რაზე ფიქრობენ და დარდობენ 7-8 წლის ქართველი გოგო-ბიჭები საინტერესოა, რაზე ფიქრობენ და დარდობენ, რა სწყინთ და რა უხარიათ ჩვენს პატარებს? მოგვეცა შესაძლებლობა, 7-8 წლის ქართველი გოგო-ბიჭების თავისუფალი თემებისთვის გადაგვევლო თვალი (ამისთვის მადლობას ვუხდით კერძო სკოლა „ოპიზას“, რომელმაც თავისი პატარების ნამუშევრების დათვალიერების ნება დაგვრთო). საინტერესოა, რომ ამ ასაკის პატარები, წესით რომ მხოლოდ კანფეტებსა და სათამაშოებზე უნდა ფიქრობდნენ, საკმაოდ გლობალურ საკითხებზე დარდობენ და ღელავენ. მათი გულწრფელი ნაწერებიდან მიხვდებით, რა არის მათი სადარდებელი და საფიქრალი. შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს რამდენიმე პატარის წერილებიდან:
მე ის მწყინს, რომ დედა და მამა ერთად არ არიან. ძალიან მინდა, შერიგდნენ და ერთმანეთი მოინახულონ...
მიხარია, რომ მამა ყველაფერს ყიდულობს ჩემთვის და ღარიბი არ არის, რომ მას ძალიან ვუყვარვარ. კიდევ მიხარია, რომ მამაჩემს შვილი შეეძინა – ჩემი ძმა, რომელსაც ერთად შევურჩიეთ სახელი.
ბაჩი ალბორაშვილი
გამარჯობა, მზევ! მე ვიცი, რომ მთელ დედამიწას ათბობ. ჩვენ საქართველოშიც გიცნობთ. ძალიან მოგვენატრე. გეხვეწები, ცოტა ხანს გაგვათბე. მთელ დედამიწას შესცივდა. როდისმე მოხვალ? ცოტა ხანს მოდი და ერთად გავთბეთ.
ლუკა ჩიქოვანი
მე ის მწყინს, რომ ჩვენს საქართველოს კუთხეები წაართვეს, ეკლესიები ცოტა დარჩა, ქართველები ცოტანი დარჩნენ. მწყინს, რომ ადამიანები ქურდობენ...
მიხარია, რომ ადამიანები ერთმანეთს გასაჭირში ეხმარებიან, კარგ საქციელს სჩადიან. ხანდახან მეც ვეხმარები გაჭირვებულებს, ჩემს ძმასაც ვეხმარები ხოლმე გასაჭირში.
ლუკა გიორგაძე
მე ის მწყინს, რომ ჩემი კლასელები სულ მარტყამენ. მაგალითად, ნიკა. ერთხელ ჩემს კლასელს ვეთამაშებოდი, ნიკა მოვიდა და მუშტი დამარტყა. ძალიან მეწყინა. ნიკასგან არ მოველოდი... მაგრამ მე მაინც ვურიგდები.
ის მიხარია, რომ ჩემს კლასელებთან ერთად ვთამაშობ. როცა მარტყამენ, თავიანთ დანაშაულს რომ ხვდებიან, ესეც ძალიან მიხარია.
დავით ძაძამია
მე მწყინს, რომ საქართველო ასე მცირეა! მწყინს, რომ საქართველოს ასე ჰყიდიან.
მიხარია, რომ ჩვენ ასეთი პატარა ქვეყანა ვართ და მაინც ასეთ დიდ და ძლიერ ქვეყნებს ვუგებთ. მიხარია, რომ წმინდანები ასეთი უშიშარები გვყავდნენ, მაგრამ მწყინს, რომ ისინი გარდაიცვალნენ.
ცოტნე გელაშვილი
მე მწყინს, რომ დაბადების დღეზე ძაღლი არ მიყიდეს. კიდევ ის მწყინს, რომ მეგობარს არ ვუყვარვარ - არ მემეგობრება.
მიხარია, რომ დედამ ველოსიპედი მიყიდა, იმიტომ, რომ ვისურვე და შემისრულა.
დავით ბლიაძე
იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა სახელად ნინი. მას ერთი დიდი სურვილი ჰქონდა, რომელსაც ყველას ეუბნებოდა - ის ოცნებობდა, რომ დაკარგული ტერიტორიები დაბრუნებულიყო.
ერთხელაც დაესიზმრა, რომ ნატვრა აუხდა. დაკარგული ტერიტორიები დაბრუნებულიყო, ხალხი ქუჩაში გახარებული დადიოდა. როცა გაეღვიძა, ხალხის ყვირილი მოესმა: ვაშა, ვაშა, დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნეთ!
ნინის სიხარულის ცრემლები წამოუვიდა. ხალხი კი იმ ადამიანს ეძებდა, ვინც სურვილი ჩაიფიქრა, რომ მადლობა გადაეხადა. ბოლოს იპოვეს და ეს ადამიანი ნინი ყოფილა. ის დაასაჩუქრეს.
ნეტა მართლა დაგვიბრუნდეს ჩვენი დაკარგული ტერიტორიები!
ნათია ხორბალაძე