"მეგონა, ეს შეცდომა იყო... ახლა უბედნიერესი ვარ..." ეს ბიჭი 12 წლის მეთიუა იუტას შტატიდან. მას ძალიან უყვარს კითხვა, მაგრამ წიგნები არ აქვს და მხოლოდ სარეკლამო ბუკლეტებს კითხულობს, რომელთაც საფოსტო ყუთებში დებენ.
ერთხელ ადგილობრივ ფოსტალიონ რონ ლინჩს შესჩივლა, რომ ავტობუსით მგზავრობა ბიბლიოთეკამდე, მისთვის მეტისმეტად ძვირი ფუფუნებაა. ლინჩმა მისი ფოტო ფეისბუქზე, თავის გვერდზე ატვირთა და მეგობრებს სთხოვა, ბავშვს დახმარებოდნენ. ეგონა, ამ პოსტს მხოლოდ რამდენიმე მეგობარი გამოეხმაურებოდა. თუმცა შედეგი უფრო დაუჯერებელი აღმოჩნდა.
"ეს სიგიჟეა! პასუხებს ვიღებდი მთელი მსოფლიოდან - დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან..." - ამბობს ლინჩი.
მეთიუს უკვე 350-ზე მეტი წიგნი აქვს. "მეგონა, ეს შეცდომა იყო... არ მჯეროდა, რომ ეს წიგნები სულ მე მეკუთვნოდა... ახლა უბედნიერესი ვარ..." - თქვა მეთიუმ და პირობა დადო, რომ ყველას წაიკითხავს. რონ ლინჩს კი კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდა და მომავალში აპირებს, მეთიუსთან ერთად გაუნაწილოს წიგნები ყველა ბავშვს, ვისაც სჭირდება.