აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება მსოფლიოში ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევაა. უამრავი ადამიანი ამის გამო კარგავს შემოსავალს, მეგობრებს, სამსახურსა და ოჯახის წევრებს. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და სწორი მიდგომითა და მკურნალობით დაძლევაც შესაძლებელია.
განსაკუთრებით მწვავე და აქტუალურია პრობლემა საქართველოში, რაშიც ჩვენმა პირადმა კვლევამაც დაგვარწმუნა და ჩვენი მკითხველების მიერ გამოგზავნილმა არაერთმა წერილმა. ამიტომ გადავწყვიტეთ, პრობლემისთვის ყველა მხრიდან შეგვეხედა და გარდა პრობლემის შესახებ საუბრისა, გვინდა ჩვენს მკითხველებს შევთავაზოთ პრაქტიკული და რეალური საშუალებები, რაც არსებობს დღესდღეობით ამ დამოკიდებულებასთან საბრძოლველად...
"გავნადგურდი მორალურად, ფიზიკურად და ფინანსურად..."
"მეგონა, რომ ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა, მე ვმუშაობდი, ქმარიც მუშაობდა და ვაწყობდით ნელ-ნელა ჩვენს ცხოვრებას... მოულოდნელად, ორი წლის წინ დაიწყო სერიოზული ცვლილებები. ჩემს ქმარს ფული არ უჩერდებოდა, გამუდმებით ვალები ჰქონდა, ხშირად ტყუოდა, სახლში აგვიანებდა და გაღიზიანებული ბრუნდებოდა... რაღა ბევრი გავაგრძელო და ერთ საშინელ დღეს აღმოვაჩინე, რომ თამაში დაუწყია და ჩვენ გარშემო ყველა ნაცნობის ვალი ჰქონდა... ვერ აგიწერთ, როგორ გავნადგურდი მორალურად, როგორი შეურაცხყოფილი დავრჩი, მერე როგორ საშინლად აისახა ფიზიკურად, ფინანსურად ეს ყველაფერი ჩვენს ოჯახზე... იმ პირველ ჯერზე მაინც დავუდექი გვერდით, გავყიდეთ ოქრო, რაც გვქონდა, ძვირფასი ნივთები, გავისტუმრეთ ვალები და დაიფიცა, რომ აღარასდროს გაიმეორებდა იგივეს... რა თქმა უნდა, გაიმეორა... უფრო მეტ ვალზეც ავიდა და მერე ერთ-ერთი შეწინააღმდეგების დროს ხელითაც რომ გამოიწია ჩემზე და დამარტყა, იქ დასრულდა ყველაფერი... მოვკიდე ბავშვებს ხელი და წამოვედი... ახლა მეხვეწება დაბრუნებას და მპირდება, რომ აღარ ითამაშებს, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ დამოკიდებულებას რამე ეშველება... ფაქტობრივად, ოჯახი დამენგრა და ეს ადამიანიც სამუდამოდ გაუბედურდა. მე გამოსავალს ვერ ვხედავ, იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე... არის შანსი, რომ ეშველოს?"
ნინო, 29 წლის"ამ წერილს ჩემი საძინებლიდან გწერთ. ფანჯრები ისე მაქვს ჩარაზული და მუქი ფარდები ისე მაქვს ჩამოფარებული, რომ მზის შუქმა არ შემოაღწიოს, არავის ხმა არ მესმოდეს და არავის ვხედავდე. არ ვიცი, როგორ ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, რომ ჩემი გასაჭირის შესახებ დამეწერა. მაგრამ, ალბათ ახლა შველას უცნობ ადამიანებში ვხედავ და მათი გამხნევება, რჩევები უფრო მჭირდება, ვიდრე ახლობლების, ნაცნობების და მეგობრების. 15 წლის წინ, სიყვარულით დავოჯახდი. მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ასე გაგრძელდა წლები. გვეყოლა სამი არაჩვეულებრივი გოგონა და ჩვენი ცხოვრების სტიმული. თუმცა, ჩვენს ურთიერთობაში 3-4 წლის წინ დიდმა პრობლემამ იჩინა თავი. დაიწყო გაუთავებელი ტყუილები, გაჭირვება, დაძაბულობა, გაუცხოება. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეუღლე აზარტული თამაშებით დაინტერესდა და თითოულ თეთრს სწორედ აქ ხარჯავდა. ნელ-ნელა დაცარიელდა მაცივარი, ჩემს შვილებს მოაკლდათ ყველაფერი, რაც მანამდე ჰქონდათ. დაიწყო ჩვენს ტელეფონებზე ფარული, მუქარის შემცველი ზარები, მოვალეთა სახლში მოვარდნები, ჩხუბები და ა.შ. მოკლედ არ მინდა ყველა დეტალის გახსენება, რადგან ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის. უკვე ოთხი წელია დამღალა დაუსრულებელმა, ფუჭმა დაპირებებმა, რომ ეს ბოლოა...
თითქოს სადღაც დავიკარგე, ყველაფრის ხალისი გამიქრა, შვილებიც კი დავივიწყე, არ ვპასუხობ მეგობრების ზარებს. თავთან ყველაზე ძლიერი საძილე საშუალებები მილაგია. როცა საშინელი გრძნობები შემომიტევს, ვსვამ და ღრმა ძილს ვეძლევი, მხოლოდ ეს მაძლევს შველას. გამოფხიზლებულს წამიერად მინდება ავდგე, ჩემი შვილები გულში ჩავიკრა, ვუთხრა, რომ ყველაფერი დამთავდა, მოვკიდო ხელი და სადმე შორს გადავიკარგო, მაგრამ ძალა არ მყოფნის. მერე ისევ საძილე საშუალებებს ვსვამ და კვლავ ღრმა ძილს ვეძლევი. ჩემი ახლობელი ადამიანი მირჩევს გაშორდიო. ესეც მეცოდება, ვიცი უარესად გაუბედურდება, იქნებ სუიციდამდეც მივიდეს. მამამთილი არ მყავს. ჩემი დედამთილიც ვერაფერს ხდება მასთან. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არც ცდილობს, რეალობას თვალს არ უსწორებს და მისი შვილის პრობლემას ბოლომდე ვერ აღიარებს. რომ არ ვიჩხუბო, სცენები არ დავდგა, ჩემს დედამთილს ფულიც მოუცია და უთქვამს, რომ ჩემმა ქმარმა დამიტოვა დილით. მერე გამიგია, რომ თავისი პენსიის ფული ყოფილა. ვერ ხვდება, რომ ამით თავის შვილს დათვურ სამსახურს უწევს. იმის მაგივრად კუთხეში მიიმწყვდიოს, ყველანაირი დახმარება შეუწყვიტოს, ფაქტის წინაშე დააყენოს, ჩუმად (და დარწმუნებული ვარ, გაუაზრებლად) ხელს უწყობს, მისთვის მთავარია ჩვენ არ ვიჩხუბოთ.
ჩემი ქმარი ჩემს ახლანდელ მდგომარეობას არ იმჩნევს, არც კი მეკითხება, რატომ არ ავმდგარვარ 5 დღეა საწოლიდან, რატომ არაფერი მჭამია და ა.შ. ალბათ ბედნიერიცაა, არხეინად თამაშობს, ხელს არავინ უშლის და არავინ ეჩხუბება. ბავშვები ბებიას მიეკედლნენ. ალბათ მათთვის როგორი მძიმეა ჩემი ამ მდგომარეობაში ნახვა... იქნებ თქვენ მაინც მირჩიოთ, როგორ დავუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას? რა ვიღონო და როგორ დავდგე ფეხზე?"
როგორ მიდიან აზარტულ თამაშებამდე და რა ტიპის მკურნალობა არსებობს?
არასამთავრობო ორგანიზაცია
"თანადგომას" პროგრამული მენეჯერი სარეაბილიტაციო ცენტრში
ვაჟა კასრელიშვილი გვიყვება, რა ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიზეზი, რა ტიპის მკურნალობა არსებობს და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ოჯახის წევრების ჩართულობას:
- დღევანდელ რეალობაში, როდესაც უამრავი საბავშვო თამაში, ინტერნეტ რესურსი, კომპიუტერული პროგრამებია ხელმისაწვდომი, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევაა. მშობლების უყურადღებობის ან და გაუცნობიერებელი მოქმედების გამო, მცირე ასაკის ბავშვები ხშირად ხდებიან მობილურ ტელეფონზე მიჯაჭვულნი. ხშირად მინახავს, იმ მიზნით, რომ ბავშვმა კარგად ჭამოს, არ იხმაუროს და იყოს ჩუმად თავისთვის, მშობლები ტელეფონს აჩეჩებენ. მაგალითად, ჭამის დროს სხვადასხვა ვიდეოსა თუ თამაშს აყურებინებენ. ეს თუ სისტემატურ ხასიათს ატარებს და ბავშვი დიდ დროს ატარებს მობილურ ტელეფონთან ან კომპიუტერთან, შესაძლებელია განუვითარდეს გარკვეული დამოკიდებულება კომპიუტერულ თამაშებზე. ბავშვი ამ ასაკიდანვე ეჩვევა, ნახულობს თამაშებს, რომლებსაც სხვადასხვა ტური აქვს და უჩნდება ინტერესი, რომ ეს ტურები გაიაროს, მოიგოს და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. მეორე მხრივ, ასეთი თამაშები ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს, თუ მასში ჩართულობას მშობელი გააკონტროლებს. თუ ასეთ თამაშებში ბავშვები დიდ დროს ატარებენ და მხოლოდ ამით ერთობიან, ასეთ შემთხვევაში ხშირად ურთიერთობებისა და კომუნიკაციის პრობლემები უჩნდებათ. თინეიჯერობის ასაკში ბავშვებს ხშირად სხვადასხვა აზარტულ თამაშებზე ხელი მიუწვდებათ. ეს შეიძლება იყოს ონლაინ ტოტალიზატორები და ონლაინ კაზინოები. ბავშვები ახერხებენ მშობლების პირადობის მოწმობებით რეგისტრაციას და ონლაინ თამაშს, რის შემდეგაც მათ შეიძლება ჩამოუყალიბდეთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულლება. ზუსტი მიზეზის განსაზღვრა, რა იწვევს დამოკიდებულებას, რთულია და ხშირად ის კომპლექსურია. ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მით უმეტეს, პრობლემაა, თუ ბავშვი მოწყვლად ოჯახში იზრდება და ხედავს, რომ მშობელს დამოკიდებულების პრობლემა აქვთ, უყურებს, როგორ თამაშობს მამა ან დედა და თავადაც ინტერესდება.
თამაშს შეიძლება თავიდან გართობის სახე ჰქონდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანი ამ პროცესს ვეღარ აკონტროლებს და უჩნდება თამაშისადმი ლტოლვა. ასევე ყალიბდება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება. თავიდან ადამიანი იწყებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებას გართობისა და სიამოვნების მიღების მიზნით. თუმცა, შემდეგში მას ამ ნივთიერების მოხმარების მუდმივი ლტოლვა უჩნდება და დამოკიდებულება ყალიბდება. ამ დროს ის ვეღარ აკონტროლებს მოხმარებას, ნივთიერების მოპოვება და მოხმარება მისთვის უპირველესი პრიორიტეტი ხდება. ის ანაცვლებს ყველაფერს, შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, მეგობრებს, სამსახურს. ადამიანი ყველაფერზე წამსვლელი ხდება, ოღონდაც მოიპოვოს მოხმარების შემდეგი დოზა. ასეა აზარტული თამაშების შემთხვევაშიც. ზრდასრულ ადამიანებში, როგორც წესი, თამაშის დაწყება, გართობის გარდა, ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდება. ზოგჯერ ფიქრობენ, რომ სპორტის რომელიმე სახეობა, მაგალითად, ფეხბურთი, ძალიან კარგად იციან და ამიტომაც ფსონი აუცილებლად უნდა დადონ, რომ მოიგონ. ეს შეიძლება 1 ლარიდან დაიწყოს და მერე ნელ-ნელა ჩადებული თანხის რაოდენობა, როგორც წესი, იზრდება. დამოკიდებულმა ადამიანმა შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, საცხოვრებელი სახლის ჩათვლით. ხშირად ისინი საკუთარ მოქმედებას შემდეგით ამართლებენ: "ოღონდ წაგებული ფული ამომაღებინა, მერე თამაშს თავს დავანებებ", - შეიძლება წაგებული თანხა მართლაც მოიგონ, მაგრამ თავი მაინც ვერ დაანებონ, რადგანაც ისეთი ქცევითი დამოკიდებულება, როგორიც ლუდომანიაა, სპეციალისტის დახმარების გარეშე საკმაოდ ძნელი გადასალახია.
რა გზით შეიძლება ებრძოლოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი პრობლემას?
- პირველ რიგში, ადამიანმა პრობლემა უნდა აღიაროს. თუ ის პრობლემას არ აღიარებს, ესეიგი მისთვის პრობლემა არ არსებობს, მისი გადაწყვეტის სურვილიც არ უჩნდება. იგივე ხდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების დროს. საკუთარ თავსაც უმალავენ, რომ უკვე გაჩერება აღარ შეუძლიათ. ფიქრობენ, რომ სხვების დახმარების გარეშე მოახერხებენ თავის დანებებას, რომ სხვა ადამიანებს არ ჰგვანან. ამიტომაც, პრობლემის აღიარება გამოჯანმრთელების რთულ გზაზე პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
როგორ შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს პრობლემასთან ბრძოლაში დავეხმაროთ?
-დახმარებაში ბევრი რამ იგულისხმება. პირველ რიგში, იმ აქტივობებში უნდა ჩაერთოს, რომლებიც ამ სფეროში არსებობს. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგთან ინდივიდუალური სესიები, ჯგუფური თერაპია, სარეაბილიტაციო ცენტრში სიარული და სხვა ადამიანების გამოცდილების გაზიარება. ე.წ. თვითდახმარების ჯგუფები ასეთ დროს ძალიან ეფექტურია, რადგანაც იმ ადამიანების გამოცდილებას მოისმენს, რომლებმაც უკვე დაამარცხეს ეს პრობლემა. ასეთი ჯგუფები მათ საკუთარ თავში აპოვნინებს ძალას, მისცემს მოტივაციას და გამოწვევასთან ბრძოლასაც დაიწყებენ.
რა უნდა გააკეთონ ოჯახის წევრებმა, როდესაც გაიგებენ, რომ მათი ახლობელი ადამიანი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული?
- დამოკიდებულების მქონე ადამიანის ოჯახის წევრებს თანადამოკიდებულება უყალიბდებათ, რაც მათთვისაც საზიანოა და თავად დამოკიდებული პირისთვისაც. თანადამოკიდებულების პრობლემა გულისხმობს იმას, რომ ოჯახის წევრები ამ ადამიანის ქცევასა და ცხოვრებაზე ხდებიან დამოკიდებულნი. ერთი წუთითაც არ სურთ, ყურადღება მოადუნონ, მისი ცხოვრებით ცხოვრობენ, აკონტროლებენ. როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელებას იწყებს, რეალური დახმარების ნაცვლად, თანადამოკიდებულმა ოჯახის წევრებმა, შესაძლებელია პირიქით, უარყოფითი გავლენა იქონიონ გამოჯანმრთელების პროცესზე. ამ დროს რეალური მხარდაჭერა, ნდობა გამოჯანმრთელებული ადამიანისადმი მნიშვნელოვანია. ის უნდობლობა, რაც ოჯახის წევრებს უყალიბდებათ დამოკიდებული ადამიანისადმი თუ ღრმადაა გამჯდარი თანადამოკიდებულ ადამიანში, შესაძლებელია რეციდივის მაპროვოცილებელიც კი გახდეს. გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი ადამიანისადმი აღმატებული კონტროლი და უნდობლობა დამაზიანებელი შეიძლება გახდეს. მაგალითად, თუ ადამიანი, რომელიც გამოჯანმრთელების პროცესშია სადმეა წასული და სახლში დაიგვიანა, და ამ დროს ოჯახის წევრს ეჭვი შეაქვს, რომ კვლავ ითამაშა. ეს დაეჭვება კი ცუდ გავლენას ახდენს. ის იწყებს ფიქრს, რომ მისი მაინც არ სჯერათ და შესაძლოა ერთი მსგავსი წამოძახება გახდეს მიზეზი, რომ წავიდეს და ისევ ითამაშოს. ამიტომ, ასეთ დროს სპეციალისტების დახმარება ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ, რომ მათ იცოდნენ, რეალურად, რას ნიშნავს ზრუნვა.
რა ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრები არსებობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისათვის?
- არსებობს ამბულატორიული და რეზიდენტული სარეაბილიტაციო ცენტრები, ჩვენ დღის ცენტრიც (ამბულატორიული) გვაქვს და რეზიდენტულიც. ვიღებთ, როგორც ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს, ასევე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს. ძალიან ხშირია როდესაც ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი, დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზეც. ჩვენი ცენტრი და სარეაბილიტაციო პროგრამა განკუთვნილია ზრდასრული ადამიანებისთვის. სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ დამოკიდებულება, იქნება ეს ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება თუ ლუდომანია, გვიან აცნობიერებენ პრობლემას. მათ არ სურთ, დამარცხებულად სცნონ თავი. ძალიან ხშირად ყველაფერს კარგავენ, საყვარელ ადამიანებს, სამსახურს, ჯანმრთელობას... თითქმის მთელს ცხოვრებას წირავენ და მხოლოდ ამის შემდეგ ითხოვენ შველას. ჩვენთან ხშირად პირველი დახმარებისთვის ოჯახის წევრები რეკავენ, გვეკითხებიან, როგორ მოიყვანონ ჩვენამდე. დამოკიდებულებას რამდენიმე ფაზა ახასიათებს, სამწუხაროდ, ადამიანი პირველ ეტაპზე პრობლემას ვერც აცნობიერებს და არც აღიარებს. მის გაცნობიერებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა ხვდება, რომ ბევრი რამ დაკარგა. ზოგადად, დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა და შესაძლებელია, ადამიანი რემისიაში 10 წელი იყოს, მაგრამ ამის შემდეგ იგივე ქცევა გაიმეოროს. ამ დროს მნიშვნელოვანია დროული ჩარევა, რათა დახმარება რეციდივის პირველ ეტაპზევე აღმოვუჩინოთ. დამოკიდებულ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს გარშემომყოფების, ოჯახის წევრების, რომ რეციდივის გამო ის იქნება გაკიცხული, გარიყული, თორემ ის რეციდივის ფაქტს კვლავ დამალავს. თუ მას ეცოდინება, რომ ამ დროს ოჯახის წევრები გვერდში დაუდგებიან, მაშინ ის ფაქტს არ დამალავს და ითხოვს შველას, რაც მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ გაღრმავდეს. როგორც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენს ცენტრებში, როგორც ამბულატორიულში, ასევე რეზიდენტულში, ვცდილობთ, დავეხმაროთ ადამიანებს დამოკიდებულების დაძლევაში. რეზიდენტული სარეაბილიტაციო ცენტრი დამოკიდებული ადამიანისათვის იმითაა უკეთესი, რომ იქ ცხოვრობს და იმ გამღიზიანებლებს, რომლებიც გარეთ არსებობს, მოწყვეტილია. რეზიდენტულ ცენტრში ცხოვრების დროს რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ ინტერნეტ თამაშებში ჩაერთოს, ონლაინ ითამაშოს ან თუნდაც წავიდეს კაზინოში. გარდა ამისა,ჩვენი სარეაბილიტაციო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება, რომელიც ქართულ რეალობასაა მორგებული. რაც უფრო დიდხანსაა ადამიანი სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართული, პროგნოზი მით უფრო სასიკეთოა. ახლა 3-თვიანი სარეაბილიტაციო კურსი გვაქვს, თუმცა გვყოლია პაციენტები, რომლებიც 6 თვე გაჩერებულან. ჩვენს პროგრამებში მედიკამენტოზური მკურნალობა არ ხდება, პროგრამა მთლიანად ფსიქოთერაპიაზეა დაფუძნებული. ჩვენი რეზიდენტული ცენტრი გრემში მდებარეობს, ხოლო დღის ცენტრი კი თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე. გარკვეული დროის განმავლობაში, როდესაც დაფინანსება გვქონდა, პროგრამები უფასო იყო. ახლა, სამწუხაროდ, ჩვენი ყველა სერვისი ფასიანია, გარდა თვითდახმარების ჯგუფებში ჩართვისა და ზოგიერთი სხვა აქტივობებისა. დღის სარეაბილიტაციო ცენტრში ინტენსიური და შედარებით ხანმოკლე პროგრამა გვაქვს. გარდა ამისა, დამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრებისთვის გვაქვს თანადამოკიდებულთა რეაბილიტაციის პროგრამა. სარეაბილიტაციო ცენტრს სოციალური საწარმო მივაბით, სადაც ჩვენი ბენეფიციარები კერამიკაზე მუშაობენ. როდესაც ადამიანი რეაბილიტაციის კურსს დაამთავრებს, გვინდა, რომ ერთი დღე გამოვყოთ და მივცეთ შესაძლებლობა, კვლავ მოვიდეს ხოლმე და კერამიკულ საამქროში იმუშაოს. ვაპირებთ, რომ შემდგომში ეს პროდუქცია, შემოსული მოგებიდან კი პროგრამის ბენეფიციარები წავახალისოთ გარკვეული ხელფასით. ეს გამოჯანმრთელების გზაზე მყოფი ადამიანებისთვის ერთგვარი მამოტივირებელი ფაქტორი იქნება.
რა პირობებით ხვდებიან ადამიანები დღის სარეაბილიტაციო ცენტრში?
- ჩვენთან მიღებისას, პირველ რიგში, გასაუბრება ინიშნება, რომლის დროსაც ჩვენს პოტენციურ ბენეფიციართან ვარკვევთ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ დეტალებს, კერძოდ: რატომ გადაწყვიტა მკურნალობა, რა ნივთიერებაზეა დამოკიდებული, წარსულში ქონდა თუ არა რემისია და სხვა. ამავე გასაუბრებაზე ადამიანს ჩვენი მხრიდან ვაცნობთ პროგრამის პირობებს: როგორ ვმუშაობთ, რა მეთოდებს ვიყენებთ, რა პასუხისმგებლობები ექნება მას პროგრამაში, რა პასუხისმგებლობა გვექნება ჩვენ და სხვა. დღის ცენტრში, რეზიდენტული ცენტრისაგან განსხვავებით ადამიანები დადიან სახლიდან , დღის გარკვეული მონაკვეთი, დაახლოებით 4-6 საათი ისინი იმყოფებიან ცენტრში, შემდეგ კი კვლავ სახლში ბრუნდებიან. ჩვენი მთავარი მესიჯია - დამოკიდებულება განკურნებადია, მთავარია თანადგომა! მთავარია, ადამიანს ხელი არ ვკრათ, არ გავრიყოთ, მხარში დავუდგეთ და სწორი მკურნალობით სასურველ შედეგსაც მივაღწევთ.
როგორ შეიძლება დავეხმაროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს?
მაკა ინანაშვილი, ფსიქოლოგი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი, ბიოსინთეზის სომატური ფსიქოთერაპევტია. ის კონკრეტულ რეკომენდაციებს გვიზიარებს, როგორ შეიძლება დავეხმაროთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს და რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ პრობლემა საწყის ეტაპზე:
- თამაშდამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გამოწვევა და პრობლემას, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ებრძვის. ინტერნეტ თამაშების განვითარებასთან ერთად, დამოკიდებულთა ასაკიც გაახალგაზრდავებულია. ძალიან ბევრი ბავშვი, სამწუხაროდ, აღნიშნულ თამაშებს მიჯაჭვულია. სპეციალისტს უკვე იმ ფაზაში მიმართავენ ხოლმე, როდესაც დამოკიდებულება გამწვავებულია და ეს მათი "მეგობარი" კი აღარ არის, რომლის მეშვეობითაც ერთობა და სიამოვნებას იღებს, არამედ "მტრად" იქცევა. თამაშდამოკიდებულება ადამიანს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის, უჭირთ ურთიერთობები გარემოსთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. გართულებულია ფსიქოემოციური მდგომარეობა, აქვთ უძილობა, შფოთვა და ასე შემდეგ. დამოკიდებულება თავიდან მართვადია, შემდეგ უკვე ადამიანი ამას ვეღარ აკონტროლებს და პირიქით, კონკრეტული დამოკიდებულებისგან თავად იმართება. ამ ეტაპზე ბავშვებთან აღარ ვმუშაობ, თუმცა როდესაც ბავშვთა ასაკზე ვსაუბრობთ, მშობლებთან კომუნიკაციას და მათთან მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად მშობელი თავად მიაჯაჭვავს ხოლმე კონკრეტულ თამაშებს იმის გამო, რომ შვილისთვის ბევრი დრო არ აქვს, არაა შესაბამისი ფიზიკური და სოციალური გარემო და ასე შემდეგ. პროცესში მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ინტერნეტ თამაშებს თამაშობენ და ფული არ აქვთ, თუმცა ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა მოზარდებმა შეიძლება რაღაც მოიპარონ კიდეც იმის გამო, რომ კონკრეტული თამაშები ითამაშონ, რათა გარკვეული ტურები გადალახონ, გააძლიერონ თავიანთი გმირები, შეიძინონ თამაშში არსებული რესურსები და ასე შემდეგ. ამიტომ, მშობელი ვალდებულია, შვილს განრიგი გაუწეროს, რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლია კომპიუტერთან იჯდეს და ეს განრიგი კომპრომისის გარეშე უნდა შესრულდეს. არჩევანის შესაძლებლობ უნდა ჰქონდეს, თუ რას გააკეთებს თავისუფალ დროს. თუ მშობელი ხედავს, რომ სერიოზული საფრთხეა იმისა, რომ ბავშვი კომპიუტერზეა მიჯაჭვული, აუცილებლად უნდა გააკონტროლონ დრო და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დააკავოს.
რაც შეეხება ზრადსრულ ადამიანებს, პრობლემა მათ შემთხვევაში უფრო გამწვავებულია. როგორც წესი, როდესაც ოჯახში თამაშზე დამოკიდებული ადამიანია, ეს მთლიანად ოჯახის პრობლემად გადაიქცევა ხოლმე. ოჯახის წევრები დამოკიდებულების მქონე ადამიანზე დამოკიდებულები ხდებიან და მისი ცხოვრებით ცხოვრობენ.
- როგორ შეიძლება, დამოკიდებულების მქონე ადამიანს დავეხმაროთ?
- როგორც წესი, როდესაც თამაშზე დამოკიდებულ ადამიანს პრობლემა ექმნება, მთელი ოჯახი მობილიზდება ხოლმე და თანხის შეგროვებას იწყებენ, რომ ვალები დაფარონ. შესაძლოა, ვიღაცებმა სახლიც კი გაყიდონ იმისათვის, რომ შვილის ვალი გადაიხადონ. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება ოჯახის წევრმა გააკეთოს.თუ ოჯახს სურს, რომ საყვარელ ადამიანს დაეხმაროს, პირველ რიგში, მისი ვალები არ უნდა გადაიხადოს და არც მის ცუდ საქციელზე აგოს პასუხი. დახმარების სწორი ფორმა სპეციალისტების მოძიება და დამოკიდებული ადამიანის სხვადასხვა პროგრამაში ჩართვაა. აქ იგულისხმება ფსიქოთერაპევტთან, ფსიქიატრთან კონსულტაცია და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. გარდა ამისა, ოჯახის წევრები თავადაც უნდა წავიდნენ ფსიქოთერაპევტთან და გაერკვნენ, რისი გაკეთება შეუძლიათ. ძალიან ხშირად დამოკიდებულების მქონე ადამიანი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს და მეუღლე, მშობლები, დედმამიშვილები ერთვებიან ხოლმე. ამიტომ, პირველი რეკომენდაცია, რასაც ასეთ დროს ადამიანებს ვაძლევ, არის ის, რომ შეწყვიტონ მისთვის ფინანსური დახმარება, გარდა სამკურნალოდ საჭირო რესურსების მოძიებისა.
- ხშირად ადამიანები ამ პრობლემას ოჯახის წევრებს უმალავენ და ვიდრე კრიტიკულ მომენტამდე არ მივლენ, არაფერი იციან. არის რაიმე ნიშნები, რომლებითაც ახლობლები ამოიცნობენ, რომ კონკრეტული პიროვნება აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული?
- როდესაც მეუღლე, მშობელი, ახლობელი ხარ და კარგად იცნობ ადამიანს, რთულია, რაიმე გამოგეპაროს. ფსიქოემოციური მდგომარეობა გაუარესებულია, ხშირი კონფლიქტები, ვალები აქვს, გამუდმებით ფულს ითხოვს, ყველას ვალი აქვს, ბევრ ტყუილს ამბობს და თუ ყურადღებით ვიქნებით, მარტივია ამ ტყუილების აღმოჩენა. შეიძლება ადამიანი სამსახურში არ მიდიოდეს, შფოთავდეს, არ ეძინოს და ასე შემდეგ. ამ პრობლემის აღიარების ხშირად თავადვე რცხვენიათ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამას, როგორც პრობლემას, ისე გაუსწორონ თვალი. დამოკიდებულება სირცხვილი არ არის, ეს არის ქრონიკული დაავადება, სადაც სწორი ჩართულობაა საჭირო, თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ.
"შავი სია"
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულაციების შესახებ
კანონი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებები აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება. ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნა მოხდება.
"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
- არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;
- აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
- აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
- თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შექმნილია
"დამოკიდებულთა" და
"აკრძალულ პირთა სია". დამოკიდებულ პირთა სიასთან დაკავშირებით, პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი ხდება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.
ამასთანავე, განისაზღვრება "აკრძალულ პირთა წრე", რომელიც ძირითადად მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველ პირებს.
ვრცელი სია ასეთია:
- საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს (მათ შორის, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მოსამსახურეს, საჯარო მოსამსახურეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს);
- "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს;
- "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს;
- სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აეკრძალებათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება.
1 მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1 907. ამასთან, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია.
თამარ იაკობაშვილი