როგორი სვიტერი, ქურთუკი, პალტო უნდა ჩააცვათ ბავშვებს, რომ მოდურად გამოიყურებოდნენ + ფოტო-იდეები 2014-2015 შემოდგომა-ზამთრის საბავშვო მოდა, როგორც ყოველთვის, უფროსების მოდურ ტენდენციებს ჰგავს ბევრი რამით, თუმცა რასაკვირველია, ბავშვური დეტალებით გამოირჩევა. ბოლო დროს ცნობილმა და ავტორიტეტულმა მოდის სახლებმა ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეს საბავშვო კოლექციების შექმნას, რადგან დარწმუნდნენ, რომ მსოფლიო მასშტაბით ბავშვების გარკვეული ნაწილი არანაკლებ მოდურად და გემოვნებით იმოსება, ვიდრე უფროსები. მშობლებიც აქტიურად აკვირდებიან მოდის ტენდენციებს და თუ ბრენდულ სამოსს ვერ სწვდებიან, ყოველ შემთხვევაში, მოდის ტენდენციების გათვალისწინებით თავად ქმნიან მოდურ ანსამბლებს თუნდაც ბაზრობაზე ნაყიდი ჩვეულებრივი სამოსისგან. ამისთვის არის სწორედ საჭირო მოდური რჩევები და თვალის გადავლება ცნობილი მოდის სახლების საბავშვო კოლექციებისთვის.
ფერი და პრინტი
ამ სეზონზე ორი სრულიად საპირისპირო ტენდენციაა ფერისა და პრინტის თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ბავშვების სამოსში დომინირებს ერთი შეხედვით არაბავშვური ფერები – შავი, ნაცრისფერი, ასევე – თეთრი. ეს საბავშვო მოდისთვის საკმაოდ ახალი ტენდენციაა, სადაც, როგორც წესი, მკვეთრი და ხალისიანი ფერების ხილვას ვართ მიჩვეული. თუმცა სწორად შერჩეული კომპლექტები საკმაოდ უხდებათ ბავშვებს და ძალიან დახვეწილებიც ჩანან. ხანდახან ამ ფერებს შეიძლება, კოპლები, ზოლები, კუბოკრული პრინტები მიემატოს, რაც ასევე მოდურია.
მეორე მიმართულება ფერების მხრივ არის თამამი და ერთი შეხედვით გიჟური მიქსები. მკვეთრი ფერებისა და პრინტების. აღიარებული სამი ფერის პრინციპისგან განსხვავებით, წლევანდელ სეზონზე დიზაინერები გვირჩევენ, თამამად შევურიოთ სამზე მეტი ფერი, შევურიოთ ასევე პრინტები – ზოლები ყვავილებს, კოპლები კუბოკრულს და ა.შ.
ზედა სამოსი
ყველაზე პრაქტიკული ზედა სამოსი ბავშვებისთვის ე.წ. გაბერილი ქურთუკებია, ასევე ნახევარპალტოები. ამ სეზონზე ასეთი ქურთუკებისა და ჟილეტების ფართო არჩევანია.
გოგონებისთვის ძირითადად დრაფირებული, ტვიდის და შალის პალტოებია მოდური, ტრაპეციული თარგის, მოცულობითი. როგორც დიდების სამოსში, წელს ბავშვებთანაც მოდურია ე.წ. ჰუსარული ორბორტიანი ღილები.
ელეგანტური პალტოები და ქურთუკები ბიჭების გარდერობსაც მოუხდება, ძირითადად, მამაკაცური მოდელები აქვთ წარმოდგენილი დიზაინერებს, სპორტული და სააგარაკო დეტალებით – მსხვილი ღილები, დიდი ჯიბეები და ა.შ.
ბეწვი
ბეწვს წლევანდელ სეზონზეც დიდი ადგილი უჭირავს. დიზაინერები გვთავაზობენ ბეწვის ჟილეტებს, პალტოებს, ქურქებსა და აქსესუარებს. ძირითადად, ხელოვნურ ბეწვზეა საუბარი.
სპორტული დახვეწილობა
სპორტული მოდა უფროსების სამოსშიც დიდი ხანია შეიჭრა. თუმცა სპორტული დახვეწილობა ყველაზე მეტად ბავშვების მოდას უხდება, რომლებიც მოძრავ და აქტიურ ცხოვრებას მისდევენ. აქაც მკვეთრ ფერებზე, თავისუფალ სპორტულ შარვლებზე და კედებზეა აქცენტი გაკეთებული.
ნაქსოვი ზედატანი
განსაკუთრებულად მოდურია სვიტერი, რომელიც ცივ სეზონს ძალიან უხდება. საბავშვო კოლექციებში არის რბული, ფუმფულა, ასევე ნაზი ზედატანები. განსაკუთრებით აქტუალურია სვიტერები, რომლებსაც დიდი მკვეთრი აპლიკაცია ამშვენებს. თუმცა ზოლებიც არ გასულა მოდიდან.
დეტალები
ნებისმიერ სახეს დეტალები ასრულებს. არც ბავშვის გარდერობში დაგავიწყდეთ დეტალები. ყოველთვის საინტერესოა აქსესუარებით დამშვენება – გოგონებში შეიძლება იყოს ბეწვის საყელო, დიდი ბაფთა, ბიჭებისთვის – მოდური აჭიმები.