რომელი თამაშებით უნდა გავართოთ ბავშვი, თუ გვსურს მის სრულფასოვან განვითარებას შევუწყოთ ხელი ბავშვისთვის თამაში შემეცნების საუკეთესო საშუალებაა, ამ დროს ყალიბდება მისი მოტორული და ვერბალური უნარებიც. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ხშირად ვეთამაშოთ და ვესაუბროთ შვილებს. გადავწყვიტეთ, კომპეტენტურ პირებს გავსაუბრებოდით და გაგვეგო, რომელი თამაშებით უნდა გავართოთ ბავშვი, თუ გვსურს მის სრულფასოვან განვითარებას შევუწყოთ ხელი. სწორედ ამიტომ "ბიბლუსი ქიდსში" პოპინსებს ვეწვიეთ. ნინო ხუციშვილი, ანა უთურგაიძე და ხათუნა სალუქვაძე დიდი ხანია, ბავშვებთან მუშაობენ. მათ არაჩვეულებრივად ესმით, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
ხათუნა სალუქვაძე (პოპინსი): - როგორ ვნახულობთ საერთო ენას ბავშვებთან? პირველ ეტაპზე ვაკვირდებით. ზოგიერთი გახსნილი და კომუნიკაბელურია, მოდის და გვეხუტება. სხვები მორცხვები არიან და თავიდან ბევრი შეკითხვა არ უნდა დაუსვა, თორემ საკუთარ თავში ჩაიკეტებიან. ბავშვიც გაკვირდება, ფიქრობს, გვენდოს თუ არა. მათთან ერთად ვხატავთ, ვძერწავთ, ვკითხულობთ ზღაპრებს, "ბიბლუსი ქიდსის"გასართობ სივრცეს მაქსიმალურად ვიყენებთ: ვსრიალებთ, ვთამაშობთ ბურთით, მანქანებით, "ვთევზაობთ~, ვაწყობთ სასახლეებს.
ანა უთურგაიძე (პოპინსი): - ბავშვს გახსნაში ხატვა ეხმარება. გოგონები ყველაზე ხშირად პრინცესებსა და ფერიებს ხატავენ. ძალიან მოსწონთ ფრთებიანი ადამიანებიც. როგორც ჩანს, აინტერესებთ, როგორი შეგრძნებაა ფრენა. ბიჭები მანქანებს და დინოზავრებს ამჯობინებენ. უყვართ ძალაუფლება და სისწრაფე.
ნინო ხუციშვილი (პოპინსი): - ჩვენთან ერთად ყოველ კვირადღეს 4-დან 6 საათამდე ბაბილინა ზღაპარს კითხულობს, ბავშვებთან ერთად პერსონაჟებს არჩევს და ხატავს. კვირაობით პროფესორი ხრინკი და მისი ძაღლი, რუდოლფი გვაკითხავენ, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
- რომელი თამაშები უწყობს ბავშვის განვითარებას ხელს?
ხათუნა სალუქვაძე:
- პაზლების აწყობა. პაზლების დახმარებით ბავშვი ახერხებს წვრილმანების გაერთიანებას და ერთ მთლიანობად აღქმას. პაზლი მის წარმოდგენის უნარსაც ავითარებს. როცა ბავშვი ნახატის აწყობას ცდილობს, გამოტოვებული ადგილების ნაცვლად სიუჟეტის ლოგიკურ დასასრულს წარმოიდგენს და სწორედ ამის მიხედვით ეძებს შესაბამის ნაწილს. ფსიქოლოგების აზრით, თუ ბავშვი დამოუკიდებლად გაართმევს თავს ამ ამოცანას, განუვითარდება კოგნიტური უნარები. მაგალითად, სწრაფად აითვისებს და გადაამუშავებს ახალ ინფორმაციას. თუ პაზლს მშობელთან, მომვლელთან ან მეგობართან ერთად ააწყობს, ბავშვი უფრო კომუნიკაბელური გახდება და ჯგუფურ მუშაობას მიეჩვევა. მას გაუვარჯიშდება მახსოვრობის უნარიც. ჟურნალ "საბავშვო კარუსელს"პაზლები ახლავს ხოლმე თან, მას ბავშვებთან თამაშისას ხშირად ვიყენებთ.
ნინო ხუციშვილი:
- ხატვა. ხატვა ბავშვებს შინაგანი სამყაროს გამოხატვაში ეხმარება. ბავშვები, რომლებიც ხატავენ, მეტ კრეატიულობას იჩენენ. თუ შვილმა არ იცის, როგორ გაგიზიაროთ ფიქრები, ან რცხვენია, ფურცელი საუკეთესო შუამავალი ხდება. ამ დროს ბავშვი თავად წყვეტს, რა დახატოს და რა ფერები გამოიყენოს, შესაბამისად, ის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ეჩვევა. ნუ უკარნახებთ შვილს, რომ მზე აუცილებლად ყვითლად უნდა გააფერადოს, ბალახი კი -მწვანედ. ხელოვნებაში არ არსებობს ჩარჩოები და კანონები, შესაბამისად, შეცდომის დაშვების შანსი ნაკლებია, რაც ბავშვს სითამამეს სძენს, თავისი ნაჭუჭიდან გამოჰყავს და თავდაჯერებულს ხდის.
ანა უთურგაიძე:
- ძერწვა და თექა. ნევროპათოლოგების აზრით, ძერწვის პროცესი დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვის ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამიტომ, თუ ბავშვს სტრესის გადატანა მოუწია, ფსიქოლოგები მასთან მუშაობისას ძერწვას ხშირად მიმართავენ. ამ დროს ბავშვი ხორცს ასხამს თავის ფიქრებს და თქვენც ფიზიკურად ხედავთ, რა აწუხებს მას. ყველა ბავშვისთვის საჭიროა მოტორული ფუნქციების განვითარება. მოტორული ფუნქცია გულისხმობს მოძრაობას და სხეულის ფლობას. თქვენი შვილის პატარა ხელები თავად ქმნიან ფიგურებს, ატრიალებენ ან აბრტყელებენ პლასტილინს და სხვადასხვა ფორმას აძლევენ. ძერწვა ავითარებს აზროვნებასაც. ძერწვის დროს ბავშვებს გონების დაძაბვა და ფიქრი უწევთ.
თუ ბავშვს თექით დააკავებთ, მას განუვითარდება აღქმის უნარი, მხედველობითი მეხსიერება, ისწავლის კონცენტრაციას ერთ საქმეზე და ფერების შეხამებას. საოცარია, მაგრამ თექა ბავშვს მათემატიკურ აზროვნებასაც აჩვევს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბაღის მოსწავლეები, რომლებიც თექით იყვნენ დაკავებული, დაწყებით კლასებში მათემატიკას უკეთ უღებდნენ ალღოს. ბავშვებს კარგად უვითარდებათ ფანტაზიის უნარიც.
ეს და სხვა უამრავი სასარგებლო თამაში "ბიბლუსი ქიდსის"ყოველდღიური გრაფიკის შემადგენელი ნაწილია. "ბიბლუსი ქიდსი"ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზ. N7-ში მდებარეობს და ყოველდღე 10:00-დან 22:00 საათამდე მასპინძლობს სტუმრებს.