ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო აღაფრთოვანა 1864 წლის 26 ივლისს ლორდ ედუარდ გლენარვანის გემ "დუნკანის" მეზღვაურებმა ჩაქუჩა ზვიგენი დაიჭირეს, რომლის შიგნითაც აღმოაჩინეს ბოთლი სამ ენაზე დაწერილი წერილებით: ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ. მართალია, წყალს გაეფუჭებინა ტექსტი, თუმცა მაინც გაარჩიეს, რომ ხომალდ "ბრიტანიას" საშინელი კატასტროფა განუცდია, რის შემდეგაც სულ სამი ადამიანი გადარჩა ცოცხალი: კაპიტანი გრანტი და ორი მეზღვაური, და რომ მათ თავშესაფარი ჰპოვეს სადღაც სამხრეთ სივრცის 37-ე პარალელზე. ამის მეტი არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა ტექსტში...
გლენარვანმა მაშინვე გადაწყვიტა კაპიტნის საძიებლად გამგზავრება, ლედი ელენ გლენარვანისა და კაპიტან გრანტის შვილების თანხლებით, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაწყვიტეს, სახიფათო მოგზაურობაში ჩართულიყვნენ და რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, მამა ეპოვათ. ასე დაიწყო საოცარი, ემოციებითა და მძაფრი შეგრძნებებით სავსე თავგადასავალი, რომლის დასასრულს ერთგულმა შვილებმა საყვარელ მამას მიაგნეს.
ალბათ გაგახსენდათ, ეს ყველაფერი აღწერილია სათავგადასავლო ჟანრის კლასიკოსის, ჟიულ ვერნის შესანიშნავ წიგნში "კაპიტან გრანტის შვილები". ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო აღაფრთოვანა, არაერთ ქვეყანაში ფილმადაც აქციეს – მათ შორის საბჭოთა კავშირში გადაღებული ვერსიაც იყო, რომელსაც 1980-იანელთა თაობა საოცარი განცდებით უყურებდა. ეს არის საოცრად თავშესაქცევი და მძაფრსიუჟეტიანი ამბავი, რომელიც დიდსაც დააინტერესებს და პატარასაც. განსაკუთრებით კი ალბათ ბიჭებს, რომლებიც კაპიტან გრანტის საძიებლად მის შვილებთან ერთად გაეშურებიან, წარმოსახულ სამყაროში.
უკვე შესაძლებელია, რომ გქონდეთ ეს საოცარი წიგნი ქართულ ენაზე, გასაგები ენითა და კარგად წასაკითხი შრიფტით, ისეთი, როგორიც მოზარდებს დააინტერესებს და კიდევ ერთი ცდა იქნება მათ წიგნებთან მისაბრუნებლად.
წიგნი გამოდის ჟურნალ "გზასთან" ერთად 12-დან 19 მარტამდე. წიგნის ფასი ჟურნალთან ერთად 7 ლარია.