სოფელში ან აგარაკზე გამგზავრება შეიძლება ბავშვის ინტელექტისთვის ძალიან ბევრის მიმცემი აღმოჩნდეს ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი სეზონია ბავშვის თვალსაწიერის გასაფართოვებლად. გრძელი დღეები, თბილი საღამოები, შესანიშნავი განწყობა, ამწვანებული არემარე - ბავშვის განვითარებისთვის ამაზე შესაფერისი პერიოდი ძნელად მოიძებნება.
სოფელში ან აგარაკზე გამგზავრება შეიძლება ბავშვის ინტელექტისთვის ძალიან ბევრის მიმცემი აღმოჩნდეს. სუფთა ჰერზე თამაში და სოფლის ეზოში ბავშვური საქმიანობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე სახელმძღვანელოებში ქექვა. ბუნების შესწავლა ზაფხულშია ყველაზე საინტერესო. დაათვალიერებინეთ ბავშვს, რა იზრდება ან რა არსებები ბინადრობენ ეზოში. ერთად იმსჯელეთ, ამ მცენარეებიდან რას ვიყენებთ საჭმელად, რას ჭამს ადამიანი და რას ვაჭმევთ ცხოველებს. რომელი არსება დაფრინავს, რომელი დაცოცავს და ასე შემდეგ. რეალობიდან აღქმული გაკვეთილი მას არასდროს დაავიწყდება.
მაშ ასე, უკვე სოფელში ან აგარაკზე იმყოფებით. რაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ მაქსიმალური განმავითარებელი ეფექტი მივიღოთ? თემები, რასაც ამჯერად შემოგათავაზებთ, სკოლამდელი ან დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვისთვის არის განკუთვნილი.
სახლი
ესაუბრეთ ბავშვს, რა განსხვავებაა ქალაქურ სახლსა და სოფლის სახლს შორის. აცადეთ, თავად გააკეთოს დასკვნები და უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს:
1. რამდენსართულიანია ქალაქის სახლი და რამდენი სართულია სოფლის სახლში? რა მოწყობილობა გვეხმარება, რომ მაღალ სართულზე ავიდეთ. არის სოფელში ლიფტი? როგორ ფიქრობ, რატომ?
2. რატომ თბილა ზამთრობით ქალაქის სახლში? როგორ ათბობენ სოფლის სახლს? თუ სახლში შეშის ღუმელია, აუცილებლად დაათვალიერეთ ბავშვთან ერთად. თან აუხსენით, როგორ "მუშაობს" ეს მოწყობილობა.
3. ქალაქის სახლში წყალი მხოლოდ ონკანიდან მოდის. სოფელში? თუ სიახლოვეს ჭა ან წყაროა, აჩვენეთ და ესაუბრეთ მის შესახებ.
მოძებნეთ სოფლისა და ქალაქის სახლებს შორის ერთნაირი და განსხვავებული ნიშნები. ამ განსხვავებების ძებნა ბავშვს აზროვნებას, ყურადღებას, მეხსიერებასა და დაკვირვების უნარს განუვითარებს. ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა კი მისი ლექსიკური მარაგისთვის შესანიშნავი ვარჯიში იქნება.
შინაური ცხოველები
ბავშვისთვის ყველაზე საინტერესო დაკვირვების ობიექტი სწორედ შინაური ცხოველებია. ძალიან გაგიმართლებთ, თუ შინაური ცხოველებით გარემოცულ ეზოში აღმოჩნდებით. ჩამოთვალეთ ყველას სახელი, რომელ ცხოველსაც დაინახავთ. სთხოვეთ ბავშვს, აღწეროს იგი. ითამაშეთ "გამოიცანი ცხოველი თვისებების მიხედვით". ესაუბრეთ შინაური და გარეული ცხოველების განსხვავებებზე. როგორ ცხოვრობენ ისინი, რომ ადამიანმა ძალიან დიდი ხნის წინ მოაშინაურა და დაიმეგობრა ზოგიერთი ცხოველი, რომლებსაც ადამიანისთვის სარგებლობა მოაქვთ. პატრონი კი მათზე ზრუნავს.
აჩვენეთ, როგორ აჭმევენ ცხოველებს. ამ პროცესზე დასწრებაც თქვენთვის თუ არა, ბავშვისთვის ნამდვილად საინტერესო და სახალისო იქნება.
ბაღჩეული მცენარეები
ასწავლეთ ბავშვს მათი ცნობა. უამბეთ მათი სასარგებლო თვისებების შესახებ. თქვენი ნაამბობი პატარასაც გაამეორებინეთ. ამით მეტყველებას განუვითარებთ. თუ ბავშვი რამდენიმე თვეს გაატარებს სოფელში, შეგიძლიათ დაკვირვებაც მოაწყთ, როგორ გაიზარდა ესა თუ ის ბაღჩეული. აუხსენით, რომ ბოსტნეულს ადამიანი თესავს, რომ თესვიდან ნაყოფის მიღებამდე დრო უნდა გავიდეს და ა. შ.
კარგი იქნება, თუ მცენარეებს ზრდის პროცესში ფოტოებსაც გადაუღებთ და მოგვიანებით ბავშვს დაბეჭდილი ფოტოების თანმიმდევრობით დალაგებას სთხოვთ.
გვერწმუნეთ, ასეთი გაკვეთილების შემდეგ ბაღსა თუ სკოლაში დაბრუნებული თქვენი შვიილი თავისი ცოდნით ნამდვილად გააოცებს მასწავლებლებს.