ჰარმონიულად ავითარებს მთელ სხეულს, ამოძრავებს ყველა კუნთს ბადმინტონი – ეს თამაში ყველას გაუგონია და ალბათ ყველა თაობის წარმომადგენელს უთამაშია ბავშვობაში, ბებიების თაობიდან ჩვენი შვილების თაობის ჩათვლით. ინდოეთში დაბადებული სპორტი ჩვენთან 1960-იან წლებში შემოსულა და თითქმის ყველა სახლის ეზოში დაისადგურა ბინა. მას დღესაც თამაშობენ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ბადმინტონი სერიოზული სპორტის სახეობაა, ოლიმპიური და მისი პროფესიონალურად დაუფლება და ჩემპიონობის მოპოვებაც შეიძლება. ბევრმა მშობელმაც არ იცის, რომ სპორტის სხვა სახეობებს შორის, ამ სახეობაზეც შეიძლება ატაროს ბავშვი. საქართველოში არსებობს ბადმინტონის ფედერაცია და სპორტის ამ სახეობაზე სწორედ მის პრეზიდენტს ქალბატონ თინათინ ბაღაშვილს ვესაუბრეთ.
- საკმაოდ კარგად გამოიყურებით, ალბათ თავადაც ყოფილი სპორტსმენი ხართ...
- დიახ, მე გახლავართ საქართველოს მრავალგზის აბსოლუტური ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი და ახალგაზრდული ნაკრების წევრი და პრიზიორი. წლების წინ ეს სახეობა მართლაც მშვენივრად იყო განვითარებული ჩვენთან და ბევრი კარგი სპორსმენი გვყავდა, რომლებიც იცავდნენ საქართველოს ღირსებას საკავშირო და საერთაშორისო ღონისძიებებში, მაგრამ ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ბევრმა ბადმინტონისტმა დატოვა საქართველო და სპორტული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში გააგრძელა, რამაც ბადმინტონი გააქრო დიდი ხნით საქართველოს სპორტული არენიდან.
შარშან მარტის ბოლოს ჩატარდა ფედერაციის არჩევნები, სადაც ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად ვიყავი არჩეული და შესაბამისად ძირეულად შეიცვალა გამგეობის შემადგენლობა. ჩვენ დავსახეთ ღრმა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და მიზნად დავისახეთ ბადმინტონის კვლავ აღორძინება საქართველოში. უკვე მეორე წელია აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.
- ბევრმა არც იცის, რომ ეს ოფიციალურად არის სპორტის სახეობა, არადა, ლამის ყველა ეზოში კვლავაც თამაშობენ ბადმინტონს...
- დიახ, არ იციან, არადა 1960-იანი წლებიდან თამაშობდნენ მას საქართველოში აქტიურად და დიდი წარმატებითაც. 1968 წელს თბილისში ჩატარებულმა საბჭოთა კავშირის პირველობამ დიდი როლი ითამაშა იმ პერიოდში ბადმინტონის განვითარებაში. თბილისის გარდა, საკმაოდ კარგად იყო განვითარებული რეგიონებშიც, კერძოდ საკმაოდ ძლიერი გუნდი ყავდა ბათუმს,ქუთაისს,რომელთა ბადმინტონისტებიც იცავდნენ საქართველოს ღირსებას, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, აჭარაში ეს სპორტი მკვდარია და ვცდილობთ კვლავ დავუბრუნოთ მას ძველი ტრადიციები. ქუთაისში, თელავში გამოჩნდნენ პირველი მერცხლები, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყნის ღონისძიებებში.
მოგეხსენებათ, ბადმინტონი ოლიმპიური სპორტის სახეობაა და საკმაოდ ბევრი მედალი თამაშდება სხვადასხვა კატეგორიაში (ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში), ხოლო 2020 წელის ოლიმპიადაზე იაპონიაში პარალელურად გაიმართება პარაოლიმპიური თამაშებიც, სადაც პირველად ბადმინტონიც არის შეტანილი.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენი პროგრამა მიზნად ისახავს ბადმინტონის კვლავ აღორძინებას და განვითარებას საქართველოში, მის პოპულარიზაციას და მასობრივი სპორტის სახეობად ქცევას, რომელიც სახელოვანი და წარმატებული სპორტსმენების გარდა, მოემსახურება ჯანმრთელი თაობის აღზრდას. ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ აგრეთვე პარა-ბადმინტონის განვითარება და დიდი სურვილი მაქვს, 2020 წლის ოლიმპიადაზე ვიხილოთ საქართველოს წარმომადგენელიც.
წელს უკვე პირველ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობამ იმედი ჩაგვისახა, რომ პერსპექტიული თაობა გვეზრდება. ჩვენმა იუნიორებმა შესანიშნავად იასპარეზეს სერბეთის საერთაშორისო ტურნირზე და ჩვენმა გოგონებმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვეს წყვილთა თანრიგში, რაც აღსანიშნავი შედეგია.
- მაინტერესებს, რამდენად კარგია ბავშვისთვის სპორტის ეს სახეობა, ფიზიკური თვალსაზრისით – სპორტზე ხომ იმიტომაც დაჰყავთ, რომ ფიზიკურად ჯანსაღი იყოს ბავშვი...
- პირველ რიგში, ძალიან სასარგებლოა კარგი აღნაგობისთვის, ჰარმონიულად ავითარებს მთელ სხეულს, ამოძრავებს ყველა კუნთს, ხელების, ფეხების კუნთებს აძლიერებს. ეს ბავშვები ჩემ თვალწინ დაიხვეწნენ, მახსოვს, როგორები იყვნენ და როგორები არიან ახლა. ბადმინტონის თამაშს ურჩევენ სუსტი მხედველობის მქონე ბავშვებსაც, რადგან იგი დადებითად მოქმედებს და ავითარებს მხედველობას, რაზედაც არაერთი სამეცნიერო ნაშრომია წარდგენილი მსოფლიო ფორუმებზე.
- ალბათ ბევრი მსურველი იქნება, განსაკუთრებით ამ სტატიის შემდეგ, გაქვთ ბაზა, რომ ბევრს მოემსახუროთ? და რა უპირატესობა აქვს სპორტის ამ სახეობას?
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ სამი ბაზა გვაქვს, სამი დარბაზი – ვარკეთილში, დიღმის მასივში და ავლაბარში. სამი მწვრთნელი გვყავს, ნამდვილი პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში ენთუზიაზმზე ემსახურებოდნენ ამ საქმეს. ჩვენ საკუთარი ოფისიც არ გვაქვს, მე კაბინეტზეც უარი ვთქვი, რომ ის მწირი დაფინანსება, რაც გვაქვს, მთლიანად სპორტსმენების აღზრდას მოვახმაროთ და რამდენიმე ჩემპიონატზე გასვლაც მოვახერხოთ. სასურველია, გვქონდეს უკეთესი დარბაზები, უფრო კეთილმოწყობილი. რომელ ქვეყნებშიც დავდივართ, ყველგან ძალიან პოპულარულია ბადმინტონი, კარგი პირობებია და მაღალ დონეზე ემზადებიან სპორტსმენები.
რაც შეეხება უპირატესობას, ჯერ ერთი, შედარებით იაფია ჩვენთან და არ არის შეუძლებელი, რომ ამ სახეობაში ივარჯიშო. უპირატესობა აქვს ისიც, სხვა სპორტთან შედარებით, რომ როგორც თქვენ თქვით, ლამის ყველა ეზოში თამაშობენ მოყვარულების დონეზე და შესაბამისად, თავიდან, ის პირველი ეტაპი, ადვილი დასაუფლებელია, რაც ბავშვისთვის სასიხარულოა და მეტ მოტივაციას უჩენს. თანაც, არის გუნდური და ინდივიდუალური სპორტის სახეობა ერთდროულად, ავითარებს გუნდურ აზროვნებასაც და ინდივიდუალურადაც აწრთობს ადამიანს, მოთამაშე თავის თავზეა დამოკიდებული და ბრძოლის დიდი ჟინი აქვს.
ასევე კარგია იმით, რომ სერიოზული სპორტსმენები ხშირად დადიან სხვადასხვა ასპარეზობაზე საზღვრებს გარეთ და ევალებათ, რომ ინგლისური კარგად იცოდნენ. უნდათ თუ არ უნდათ, მაინც სწავლობენ ინგლისურს და საამისოდაც აქვთ მეტი სტიმული.
- რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ყველაზე ძლიერები?
- დღესდღეობით აზიაა წამყვანი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩინეთში გახლდით ერთ-ერთ მთავარ მატჩზე - 30-ათასიანი დარბაზი მთლიანად სავსე იყო, არადა, ბილეთი 200-300 დოლარი ღირდა. ჩინელებს ოლიმპიადებზე ყველაზე მეტი მედალი სწორედ ბადმინტონიდან მიაქვთ.
ლელა ზურებიანი