- პროფესიით ეკინომისტი ვარ (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ქიმიური ტექნოლოგია და ბიზნესი მაქვს
- თავიდანვე ფიქრობდით, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით?
- ყოველთვის მიყვარდა ბავშვები და ვფიქრობ, რომ ასეთ დიდ საჩუქარზე, რომელიც უფალმა მიწყალობა, არ შეიძლებოდა უარი მეთქვა.
- მათ აღზრდაში ვინმე გემხარებოდათ? რამდენად ძნელია მრავალშვილიანი დედობა?
- ორი შვილი ფაქტობრივად მარტომ გავზარდე, თუმცა ჩემი უახლოესი ადამიანები ყოველთვის გვერდში მედგნენ და მეხმარებოდნენ. ცხადია, მათი აღზრდა და მოვლა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან თითქმის ერთწლიანი შუალედი უფროსებს შორის. ძნელია გამკლავება მით უფრო ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც თვითონ საჭიროებ მოვლას. ამ დროს კი იმდენი ღამის თენება გჭირდება, რომ ხანდახან ისიც კი მავიწყდებოდა, რომელი საათი იყო, რა დღე იყო ან რა რიცხვი. მაგრამ მათი სიყვარული უსაზღვროდ დიდ ძალას მაძლევდა.
- ახალგაზრდა ხართ, ალბათ კიდევ აპირებთ ოჯახის გადიდებას?
- ცხადია... განა არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება?

- დღეს ბაღის დირექტორი ხართ, ალბათ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ. შვილებს რა დროს უთმობთ? როგორ ახერხებთ მათ მოვლას?
- ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გინდა, რომ შენი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინო, ოჯახის გარე სამყაროშიც. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად გათვალო დრო და მას არ ჩამორჩე. ასე გაცილებით მარტივი ხდება ერთდროულად რამდენიმე საქმის შეთავსება.
- რას ეტყვით დედებს, ვისაც კარიერული წინსვლა სურს და ამას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს?
- დედობა ხომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად - ბედნიერება. ჩვენ ხომ ეს შევძელით? ჰოდა სხვა დანარჩენიც გამოგვივა. წარმატების საიდუმლო დაუღალავი შრომა, მიზანდასახულობა და დროის სწორად გათვლაა.
ჩემმა შვილებმა დიდი გამოცდილება შემმატეს. მასწავლეს დროის სწორად წარმართვა, დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარული მთლიანად სამყაროს წინაშე, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და მივხვდი, რომ რაც უფრო მეტს გავცემ, უკანვეც იმას მივიღებთ. ენერგიას, სიყვარულს, სიცოცხლის ხალისს.
- რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც საბავშვო ბაღის გახსნა?
- ჩემი მეორე ნაკადი, როგორც ვეძახი ხოლმე ჩემს უმცროს შვილებს - იოანე და მათე, ჩემს ბაღში დადიან, ჩემს უსაყვარლეს აღსაზრდელებთან ერთად. ბაღი ჩვენი და ყველა აღსაზრდელის მეორე სახლია, სადაც ვფიქრობ, რომ ყველას ღირსეულად ვუნაწილებთ სითბოს და სიყვარულს. მე და ჩემი პატარები ხშირად ვატარებთ დროს ერთად. ერთად ვიღებთ მონაწილეობას ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ხატვა და არტთერაპია (სამკურნალო თიხაზე ძერწვის ხელოვნება), რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის შინაგანი სამყოროს გამოსახატავად. ამავდროულად ვეუფლებით ხელოვნებასაც. მე ჩემს შვილებთან და სხვა აღსაზრდელებთან ერთად ვარ ჩართული ყველა პროცესში და ეს უზომოდ საინტერესო და სახალისოა.

- რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა ბავშვებთან მუშაობა? მრავალშვილიანი დედის გამოცდილება გამოგადგათ ამ საქმეში?
- რასაკვირველია, უზომოდ გამომადგა. ჩემი აღსაზრდელების მშობლები ხშირად მეკითხებიან რჩევებს ტემპერატურასთან, გაციებასთან, სხვადასხვა ვირუსთან თუ ელემენტარულ აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან მენდობიან. მათთვის ის ფაქტორი, რომ მე თავადაც დედა ვარ, რომ მათი შვილების თანატოლები არიან ჩემებიც და მათი შვილების გვერდით იზრდებიან, ალბათ კიდევ დამატებითი ნდობის ფაქტორიცაა.
თან ჩემთან ბაღში ონლაინრეჟიმში გვაქვს კამერები დაყენებული და თავად უყურებენ მშობლები, როგორ გარემოში არიან მათი პატარები. რა თქმა უნდა, ესეც დამატებით ნდობას ქმნის.
- რას ურჩევთ მრავალშვილიან დედებს?
- ყველა მრავალშვილიან დედას მივესალმები დიდი სიყვარულით. ეს ნამდვილად არ გახლავთ მარტივი. ვუსურვებ გამძლეობას ამ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე. თქვენ ნამდვილად ღირსეული დედები ხართ, ქვეყნის და ერის წინაშე.