"ქართველთა ქველმოქმედების გენი რატომღაც ჯერჯერობით არ აფეთქებულა..." დავეხმაროთ მშიერ ბავშვებს გასულ კვირას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლში პროექტის „საქართველო მშიერი ბავშვის გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართა. დავუკავშირდით პროექტის კოორდინატორს, მედიცინის დოქტორ ქალბატონ ნინო თოთაძეს, რომელიც პროექტის შესახებ გვესაუბრება.
- პროექტი "საქართველო მშიერი ბავშვის გარეშე" ჩვილების სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფას გულისხმობს. პირველ ეტაპზე პროექტის პილოტური ვერსია დაიწყება, უპირატესობა ჰემოფილიითა და ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებსა და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიენიჭება. პროექტის არსია, საქართველოში 0-6 თვემდე ექსკლუზიური ძუძუთი კვების ხელშეწყობა, ასევე 6-12 თვის ასაკის იმ ბავშვებისათვის, რომელთა მშობლებსაც არ ძალუძთ მათი სრულფასოვანი კვება, საკვებით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში იგეგმება 275 ოჯახის დახმარება. პროექტის პირველ ეტაპზე 40-45 ოჯახის დახმარებას ვიწყებთ.
- როდის იწყება პროქტის განხორციელება და როდემდე გაგრძელდება?
- პროექტის განხორციელება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება და პირველი ეტაპი 6 თვეს მოიცავს, შემდგომ თანხობრივი რესურსის მიხედვით - სრულად უზრუნველყოფა დარჩენილი 230 ოჯახის და სტუდენტების, ახალგაზრდა დედების. თუ მომავალ გეგმებზე ვისაუბრებთ, ჩვენი სურვილი და მიზანი, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბავშვის დახმარებაა, რომელიც ამას საჭიროებს, ასეთი ოჯახები, სამწუხაროდ, არც ისე ცოტაა.
საერთოდ, ამ პროექტის ინიციატივა ეკუთვნის სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდს, რომლის საპატიო თავმჯდომარე 2015 წლის 4 ივნისს გახდა უწმიმდესი და უნეტარესი ილია II, ასევე - თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს, ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციას და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს.
- თავად თუ გქონიათ ურთიერთობა ასეთი დახმარების საჭიროების მქონე ოჯახებთან და რა სიტუაცია დაგხვდათ?
- სოციალური პედიატრიის ფონდი, ხელმძღვანელის პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის თაოსნობით უკვე 18 წელია ახორციელებს ქველმოქმედებას უფასო გასინჯვების სახით საქართველოს მოსახლეობისთვის. გამოცდილება, რა თქმა უნდა, დიდია. თავად რეგიონებში საკმაოდ ბევრ ოჯახს ვესტუმრე. პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ბავშვის შიმშილი, მისი არასრულფასოვანი კვება - აქტუალური და მნიშვნელოვანია, მით უფრო ექიმისთვის, რადგან სწორედ სრულფასოვანი კვებაა ერთ-ერთი განმსაზღვრელი და წინაპირობაა ბავშვის ნორმალური ზრდისა და მისი ფსიქო-მოტორული განვითარებისთვის, განსაკუთრებით 0-1 წლამდე ასაკში. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ამ პროექტს და რადგან 0-6 თვემდე ხელს ვუწყობთ ექკლუზიურ ძუძუთი კვებას, დასახმარებელი კონტიგენტის ასაკი 6 თვიდან განვსაზღვრეთ. ვიმედოვნებთ, რომ მოგვეცემა ფინანსური საშუალება, ჩვენი დახმარებით ისარგებლებს ყველა ოჯახი, ვინც ამას საჭიროებს. ჩვენ ხომ ჩვენს მომავალ თაობაზე ვზრუნავთ.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი:
- პროექტი უმნიშვნელოვანესია. მას აქვს რამდენიმე დატვირთვა:
1. მთავარია, საქართველოში ვისწავლოთ ბოლოს და ბოლოს სიმართლის თქმა და ვაღიაროთ ის, რაც საღიარებელია.
2. გადავეჩვიოთ სირაქლემის პოზას და იმის თქმას, რომ "რა ჩემი საქმეა“.
3. რაც მთავარია, ამ ზამთარს 50-მდე ჩვილი ბავშვი, ვისაც ამ პროექტის ფარგლებში ჩავრთავთ, კარგად გადაიტანს, მაგრამ რა ეშველება დანარჩენს, ახლაც და მომავალშიც.
4. უმნიშვნელოვანესია გავაღვივოთ ქართველთა ქველმოქმედების გენი, რომელიც, რატომღაც ჯერჯერობით არ აფეთქებულა.
სალომე გორგოშიძე