რამდენიმე კარგი იდეა, რომ პატარამ სახლში არ მოიწყინოს ბავშვები სავსენი არიან ენერგიით. მათ გამუდმებით უნდათ თამაში, სირბილი, გართობა და განვითარება. დაგვეთანხმებით, რომ მუდმივად გარეთ ყოფნა და სეირნობა შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს დედიკოც იღლება ხოლმე, ან უბრალოდ, ცუდი ამინდია. ბავშვებს კი გართობას ვერსად დაუშლი, ამიტომ სახლის პირობებში ხანდახან ძალიან რთულია ბავშვის თამაში ისე, რომ არაფერი გაფუჭდეს და გატყდეს. რა სახის აქტივობებს შეიძლება მივმართოთ, რომ ბავშვიც კმაყოფილი იყოს და არც არაფერი გავაფუჭოთ?
ჯერ ახალგაზრდა ქართველ დედებს მოვუსმინოთ, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ, მერე კი ფსიქოლოგებსაც დავეკითხოთ.
თამო, 23 წლის, 1 წლისა და 3 თვის ანის დედიკო:
- ანის უყვარს სათამაშოების დაძინება. აჭმევს და ხანდახან ურტყამს კიდეც. აქვს სათამაშო სასახლე დიდი ფანჯრებით. უყვარს ამ ფანჯრებში სხვადახვა ნივთის ჩატენვა. თმას მვარცხნის. ხან იატაკს გვის და ხან მტვრებს წმენდს სველი ხელსახოცით. უყვარს წიგნების თვალიერება. თამაშობს დაძინობანას: დებს თავს ბალიშზე და ვითომ იძინებს და მღერის ნანას. უყვარს კბილების გახეხვა, ამ დროსაც კარგად ერთობა, რადგან კბილის პასტას ჭამს. დაჭერობანასაც ვთამაშობთ. ძირითადად მე მბაძავს, რასაც ვაკეთებ, ცდილობს, რომ გაიმეოროს. მულტფილმები უყვარს, მაგრამ იშვიათად უყურებს. უყვარს, როცა სასაცილო ხმებს გამოვცემ, ხან ძაღლი ვარ და ხარ ძროხა. ასე ვერთობით სახლის პირობებში.
თაკო, 24 წლის, 3 წლის ტასოს და თითქმის 2 წლის ნიკოლოზის დედიკო:
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სათამაშო აქვთ, საერთოდ არ ეკარებიან. ძირითადად ქვაბებით, დაფებით ჭიქებით, ზოგადად ჯამ-ჭურჭელით უყვართ თამაში.
3 წლის ბავშვი სახლის პირობებში შეგვიძლია გავართოთ ხატვით, სხვადასხვა გასაფერადებლით, ინტელექტუალური თამაშებით, ჟურნალებით, წიგნებით. ჩემი აზრით, არ უნდა დავუშალოთ ის, რისი კეთებაც მოსწონთ, მთავარია მტვრევაში და მსხვრევაში არ გადავიდეს ეს გართობა. ერთმანეთთან კარგად ერთობიან, მაგრამ აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში რომელიმე მშობელმა დრო გამონახოს ბავშვებთან სათამაშოდ.
სალომე, 26 წლის, 1 წლისა და 11 თვის ნინიას დედიკო:
- ჩვენ გვიყვარს კუბიკებით მაღალი სახლების აწყობა, რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს. ნინიას პაზლების აწყობაც მოსწონს. სახლში წიგნებს ვკითხულობთ ხოლმე, ძალიან უყვარს ჭურჭლით თამაში. არაფერს არ აფუჭებს და არ ამტვრევს.
ანა, 26 წლის, 2 წლის ლუკას დედიკო:
- უყვარს კუბიკებით თამაში, სათამაშოების დაპურება. აიღებს კოვზს და ყველას სათითაოდ აჭმევს. გვაქვს ამორჩეული ადგილი, იქ ვსხდებით და ვთამაშობთ. მარტო თამაში არ უყვარს, უნდა, რომ სულ მის გვერდით ვიყო. ჩვენი დინჯი თამაში დაახლოებით ერთი საათი გრძელდება. შემდეგ კი იწყება აქტიური თამაშები - მუსიკის ფონზე ცეკვა, კუბიკების აწყობა და მერე დანგრევა, დაჭერობანა, დახუჭობანა. გვიყვარს მულტფილმები, მაგრამ ბოროტი დედიკო ამჯობინებს წიგნების კითხვას და ინტელექტუალურ თამაშებს.
ფსიქოლოგები სახლის პირობებში შემდეგ თამაშებს გვთავაზობენ:
ამოირჩიეთ ერთი რომელიმე ოთახი, აალაგეთ მსხვრევადი ნივთები, დაასუფთავეთ სველი წესით, ავეჯი მიდგით კედელთან, რათა გამოჩნდეს მაქსიმალური ფართი. შესთავაზეთ პატარას თამაში სახელწოდებით „გუბეები“ და „ჭაობი“. აუხსენით თამაშის წესები: ქაღალდის ფურცლები დაალაგეთ იატაკზე და დაარქვით მას გუბეები. სთხოვეთ, ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში ისე გადაადგილდეს ,რომ არ დააბიჯოს ფეხი „გუბეებს“. შემდეგ შეცვალეთ თამაშის წესი: აუხსენით, რომ ოთახი ჭაობია, ხოლო ფურცლები გადასარჩენი ფირფიტები. ამ შემთხვევაში ფეხის დაბიჯება შეიძლება მხოლოდ ფურცლებზე - ეს თამაში ბავშვს ყურადღებას განუვითარებს.
შემდეგი თამაშია - „მეძებარა“. დამალეთ თქვენი მობილური, შემდეგ დარეკეთ სხვა ტელეფონიდან და უთხარით ბავშვს, ზარის მიხედვით იპოვოს იგი. თუ ეს ადვილად გამოუვა, მაშინ შეცვალეთ თამაშის წესი და ზარის ხმაზე, როდესაც ტელეფონს მიუახლოვდება, უთხარით - „ცხელა“, თუ მისგან შორსაა - „ცივა“. ამით ბავშვს გაუმახვილდება სმენა.
კარგი თამაშია „მიზანში სროლა“ - ოთახის ბოლოში დადგით ყუთი ან კალათი და სთხოვეთ ბავშვს, ჩააგდოს ბურთი კალათში. დისტანცია ნელ-ნელა, ასაკის მიხედვით შეგიძლიათ გაართულოთ ან გააიოლოთ წესები.
შეაქეთ და წაახალისეთ პატარა. დახატეთ, ითამაშეთ პლასტელინით, ააწყვეთ პაზლები, წაიკითხეთ წიგნები. ეცადეთ, მასალა, რომლითაც ბავშვი ითამაშებს, უსაფრთხო იყოს ჯანმრთელობისთვის. იყიდეთ ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი სათამაშოები, ჟურნალები. თუ ერთი და იგივე საგნებით თამაში მობეზრდა, დროებით გადამალეთ და ცოტა ხნის მერე გამოიჩინეთ კარგად დავიწყებული ძველი სათამაშოები. გახსოვდეთ, რომ ბავშვი თამაშის დროს ვითარდება. დაუჯექით და ერთად გაერთეთ. როგორც ყველაფერს, ისე თამაშსაც სწავლა სჭირდება. როდესაც დაამთავრებთ სახალისო თამაშებს, არ დაგავიწყდეთ ხელების დაბანა. ერთად მიალაგეთ ოთახი, დახმარება პატარას სთხოვეთ, რომ მასაც გამოუმუშავდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ისწავლოს წესრიგი. ამის შემდეგ შეაქეთ და მოეფერეთ.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ