როგორ უნდა ხატოთ ბავშვთან ერთად და როგორ შეაყვაროთ ეს შემოქმედებითი პროცესი
ხატვა ბავშვს უვითარებს არა მარტო წარმოსახვას, არამედ მეტყველებას, აზრის გადმოცემის უნარს. მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ ხატოთ ბავშვთან ერთად და როგორ შეაყვაროთ ეს შემოქმედებითი პროცესი.
პირველი ცდა
დაასველეთ ღრუბელი წყალში, ოდნავ გაწურეთ, აიღეთ ფურცელი და ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გაჟღინთეთ ისე, რომ გუბე არ დადგეს. გახსენით ფერადი ტუში და დააწვეთეთ ერთი წვეთი დასველებულ ფურცელზე. რამდენიმე ხნის შემდეგ შეცვალეთ ტუშის ფერი. სველ ფურცელზე ფერები ლამაზად შეერევა ერთმანეთს. თუ ბავშვმა მოინდომა დამოუკიდებლად გაიმეოროს იგივე - ნუ დაუშლით, დაე სცადოს.
ვაგრძელებთ ექსპერიმენტს
კიდევ გაავლეთ სველი ღრუბელი ფურცელზე. სთხოვეთ ბავშვს ფლაკონიდან გამოუშვას ძალიან ცოტა საღებავი დასველებულ ხაზზე. იგი თვალს ადევნებს პროცესს, თუ როგორ იბადება ნახატი, ფურცლის საბოლოო გაშრობამდე. ამ დროს ვითარდება ხელის მოტორიკაც.
აბსტრაქტული ნახატი დროთა განმავლობაში კონკრეტულ ფიგურებად გარდაიქმნება. აუცილებელია ხატვის დროს უფროსის ხმოვანი გაფორმება: მაგალითად, მზის ხატვისას ეუბნებით: „ანათე, ანათე, მზეო, არ ჩაქრე“, თუ პატარა ზომის მზეს ხატავს - ელაპარაკეთ ჩუმად, ზომის მომატების შემთხვევაში - ტონი გააძლიერეთ.
ფერებით თამაში
ამისათვის დაგჭირდებთ: ღრუბელი, წყლიანი ქილა, ფერადი ტუშის საღებავი, აკვარელის ან გუაშის საღებავი. კარგად გაჟღინთეთ ქაღალდი (სასურველია А4 ფორმატის ფურცელი), კარგად გაწურეთ ღრუბელი და მასზე ფუნჯით გადაუსვით სხვადასხვა ფერის საღებავი. შემდეგ ეს ღრუბელი გადაუსვით უკვე დასველებულ ფურცელს- ერთი ხელის მოსმით თქვენ მიიღებთ ცისარტყელას...
ასევე ფერადი ღრუბლის დახმარებით თქვენს ფურცელზე შეიძლება გაჩნდნენ: პეპლები, თევზები, ყვავილები და ვინ მოსთვლის კიდევ რა. შეგიძლიათ „ ხატოთ“ ჭარხლის ნაჭრით, სტაფილოთი, სხვადასხვა ფერადი ხილით, განსაკუთრებით ზაფხულში. შეგიძლიათ დაიხმაროთ პიპეტი - ფერების ამოსაღებად და ფურცელზე დასაწვეთებლად.
დახატეთ მზე თქვენს პატარასთან ერთად
ნახატი სრულდება ყვითელი საღებავითა და წითელი ტუშით; წრე იქნება წითელი, ხოლო სხივები - ყვითელი. შეგიძლიათ მთელი ფურცელი გაავსოთ დიდი და პატარა მზეებით.
წვიმა და ღრუბელი
დასველებულ ფურცელზე გაავლეთ მუქი ლურჯი ღრუბლის ზოლი, მის ქვემოთ კი - დააწვეთეთ ფერად-ფერადი წვიმის წვეთები.
ბავშვის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს, თქვენ კი მიეხმარეთ მის განხორციელებაში.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ