ჩვეულებრივ ტატუირებაზე არანაკლებ საშიშია მოზარდისთვის ე.წ. დროებითი ტატუირება ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ტატუირება და მკვეთრად იმატა არასრულწლოვანთა რაოდენობამ, რომლებიც მშობლების ნებართვით თუ უნებართვოდ ისვირინგებენ სხეულს. ჩვეულებრივი ტატუირების მინუსებზე ბევრს ლაპარაკობენ და ყველასთვის არის ცნობილი – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დროთა განმავლობაში ელემეტარულად ბეზრდება ადამიანს ის, რაც წლების წინ ლამაზად თუ საინტერესოდ მიაჩნდა და ხელახალი მტკივნეული პროცესი ელის მის მოსაშორებლად. გარდა ამისა, არსებობს ტატუირების დროს სხვადასხვა დაავადების თუ ინფექციის "აკიდების" საფრთხე. მსოფლიო ვარსკვლავთა შორის ყველაზე ცნობილი პამელა ანდერსონის შემთხვევაა, რომელსაც სწორედ ტატუს გაკეთების დროს დამართეს ჰეპატიტი.
თუმცა ამჯერად ჩვეულებრივ ტატუებზე არ ვსაუბრობთ. მათ ალტერნატივად ბოლოხანს ინით ("ხნით") გაკეთებულ დროებით ტატუირებებს ირჩევენ ხოლმე – ზღვის სეზონზე ან ისე, უბრალოდ გასართობად, მოზარდებიც იკეთებენ და ხშირად მშობლებსაც არწმუნებენ, რაკი დროებითია, არა უშავსო. სხვადასხვა კურორტზე ძალიან პოპულარულია ინით ტატუირებები. თუმცა ცოტამ თუ იცის, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ "დროებითმა სიამოვნებამ".
საქმე ის არის, რომ შავი ინა არ არსებობს. ნაჯერი ფერის მისაღებად პლაჟის მხატვრები მასში ხშირად ამატებენ პარაფენილენდიამინს, რითაც მკვეთრად ზრდიან ალერგიული რეაქციების, ასთმის, სხვადასხვა სიმსივნის რისკს. რომ აღარაფერი ვთქვათ იარებზე, რომლებიც ხშირად სამუდამოდ რჩება...
ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ამგვარი ტატუს გაკეთებას, კარგად დაფიქრდით, მერე კი მაქსიმალურად სანდო ადამიანს მიმართეთ – ის სუფთადაც უნდა მუშაობდეს და უსაფრთხოების გარანტიებსაც უნდა იძლეოდეს.