულობ ჩემს ნაწერს მომწონს და პირველი დედას ვაჩვენებ.
- ყველაზე მეტად რაზე წერ?
- ცხოველებზე, ოჯახზე.
- რატომ გინდა, რომ წერო ოჯახზე?
- იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი ოჯახი. ყველაზე მეტად დედა მიყვარს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაზე მომიყვანა. იმიტომ, რომ მზრდის და ზრუნავს ჩემზე.
- შენ ძმებს თუ მოსწონთ, რასაც წერ, კითხულობენ?
- მოსწონთ და კითხულობენ კიდეც.
- რომ გაიზრდები ვინ უნდა გამოხვიდე?
- მწერალიც და პოეტიც.მოთხრებების წერაც მიყვარს და ლექსების წერაც.
- შენი საყვარელი წიგნი რომელია?
- ზღაპრების წიგნი, რომელიც ცხოველებზე და ოჯახის ამბეზეა დაწერილი.
- არის თუ არა ისეთი რამ, რაზეც გინდა რომ დაწერო და ჯერ არ დაგიწერია?
- პლანეტებზე მინდა დავწერო, მაგრამ ჯერ არ ვიცნობ ამ სამყაროს და ვერ ვწერ.
თეა წიკლაური:
- სხვათა შორის, ჩემი მეუღლეც წერდა ლექსებს. ალბათ მამისგან გამოყვა ბავშვს ეს ნიჭი. უფროსს, ვანოსაც კარგად გამოდის წერა, თუმცა ეს გიორგი ნამეტანი გვყავს... ამას წერა სიამოვნებს. ან უნდა იტიროს, ან უნდა დაწეროს, ან უნდა დახატოს.
- თქვენი აზრით, მამის ემიგრაციაში ყოფნამ განაპირობა გიორგის ასეთი ემოციურობა?
- ყველა ერთად რომ ვყოფილიყავით, ერთ ოჯახად, ასეთი ემოცია არ ექნებოდა, ასე მგონია. ორი წლისაც არ იყო, მამა რომ წავიდა და ფაქტობრივად, ამ რეალობაში გაიზარდა. აი, უფროსი ვანო, მამას არ ეძახდა "მამას", აქ რომ იყო, სახელით მიმართავდა. რომ წავიდა ჩემი ქმარი ემიგრაციაში, ვუთხარი, მამა დაუძახე, მამასაც ესიამოვნება-მეთქი. საკმაოდ გაუჭირდა, ვერ ეძახდა თავიდან. ერთხელაც, სკაიპში რომ ველაპარაკებოდით, უცებ ამოთქვა ეს სიტყვა და ატირდა... ყველა ერთად ვტიროდით, იქ კი მამა ცალკე ტიროდა.
შუათანა ბიჭი ცოტნე, ამ ორისგან განსხვავდება, უფრო ნაკლებად უყვარს ლაპარაკი. ერთხელ რაღაცაზე გაბუტულმა აუგი ვთქვი ქმარზე, როგორ დაგვტოვა-თქო და შემომიბრუნდა, საპირისპიროდ მითხრა: როგორი საყვარელია მამაო. ამით მიმახვედრა, რომ არ სურდა მამაზე აუგის მოსმენა. ჩემი გმირიაო მამა, ასე იძახის... ჩემი მეუღლე შვილების და ოჯახის ისეთი მოყვარული იყო, საერთოდ როგორ შეძლო წასვლა, ყველას უკვირდა, უბრალოდ სხვა გამოსავალი ვერ ნახა...
- თქვენ ალბათ ყველაზე მეტად გაგიჭირდათ - ფაქტობრივად სულ მარტო დარჩით ბავშვებთან, სამ ბიჭთან?
- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია და სულ იმას განვიცდი, რომ ჩემი მეუღლე ჩვენგან შორს არის. მე ვმონაწილეობ ბავშვების აღზრდაში, ის ამ პროცესს მოკლებულია, რაც ძალია მაწუხებს. არ მაქვს უფლება მოვდუნდე, არ მაქვს უფლება, რომ ავად გავხდე. თუთიყუშები მყავს და ყვავილებს ვუვლი, მათ ვეძახი გოგოებს და ისე ველაპარაკები, როგორც ქალებს, იმდენად სულ მამაკაცების სამყაროში ვარ.
ვანო მყავს ხოლმე ამოჩემებული და მას ველაპრაკები, მერე რომ ვხედავ, კუს თვალებით როგორ მიყურებს, ვფირობ, რომ ტყუილად ველაპრაკები... ერთადერთი სადაც ვსაუბრობ საკუთარ განცდებზე, ხატების კუთხეა და შვებას ვგრძნობ ამ დროს.
- ორი გარდამტეხ ასაკშია, რამდენად ახერხებთ მათ მართვას?
- ოღონდ მამას არ ვუთხრა და ყველაფერს მიჯერებენ. სულ ყველაფერი ჩემსა და ბიჭებს შორის იხარშება. იმდენად ერთმანეთზე ვართ გადაჯაჭვული, სულ ვფიქრობ, ცოლებს რომ მოიყვანენ, მერე რა მეშველება-თქო. და გიორგიმ მითხრა: აღლს მოგიყვან მერე და არ იქნები მარტოო...
რუსკა კილასონია