ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში ცნობილი მოდელები ირინა შეიკი და ნატალია ვოდიანოვა ქართველმა მამაკაცმა აღმოაჩინა და სწორედ მან მისცა ბიძგი მათ კარიერას.
ეს იყო სკაუტი გია ჯიქიძე, რომელსაც ბევრი დღევანდელი ცნობილი მოდელი ემადლიერება. ის საერთაშორისო სამოდელო სააგენტო "გრეის მოდელ ვორლდ"-ის პრეზიდენტი იყო - 1990-ანების და 2000-იანების დასაწყისის რუსი მოდელების პირველი და ერთადერთი აგენტი დასავლეთში.
სანამ თავის სააგენტოს დააარსებდა, სამოდელო სააგენტო ვივა-ში მუშაობდა. ამ სააგენტოს დავალებით ეძებდა მოდელებს რუსეთსა და უკრაინაში. მახვილი თვალისა და განსაკუთრებული ალღოს წყალობით, მას მართლაც შეეძლო ნამდვილი მარგალიტების პოვნა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბებზე გადიოდნენ.
მისი აღმოჩენილები არიან ნატალია ვოდიანოვა, ირინა შეიკი. ეს გოგონები, რუსეთის პროვინციიდან, სწორედ ამ კაცის წყალობით გავიდნენ ჯერ რუსეთის დედაქალაქში, მერე კი მსოფლიო პოდიუმებზე და მაღალანაზღაურებად ტოპმოდელთა შორის მოხვდნენ. ასევე გიას აღმოჩენილები არიან „მის რუსეთი-90“ ვიქტორია დრონოვა, ტოპ-მოდელი ინა ზობოვა, კატია ელიზაროვა და სხვები.
გარდა იმისა, მოდელები ყვებიან, რომ ის ნამდვილი პროფესიონალი იყო, ახერხებდა, ყველა გოგონასთან თბილი ურთიერთობები შეენარჩუნებინა და ყველა მათგანი დღემდე განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს მათზე მზრუნველ აგენტს.
„შესანიშნავი სკაუტი იყო... თუმცა ალბათ ერთადერთი ბუკერი, რომელიც უბრალოდ კი არ ეძებდა მოდელებს, მათ გამო განიცდიდა კიდეც“, - იხსენებს ნატალია ვოდიანოვა, რომელიც გიამ გაიყვანა პროვინციული ქალაქიდან, სააგენტოში გაუკეთა პორტფოლიო და სულ ცოტა ხანში გერმანულ „ელთან“ დაადებინა კონტრაქტი. ამის შემდეგ დაიწყო მისი აღმასვლა.
ასევე გია ჯიქიძის დამსახურებაა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში ადგილობრივ სამოდელო კონკურსზე დანახულ მშვენიერ გოგონაში - ირინა შაიხლისლამოვაში, მომავალი მსოფლიო მოდელი დაინახა, მასაც მოჰკიდა ხელი და დედაქალაქში წაიყვანა.
46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე უცნობია - ოფიციალური ვერსია გულის შეტევაა.