რას გვთავაზობენ საკონცერტო დარბაზები, თეატრები თუ სხვა დაწესებულებები ახალი წლის დღეებში, როცა მშობლებს რამდენიმე თავისუფალი დღე გვაქვს და ბავშვებს კი - არდადეგები, ვცდილობთ, ეს დღეები ისე გამოვიყენოთ, დაუვიწყარი გახდეს და პატარებმაც დიდი სიამოვნება მიიღონ. ჩვენი საიტი ტრადიციულად გთავაზობთ საახალწლო აფიშას, თუ როდის და სად შეგიძლიათ ბავშვების წაყვანა, რას გვთავაზობენ საკონცერტო დარბაზები, თეატრები თუ სხვა დაწესებულებები. ჯერ თეატრების პროგრამას გადავხედოთ.
ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი საახალწლო შოუს სთავაზობს მაყურებელს, რომლის მთავარი ინტრიგა ახალი წლის მეკვლე გივი ბერიკაშვილია. შოუ 2 იანვრიდან უკვე შეუძლია ნახოს მაყურებელმა, გარდა ამისა, თეატრში საშობაო ფასდაკლებაა პრაქტიკულად ყველა სპექტაკლზე. რუსთაველის თეატრში "კონკია" დადგეს, რომლის პრემიერა უკვე შედგა. ეს მუსიკალური ზღაპარია, რომელიც რობერტ სტურუამ და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ დადგეს. ბილეთის ფასი 7-15 ლარია. ახმეტელის თეატრში ასევე საახალწლო დღეებში ორი მუსიკალური ზღაპრის ნახვას შეძლებთ - "მაკნატუნასა" და "თოვლის დედოფლის". მარჯანიშვილის თეატრში ჩარლზ დიკენსის "საშობაო სიმღერა" დადგეს, რომელშიც ამ თეატრის ცნობილი მსახიობები თამაშობენ. რეჟისორი ლევან წულაძეა. მუსიკისა და დრამის თეატრში ბავშვებს ელოდებიან სპექტაკლებზე - "საშობაო ზღაპარი" და "მერი პოპინსი". ბილეთის ფასი 8 ლარიდან იწყება. 6 იანვარს გრიბოედოვის თეატრში საბავშვო მიუზიკლის, "ოცნების ქალაქის" პრემიერა, რომელსაც სატელევიზიო სკოლა-სტუდია "ენკი-ბენკი" წარმოადგენს. საახალწლო ზეიმებს წელს "ბიბლუსი ქიდსის" საახაწლო პროგრამა შეემატა. 7, 8, 9 და 10 იანვარს ბავშვებს სანტა კლაუსი უმასპინძლებს, პატარების განწყობაზე ფიფქია, ჯამბაზები და პეპიც იზრუნებენ, გრანდიოზულ ნაძვის ხესთან კი, ბავშვებს საბავშვო ზღაპრებს წაუკითხავენ და დაასაჩუქრებენ კიდეც: წიგნებით, ტკბილეულით, ფერადი სამაჯურით და სხვა საჩუქრებით... ბილეთის ფასი 20 ლარია. მისამართი: ჭავჭავაძის N 7 ,,ბიბლუსი გალერეა", 1 სართული. კინოთეატრებში საახალწლო განწყობაზე საბავშვო ფილმებითა და მულტფილმებით იზრუნებენ. "ამირანი", "რუსთაველი", "კავეა" და სხვა კინოთეატრები გთავაზობენ საბავშვო მულტფილმებს "სნუპის ახალი წელი" და "კეთილი დინოზავრი", ასევე ქართულ საბავშვო ფილმს "აუტანელი არდადეგები". საახალწლო პროგრამა იქნება ცირკშიც, სადაც 2 და 3 იანვარს "ლასტა-რიკა" გელით. ბილეთის ფასი 10 ლარიდან იწყება.