მისი ნახატები სერიოზულ კონკურსებში იმარჯვებს - რაზე ოცნებობს ანასტასია კვაშილავა პატარა მხატვარი ანასტასია კვაშილავა ჯერ მხოლოდ ათი წლისაა და უკვე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტში. ანასტასიამ სულ ახლახანს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოსტერის კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა. კონკურსში პატარა მხატვარმა წარადგინა ნახატი, სადაც ნაჩვენებია, როგორ ზის დანაგვიანებულ პლანეტაზე სევდიანი გოგონა და დაჰყურებს იმ მცენარეს, რომელშიც ხედავს გამოსავალს და ხსნას. ნახატმა არა მარტო კონკურსის ორგანიზატორები და ჟიური მოხიბლა, არამედ ფართო საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.
- ხატვა სამი წლის ასაკში დავიწყე და ოთხი წლისა შემიყვანეს ხატვაზე. სწორედ ამ წლებში დავხატე ჩემი პირველი წარმატებული ნახატი, სახელად „ფერმა“. ეს ნახატი ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონათ და ამის შემდეგ მამაჩემს დაებადა იდეა, რომ შეექმნა გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ჩემს ნახატებს ატვირთავდა. უკვე ექვსი წელია ხატვაზე დავდივარ და ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
- შენი ნახატები ძირითადად რა თემებზეა შექმნილი?
- მე არ ვხატავ რაიმე კონკრეტულ თემებზე, მიყვარს თავისუფალ თემებზე ხატვა.
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოსტერის კონკურსში გაიმარჯვე. რა გქონდა წარმოდგენილი, რატომ შეარჩიე ეს თემა და რა ნამუშვარი წარადგინე?
- ამ კონკურსის შესახემ მამაჩემმა შემატყობინა და ძალიან დავინტერესდი. თემის შერჩევაზე ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე ორ საკითხზე ორი ნამუშევრის გაკეთება - „ნარჩენების სწორად მოხმარება და გადამუშავება“ და „ჯანმრთელობის უზრუნველყოფა“. სიმართლე რომ გითხრათ, თავდაჯერებული სულაც არ ვიყავი. ვფიქრობდი, ამდენ ხალხში ვერ გავიმარჯვებდი. როდესაც ჩემი გამარჯვების შესახებ გავიგე, არ მჯეროდა, მეგონა მეხუმრებოდნენ, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა და ძალინ გამიხარდა.
ჩემს ნახატზე წარმოდგენილი იყო გოგონა, რომელიც ზის ჩვენს დანაგვიანებულ პლანეტაზე. დაჰყურებს იმ ერთადერთ მცენარეს, რომელშიც ხედავს გამოსავალს. ეს ნაგავი არის ნარჩენები, რომლითაც ადამიანები აბინძურებენ გარემოს. მე მინდა ამ ნამუშევრით ვუთხრა ადამიანებს, რომ ერთხელაც დედამიწამ შეიძლება ვეღარ აიტანოს ამდენი პოლიეთილენი, პლასტმასი, დაუმუშავებელი ნაგავი და ამან ზიანი მოგვიტანოს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ნარჩენების გადამუშავება და არა გადაყრა, რათა ისედაც დასუსტებული, დაავადებული გარემო გამოჯანმრთელდეს. ჩვენ ყველას შეგვიძლია პატარა წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილებაში, ამისთვის ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს მიერ ყოველდღიურად მოხმარებული საკვები, ნივთები, წყალი ნაკლებ ზიანს აყენებდეს გარემოს.
- ასეთი პატარა ხარ და უკვე განიხილავ ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა დაბინძურება და ნარჩენები. ამის შესახებ საიდან გაიგე, ვინ გესაუბრება?
- ზოგადად ამ საკითხებით ძალიან დაინტერესებული ვარ. სახლშიც ბევრს მიკითხავენ მშობლები და მე თვითონაც ვკითხულობ. ჩემი დაც მაყურებინებს ამ თემაზე ფილმებს და საერთო ჯამში მიგროვდება ინფორმაცია ამის შესახებ. სწორედ გაეროს ამ კონკურსმა მომცა საშუალება, რომ მეც შემეტანა წვლილი დედამიწის გადარჩენაში. ძალიან ხშირად შევსწრებივარ გარემოს დაბინძურების ფაქტს და ძალიან არ მსიამოვებდა ეს.
- ფავორიტი მხატვარი გყავს?
- რაც შეეხება ფავორიტ მხატვარს, ვერავის ვერ გამოვყოფ. ბევრია ისეთი, რომელიც ძალიან მომწონს, როგორც ქართველები, ისე უცხოელები.
- პერსონალურ გამოფენას ხომ არ გეგმავ?
- შვიდი წლის ასაკში მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა და უახლოეს მომავალშიც ვგეგმავთ.
- შორეულ გეგმებზეც გვესაუბრე. რა გინდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?
- ჯერ არ გადამიწყვეტია, რა პროფესიის გავხდები, მაგრამ მინდა, რომ ეს ხელოვნების რომელიმე დარგი იყოს. ჩემი ოცნებაა ვიცხოვროთ სამყაროში, რომელშიც ყველაფერი იდეალურად იქნება.
მერი ბლიაძე