ვუვლით, ვასწავლით, ვუფრთხილდებით და ძალიან, ძალიან ვინდომებთ, რომ წიგნების კითხვა შევაყვაროთ სანამ შვილები პატარები არიან, ყველანაირად ვცდილობთ სწორად წარვმართოთ მათი სულიერი თუ ინტელექტუალური განვითარება. არ მოვაკლოთ არაფერი, რაც მომავალში მისგან წესიერ, გონიერ და წარმატებულ პიროვნებას ჩამოაყალიბებს. რაც შეგვიძლია ვუვლით, ვასწავლით, ვუფრთხილდებით და ძალიან, ძალიან ვინდომებთ, რომ წიგნების კითხვა შევაყვაროთ. რა თქმა უნდა, წასაკითხადაც ისეთი წიგნების შერჩევა გვინდა, რაც მათთვის სასარგებლო იქნება. ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ზნეობრივ აღზრდაზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც არაერთხელ აღუნიშნავს ქადაგებებში, რომ ჭკვიანი, მაგრამ უზნეო ადამიანი უბედურებაა ოჯახისთვისაც და შეიძლება მთელი კაცობრიობისთვისაც.
ქრისტიანული აღზრდა დღეს სკოლებში დიდ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. დიდმა ქართველმა პედაგოგმა იაკობ გოგებაშვილმა კი დიდი ხნის წინ დაინახა ამის გარდაუვალი საჭიროება და ბავშვებისთვის "საღმრთო ისტორია" შექმნა. ეს ნაშრომი საბჭოთა ცენზურის გამო მიუწვდომელი იყო ქართველი საზოგადოებისთვის. 2012 წელს კი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ის გამომცემლობა "პალიტრა L"-მა დაბეჭდა და ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად გაიყიდა.
ამ პროექტმა გამოსვლისთანავე მშობლების დიდი ინტერესი გამოიწვია. წიგნები ერთ დღეში ქრებოდა დახლებიდან. რედაქციაში დღესაც უამრავი წერილი მოდის. მკითხველი გვთხოვს ამ სერიის გამეორებას. ბავშვები იზრდებიან, თაობები იცვლება, ვინც ახლა წამოიზარდა და კითხვა ისწავლა, მათ მშობლებსაც უჩნდებათ სურვილი, აზიარონ ბავშვები ამ პროექტს. სწორედ ამიტომ გამომცემლობამ გაითვალისწინა მკითხველის სურვილები და "საღმრთო ისტორიის" სერია 27 მარტიდან ახლა უკვე ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად გაიყიდება. გამოცემა ფერადი ილუსტრაციებით 24 წიგნად არის წარმოდგენილი და ყოველ პარასკევს გამოვა.
პროექტის მნიშვნელობაზე რამდენიმე კომპეტენტურ ადამიანს ვთხოვეთ კომენტარი.
დაწყებითი კლასების პედაგოგი ნინო ღვინიაშვილი:
- იაკობ გოგებაშვილი უდიდესი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იყო. ის, რაც მის კალამს ეკუთვნის, ყველაფერი უკვდავი, შეუცვლელი და აუცილებელია. მათ შორის მისი "საღმრთო ისტორიაც", სადაც ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გვაცნობს ძველსა და ახალ აღთქმას, გვაზიარებს ჭეშმარიტებას. მოხარული ვიქნები, თუ ყველა ბავშვი დიდი სიხარულითა და ინტენსივობით წაიკითხავს ამ წიგნს, რადგან სულიერი საზდო აუცილებელია ჩვენი შვილების ზნეობრივი განვითარებისთვის. წიგნებში ზნეობრივი თემები მეტად წინ უნდა იყოს წამოწეული, ეს ხომ დღევანდელი საზოგადოების სერიოზული პრობლემაა. ჩვენი სკოლის მაგალითზე არაერთხელ დავრწმუნდი, ბავშვებზე ძალიან დადებითად მოქმედებს სწორი რელიგიური აღზრდა.
ლიტერატურის მკვლევარი, ზურაბ კალანდაძე:
- "საღმრთო ისტორია" მსუბუქი, ლაკონური სტილითაა დაწერილი. აზრობრივად იმგვარადაა განვითარებული, რომ ტექსტი ადვილად გასაგები და მონათხრობი ადვილად წარმოსადგენია მოზარდისთვის. საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის ცხოვრებისეული გაგება ქრისტიანობას ეფუძნება. ამიტომაც ქრისტიანული განათლების გარეშე ქართველი მოზარდი არასრულყოფილ წარმოდგენას იღებს საკუთარი პიროვნების, თავისი ქვეყნის შესახებ, ასევე, საკუთარი ადგილის შესახებ საზოგადოებასა და მსოფლიო ცივილიზაციაში. სწორედ ამ მიზეზით შექმნა იაკობ გოგებაშვილმაც ეს ნაშრომი. მასზე საზოგადოებრივი მოთხოვნილება ძალიან დიდია. იგი რამდენჯერმე გამოიცა და მაინც ვერ აკმაყოფილებს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას. ამიტომ გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამომცემლობა "მთაწმინდასთან" შეთანხმებით გადაწყვიტა ამ ნაშრომის მასობრივი, ადვილად ხელმისაწვდომი, მხატვრული გაფორმებით გამშვენებული გამოცემა. ეს შესანიშნავი საჩუქარი იქნება ჩვენი მოზარდებისთვის.