წელს პრიორიტეტულია რეტრო ტიპის, უფრო 60-იანი წლების მოდა, პასტელური ფერებით დიზაინერი მარიკა ქურდუბაძე ბავშვების სამოსის დიზაინზე მუშაობს. მარიკამ მოგვცა რჩევები პატარების ჩაცმულობასთან დაკავშირებით, 2014 წლის ტენდნეციების გათვალისწინებით.
_ გახლავართ „ბზიკების“ სტუდიის დიზაინერი, რომელიც ძირითადად მუშაობს ბავშვებთან და ვზრუნავ საბავშვო "ევროვიზიის" მონაწილეების ჩაცმულობაზე. ახლა კი ახალი წლის თემაზე ვარ გადართული. ბავშვებთან მუშაობა მართლაც ძალიან სასიამოვნო და იმავდროულად რთულია, რადგან ჩარჩოში ხარ მოქცეული, ბავშვი ისეთი თემაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, თუმცა შეიძლება ისეთი რაღაცების გაკეთებაც, რაც უფრო საინტერესოს გახდის ბავშვის სამოსს.
_ რამდენად ითვალისწინებთ მოდის ტენდენციებს ბავშვის სამოსის შეკერვის დროს?
_ სიმართლე გითხრათ, ბავშვის სამოსის შეკერვისას უფრო მეტად ბავშვის ინტერესებს ვითვალისწინებ, ესაა ჩემთვის მთავარი ორიენტირი, ტენდენციას კი შეიძლება ფერის თვალსაზრისით შევეხო. თუმცაღა, ბოლო სამი-ოთხი წელია მოდა იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ტონზე იმუშაო და არ გიწესებს ამ მხრივ შეზღუდვებს.
_ რას ურჩევთ მშობლებს, როგორ გამოწაყონ ბავშვები?
_ უპირველესად უნდა ჩააცვან ის, რაც ბავშვებს სურთ. იქიდან გამომდინარე, რომ ცხენის წელიწადია, კარგი იქნება თუ ჩაცმულობაში ლურჯი დეტალები ექნებათ ხოლმე. საერთოდ, წელს პრიორიტეტულია რეტრო ტიპის, უფრო 60-იანი წლების მოდა, პასტელური ფერებით, თუმცა თუ გადავხედავთ წამყვანი დიზაინერების ნამუშევრებს იქაც შევნიშნავთ „ელექტრიკ“ ფერებს, მაგრამ ლურჯი მაინც ყველგან დომინირებს.
_ პრინტი, კუბოკრული, ნაქსოვი... ეს საკმაოდ ტენდნეციური ფაქტურაა, კიდევ რა ემატება ამ სიას?
_ ამ სეზონზეც მოდურია და ვფიქრობ, შემდეგშიც გადავა ყვავილებით დაჩითული ქსოვილის ტენდენცია, ჩვენი ბებოების პერიოდში იყო ხელით ნაქარგი ყვავილიანი შარფები, დაახლოებით ასეთი ტიპის ფაქტურაა მოდაში.
_ ანუ, ყვავილებიან ნაჭერს გულისხმობთ?
_ კი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს დაუსრულებელი კომპოზიცია, თემატური უნდა გახლდეთ მოჩითული ქსოვილი, ვთქვათ, პიჯაკის ბოლო ნაწილს უნდა მოყვებოდეს ყვავილები, ან სახელოს, ანუ მთლიანად ყვავილებიანი ქსოვილისგან შეკერილ სამოსს არ ვგულისხმობ.
ციცი ომანიძე