სმენა, თითების მოტორიკა... კიდევ - ერთი სიმღერით სამ ქალს კერავ და მეტი რა უნარი გინდა? - რა უნარებს ავითარებს გიტარა ამჯერად ხვიჩა მაღლაკელიძესთან ინტერვიუ, როგორც პედაგოგთან, ისე ჩავწერეთ. მოგეხსენებათ, ხვიჩა გიტარის უბადლო შემსრულებელია.. ყველა მშობელს კი უნდა, მის შვილს წარმატებულმა და პროფესიონალმა მასწავლებელმა შეასწავლოს ესა თუ ის საქმე. ამ საკითხის შესახებ ყველა მნიშვნელოვან დეტალს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ხვიჩა, უკვე რა ხანია, გამოცდილი პედაგოგი ხარ. რა ასაკის ბავშვებს ამეცადინებ?
- საერთოდ, ეს დამოკიდებულია ბავშვზე და მისი თითების მოტორიკაზე, შეიძლება, 16 წლის იყოს და არ ჰქონდეს განვითარებუოლი კარგად ეს ჩვევა, ან პირიქით, იყოს 10 წლის და გადასარევი მოტორიკა ჰქონდეს. უფრო 10 წლიდან ვიღებ ბავშვებს, როცა შედარებით უფრო იციან რა უნდათ, აღიქვამენ ნათქვამს და ა.შ.
- 20-30 წლის წინ გიტარაზე სიარული აუცილებლობასავით იყო... დღეს რამდენად მოთხოვნადია ამ ინსტრუმენტის შესწავლა?
- ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან მოთხოვდანია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც პროპაგანდას უწევს მუსიკას და თუნდაც გიტარაზე დაკვრას, თავისი შემოქმედებით. ადრე გიტარით ხელში რომ გაგევლო ქუჩაში, დაგცინებდნენ, დღეს კი პირიქითაა. მგონი ზოგი უკვე ტყუილად დაატარებს გიტარას ქუჩაში, სამარიაჟოდ. მაშინ სხვა შეხედულებები იყო, დღეს კი გაიხსნა სივრცეც და ფასეულობებიც შიეცვალა.
- რა უნარებს ავითარებს გიტარა, გარდა იმისა, რომ ბავშვი სწავლობს ინსტრუმენტზე დაკვრას?
- სმენას - თავისთავად, თითების მოტორიკას, გარდა ამისა, როცა კარგად უკრავ გიტარაზე, გარანტირებული გაქვს ადგილი თამადასთან ახლოს, უხარიათ ყველგან შენი დანახვა, ხარ სასურველი სტუმარი... მერე გოგოებმა რომ იციან, მიყვარს ბიჭი რომ გიტარაზე უკრავსოოო, ხომ იცი?! ჰოდა, დაუკრავ ერთ სიმღერას, უძღვნი ერთ გოგოს, თვალს აპარებ მეორისკენ და იმის უკნიდან გრძნობ მესამეს მზერას... ერთი სიმღერით სამ ქალს კერავ და მეტი რა უნარი გინდა? (იცინის).
- ხვიჩა, დაკვრასთან ერთად სიმღერასაც ასწავლი?
- არა, მე ვოკალს არ ვეხები. თავიდან, როცა რომელიმე სიმღერის დაკვრას ვასწვალი, თუ ბავშვი თავად წაიღიღინებს, არ ვუშლი, მაგრამ მე არ ვასწავლი, მე ინსტრუმენტის შესწავლას ვიღებ ჩემს თავზე, ვოკალზე კი სურვილის შეთხვევაში შესაბამის პედაგოგთან ვამისამართებ.
- რა დრო სჭირდება ბავშვს, რომ საშუალო დონეზე შეისწავლოს ინსტრუმენტი? გასაგებია, რომ აქ ნიჭი და შრომისმოყვარეობაც გასათვალისწინებელია, მაგრამ მაინც…ზოგადად რომ გვითხრა...
- მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის პროფესიონალად ვითვლები, მე დღესაც ვსწავლობ და ვერ ვიტყვი იმას, მორჩა, ამ სფეროში ყველაფერი ვისწავლე-მეთქი... ანუ ესაა ამოუწურავი მასალა. მაგალითად, ჩემთან გიტარის შემსწავლელი კურსი იყოფა ერთსაათიან 10-10 გაკვეთილად, თითო კურსს სახელიც შევურჩიე: პირველი 10 გაკვეთილი არის `აზრზე მოყვანის~, მეორე კურსს ჰქვია - `განეცვალოს დედა~, მესამეს - `გენაცვალოს მამა~, ანუ უკვე მამაც იგებს, რომ ბავშვი გიტარაზე დადის და უკრავს, მეოთხეს - `ქალო, ბავშვი გააღვიძე, გიტარა გამოიტანოს~, ანუ მამა ძმაკაცებთან ეთად ქეიფობს... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ თავად ბავშვმა და მშობელმა უნდა გადაწყვიტონ, როდის შეწყვეტენ სიარულს... გააჩნია, რა დონეზე უნდა შესწავლა.
- ზოგადად, დიდ შრომას, ბევრ მეცადინეობას მოითხოვს გიტარა?
- შრომას მოითხოვს ყველაფერი და არც ესაა გამონაკლისი. გარკვეულ ასაკში სწავლა ეზარება ყველას, მაგრამ რას ისწავლი და რას არა, ეს პედაგოგზეა დამოკიდებული. მე მაგალითად პედაგოგების მიხედვით ვსწავლობდი საგნებს. თუმცა, გიტარა სულ ჩემით შევისწავლე, 13 წლის ვიყავი, პირველი კონტაქტი რომ დავამყარე მასთან, ჩემით დავიწყე აკორდების შესწავლა, მე თვითონ ვიგონებდი აკორდებს, ვფიქრობდი, უხდებოდა თუ არა ესა თუ ის ბგერები ერთმანეთს... აბა, სად იყო იმ დროს ბათუმში გიტარის მასწავლებელი, ვუკრავდი, ბევრს და დიდხანს, დილიდან დაღამებამდე ისე, რომ ხან ჭამაც კი მავიწყდებოდა, მერე დედაჩემი შემომივარდებოდა `ზალაში~ და სულ ძალით გავყავდი სამზარეულოში საჭმელად. იქიდან გამომდინარე, რომ მასწავლებელი არ მყოლია, ასე მგონია, ეს ჩემი აღმოჩენლი სამყაროა, ყველა ნოტი, აკორდი, სიმების მიხედვით თითების მდებარება და ზოგადად, ყველა დეტალი თავად `ვიპოვე~, შევისისხლხორცე ეს ინსტრუმენტი და დღეს იცი, როგორ ვარ? სადმე რომ მივდივარ და გიტარა დევს, შეხების გარეშე ვგრძნობ, რომელი სიმია არეული, მთლიანად შევიგრძნობ ამ ინსტრუმენტს, ამდენი წელია ხელიდან არ გამიშვია და რა გასაკვირია, რომ ასეც იყოს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არასდროს მინდოდა, გიტარისტი ვყოფილიყავი. მოსწავლეობის პერიოდში უამრავი სხვადასხვა წრით ვიყავი გატაცებული, ვხატავდი, მულტიპლიკაციური ფილმიც მაქვს გაკეთებული, ესპერანტოზეც კი დავდიოდი. მოკლედ, მუდმივად აქტიური ვიყავი და სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული, მაგრამ ბოლმდე მაინც გიტარა შემომრჩა.
- გქონია შემთხვევა, როცა ბავშვი მხოლოდ მშობლის სურვილით დადიოდა შენთან და თავად არ ჰქონდა ინსტრუმენტის შესწავლის სურვილი?
- კი, იყო ასეთი... მაგრამ ეს თავიდან, მერე და მერე თვითონაც მოსწონთ, სიხარულით მოდიან. სხვათა შორის, მყავდა ერთი მოსწავლე, რომლის ბებიაც მეუბნებოდა, სახლში სულ ტირის, არ მინდა გიტარაზეო და თქვენთან რას შვრებაო? ჩემთან გადასარევად უკრავდა, მოსწონდა ეს საქმე და ასეც ვუთხარი იმ ქალბატონს, მაშინ იტიროსო – მიპასუხა... (იცინის) სხვათა შორის, ჩემი მოსწავლეები იყვნენ ნიკო ბერიძე, ზვიად ბოლქვაძე, რომელიც მართლა გენიოსია, ერთ ნოტს რომ ვასწავლიდი, აკორდს თვითონ ქმნიდა, ნიკოც ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ რატომ არ ჩნდება გიტარით, მიკვირს. მათ ნიჭიერებაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, რადგან უკვე თავადც შეგიძლიათ შეაფასოთ.
- ხვიჩა, რამდენად ხარჯიანია გიტარაზე სიარული და ამ ინსტრუმენტის შესწავლა?
- ძირითადი ხარჯი არის თავად გიტარა, კარგი ინსტრუმენტის ფასი 1000 ლარიდან იწყება. თუმცა არის ჩინური გიტარებიც - 130-150 ლარიდან, ფანერის, ჩხუბში კი გამოგადგება ისე კაცს, ერთ ოთხ ადამიანს გაუმკლავდები, მაგრა მერე შეგრჩება მხოლოდ გიტარის ტარი... (იცინის) სხვა განსაკუთრებულ ხარჯებთან არაა დაკავშირებული.
ციცი ომანიძე