წიგნი, რომელსაც მთელი ოჯახი სიამოვნებით კითხულობს და ათვალიერებს "პალიტრა L"-ის ახალი, დროული და აქტუალური გამოცემა - "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ტომებად, უკვე ბევრისთვის არის ნაცნობი და საყვარელი. ამ შესანიშნავი ენით დაწერილ, ლამაზად გაფორმებულ და საინტერესო წიგნებს მშობლები შვილებს უგროვებენ, ოჯახებში დიდიან-პატარიანად ყველანი კითხულობენ და ასე მომავალ თაობას აყვარებენ საქართველოს ისტორიას. ილუსტრირებული წიგნები არა მხოლოდ ბავშვებს მოსწონთ, უფროსებსაც. რაც უფრო თვალსაჩინოდ არის გადმოცემული წიგნში მოთხრობილი ამბავი, მისი წაკითხვაც მით უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. მით უმეტეს, თუ წიგნი ისეთი ძვირფასი და ღირებულია, როგორიც ეს ტომეული გახლავთ - ყველა ქართველისთვის მისი ქვეყნის ისტორია ხომ ფასდაუდებელი განძია.
"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" არა მარტო ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას, მის წარმოსახვასაც ააქტიურებს, წარსული დროის მნიშვნელოვან დეტალებს აცოცხლებს მათ თვალწინ და ამოგზაურებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.წიგნი გამდიდრებულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ამსახველი ფოტომასალით, რომელიც აქამდე არსად გამოცემულა. რვა მხატვარმა კი საგანგებოდ ამ გამოცემისთვის ახალი ილუსტრაციები შექმნა.
ამ მნიშვნელოვანმა 24-ტომეულმა უკვე მოიცვა რამდენიმე საინტერესო ეპოქა, მეფე თუ მოვლენა. ამჯერად ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეფის, ფარნავაზის ჯერი დადგა. მორიგი, მე-8 ტომი, რომელიც ტრადიციულად გაზეთ "კვირის პალიტრასან" ერთად გამოვა და 18-დან 25 მაისამდე გაიყიდება, სწორედ ფარნავაზ მეფის ეპოქას ასახავს და მკითხველს იმ დროში ამოგზაურებს. თვალს გადაავლებთ, როგორ მეფობდა დიდი მეფე, როგორ შემოვიდა ქართული ანბანი და იქცა ჩვენს უნიკალურ ფასეულობად. ამონარიდი წიგნიდან: "ლეონტი მროველი მოგვითხრობს: "და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაი ენაი ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული". ამ ცნობაში მემატიანე ყურადღებას ამახვილებს ორ დეტალზე ‒ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსზე, რომ ამიერიდან ქართლში სხვა ენაზე აღარ საუბრობდნენ, და ქართული დამწერლობის შექმნაზე".
ასე რომ, წინ საინტერესო საკითხავი, სასიამოვნო სანახაობა და დიდი მოგზაურობა გელით საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ეპოქაში.