როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად - სხვადასხვა საჭირო ხრიკი სანამ სახლში ინტერიერის შეცვლას გადაწყვეტთ, მანამდე სწორად უნდა დაგეგმოთ სივრცე. ეს ყველაზე მთავარია ინტერიერის მოწყობისას, განსაკუთრებით, თუ ბევრისთვის ნაცნობი პრობლემა ‒ სივიწროვე გაწუხებთ. თუმცა კვადრატულ მეტრებს არ ენიჭება ისეთი დიდი მნიშვნელობა, თუ იცი, როგორ მართო ეს „კვადრატები“. ვიწრო დერეფანი, პატარა სამზარეულო, პაწაწინა ტუალეტი, საძინებელი, რომელშიც მოძრაობა გიჭირს... ერთი შეხედვით, ორისთვისაც კი პატარა ჩანს, მით უმეტეს, თუ იქ დიდი ოჯახი ცხოვრობს. მაგრამ კარგი ის არის, რომ ყველაფერს აქვს „გასაღები“ და ყოველთვის არსებობს გამოსავალი, მთავარია, სხვანაირად შეხედო და შეაფასო.
შიდა სივრცის სწორი ორგანიზების შემთხვევაში შეიძლება, 30 კვადრატული მეტრიც კი 60 კვადრატულის ტოლფასად აქციო.
ვიზუალიზაცია
პირველი, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ: ვიზუალურად გაზარდოთ სივრცე. ამას შეიძლება რამდენიმე მარტივი მეთოდით მიაღწიოთ: სარკეების, კედელზე გავლებული
ვერტიკალური ზოლებისა და კონტრასტული ფერის შპალერების მეშვეობით.
ნუ დაამძიმებთ დერეფნის კედლებს საკიდებითა და ტანსაცმლით, ჯობს მაღალი, ჭერამდე
მისული კარადა დადგათ,სარკეებიანი კარებით. ასე ვიზუალურად გაზრდით დერეფანს
და თან დამალავთ უცხო თვალისგან უამრავ ფეხსაცმელსა თუ საგარეო სამოსს.
სანამ ბინას მოაწყობთ, იფიქრეთ, რა ფერებს მოაქვს მეტი სინათლე და რომელი უხდება
ერთმანეთს. საძინებელსა და სასტუმრო ოთახში ერთი და იგივე მასალა, სხვადასხვა ფერი აირჩიეთ ‒ ასე ოთახს ზონებად „დაყოფთ“ (დასვენების, გართობის ზონები). მოკლე
ფარდების ნაცვლად ფანჯრებზე გამჭვირვალე ტული დაკიდეთ ‒ ის ოთახს ჰაერით
აავსებს და ქუჩიდან შემომავალ მკვეთრ შუქს შეარბილებს, ან ‒ გრძელი ფარდები
მრავალფეროვანი ვერტიკალური ხაზებით. ასეთი ილეთები სივრცეს ვიზუალურად
რამდენჯერმე ადიდებს.
გეგმის გადახედვა
თუ თქვენს ბინაში პატარა ოთახების გასაერთიანებლად არ შეიძლება რამდენიმე კედლის მოცილება, მაშინ სივრცის ორგანიზების სხვა, უფრო მახვილგონივრულ საშუალებებს მიმართეთ.
ჯერ ერთი, უარი თქვით კარებზე (საძინებლის კარის გარდა). ის ოთახი, რომელიც თავდაპირველად სამზარეულო იყო, შეგიძლიათ, სააბაზანოდ აქციოთ, ხოლო სააბაზანო
‒ შესასვლელს მიუმატოთ, ან პირიქით.
დიდ ოთახებს მრავალფუნქციურობა მიანიჭეთ: თვით სამზარეულო გადაანაცვლეთ
ან მიუერთეთ მისაღებ ოთახს, ბიბლიოთეკას კი საძინებელში მოუყარეთ თავი. სივრცის ზონებად დაყოფის საშუალებად გამოდგება არა მხოლოდ ფერები, არამედ მცირე თაბაშირმუყაოს სვეტები კედლების გასწვრივ, რომლებიც ნიშები გახდება. ეს კედლებს
ვიზუალურად განტვირთავს.
თუ არ იქნება ბევრი კარი, იქნება ბევრი დიდი ზომის სარკე და თან სწორად განალაგებთ
ავეჯს, ბინა უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე სინამდვილეშია.
ჩაშენებული ავეჯი
ნივთების კომპაქტურად შენახვა წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. კოლოფები,
კალათები, ტანსაცმლის კონტეინერები, დამატებითი საკიდები, აქსესუარები სამზარეულოს
ნივთების შესანახად და ბევრი სხვა რამ ‒ ამ მცირე „დამხმარეების“ მეშვეობით
შეიძლება, ოთახში წესრიგიც შეინარჩუნოთ და დამატებითი სივრცეც გამოყოთ სამუშაოდ
და დასასვენებლად, სასტუმრო ოთახში ან საძინებელში.
სივრცეს ნუ დატვირთავთ დიდი საოჯახო ტექნიკით, ჯობს, ჩაშენებული ვარიანტები
აირჩიოთ, გამოგადგებათ ასევე ჩაშენებული ავეჯი, ასაშლელი და დასაკეცი საწოლი თუ დივანი ‒ ტრანსფორმირებადი საგნები პატარა სივრცისთვის ზედგამოჭრილია.
ასევე იხილეთ: