სხვადასხვა სახის შეზღუდვა უკვე აღარ არის დაბრკოლება ცხოვრების ბევრ სფეროში სხვადასხვა სახის შეზღუდვა უკვე აღარ არის დაბრკოლება ცხოვრების ბევრ სფეროში. ბოლო დროს თვით ისეთ სილამაზესა და ერთი შეხედვით სრულყოფილებაზე აგებულ სამყაროშიც კი, როგორიც მოდაა, სულ უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობების თუ "განსხვავებული" ადამიანი ჩანს. ამ ერთი-ორი წლის განმავლობაში პოდიუმსა და მოდური ჟურნალების გარეკანებზე ვიხილეთ უფეხო, უხელო, ელამი, ვიტილიგოს დაავადების მქონე, ალბინოსი, დაუნის სინდრომის მქონე მოდელები. ასეთივე სიტუაციაა ბავშვებშიც – სულ უფრო მეტი "სხვანაირი" ბავშვი იპყრობს მოდის სამყაროს.
პატარა ბრიტანელი ჰოლი გრინჰაუს ამბავი, რომელიც მსოფლიოში პირველი ცერებრალური დამბლის მქონე მოდელი გახდა, ნამდვილ სენსაციად იქცა. ჰოლი, რომელიც ეტლით გადაადგილდება და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ახერხებს ურთიერთობას, მოდის სამყაროს იპყრობს. სულ ცოტა ხნის წინ "ტესკოს" სარეკლამო სახე გახდა – ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული ბრენდის.
ჰოლის მაგალითი სულაც არ არის ერთადერთი ბოლო წლებში. 2011 წელს მოდური მარკის Marks&Spencer-ის სარეკლამო რგოლში 3 წლის სებ უაიტი გამოჩნდა, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს. ამ წარმატებას სედი დედამინის დაჟინებას უნდა უმადლოდეს – კაროლინამ ამ ბრენდის "ფეისბუქის" გვერდზე დასვა შეკითხვა, რატომ არ შეუძლია მის ვაჟს მათ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის ჩვეულებრივი? კომპანიის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ქალს და მისი შვილი კასტინგზე დაიბარეს – ასე აღმოჩნდა სების ხალისიანი ღიმილი ტელევიზორის ეკრანებზე.
მანამდეც და მას მერეც დაუნის სინდრომის მქონე პატარები საბავშვო სამოსის კატალოგებსა და რეკლამებში ჩნდებოდნენ, ტელეეკრანით მსგავსი რეკლამა პირველი შემთხვევა იყო.
ასეთი პატარების აქტიურად გამოჩენა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჭეშმარიტ სილამაზეს არ აქვს კავშირი ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებსა და გარეგნულ მონაცემებთან.