"არ არის აუცილებელი, ბავშვს ძვირიანი ბრენდები ეცვას" - რას ფიქრობენ ცნობილი დედების ბავშვების განებივრებაზე
"არ არის აუცილებელი, ბავშვს ძვირიანი ბრენდები ეცვას" - რას ფიქრობენ ცნობილი დედების ბავშვების განებივრებაზე
ცოტა ხნის წინ, ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა სტატია მილიონერი დედის შესახებ, რომლის შვილებს არ აქვთ მობილური, ტელევიზორი. მიუხედავად უზრუნველი ფინანსური მდგომარეობისა, დედა შვილებისთვის წელიწადში ოთხ შარვალს ყიდულობს და ფეხსაცმლისთვის მხოლოდ 50 დოლარს აძლევს, ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ ბავშვებმა თავი გამორჩეულად არ იგრძნონ, თავადაც იშრომონ და ისე მიაღწიონ საწადელს, შეიძინონ სასურველი ნივთები. ყველა მშობელს უნდა, მისი შვილს კარგად ეცვას, ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ სად გადის ზღვარი განებივრებასა და საჭიროებას შორის, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ლამაზი სამოსი თუ სათამაშოები იმ რაოდენობით "შეიტანოს"
შვილის ცხოვრებაში, მან უპირატესობა არ იგრძნოს და ეს არ გახდეს გათამამების ან გარყვნის საბაბი. ამ თემაზე ანა კოშაძეს, სალომე გოგიაშვილს და ხათუნა ჟორდანიას ვესაუბრეთ.

სალომე გოგიაშვილი: "ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს რომელიღაც ფირმის ბოლო მოდელის ტელეფონი"
- ჩემი ქალიშვილი უკვე 12 წლისაა, თავისი სტილი აქვს, ამიტომ ვცდილობ, შევუთანხმო დეტალები და ისე ვუყიდო, ან თავადაც წავიყვანო საშოპინგოდ. პატარების შემთხვევაში არ ვითვალისწინებ და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ჩემით ვახერხებ. ჩემი მეორე შვილი 7 წლისაა და საერთოდ ვერ ხვდება, შარვალს რომ ვყიდულობ, ძვირიანია თუ იაფიანი, შესაბამისად ამ შემთხვევაში განებივრებაზე საუბარი არაა სწორი. მაგრამ ჩემი
ქალიშვილი, რომელიც უკვე ხვდება, რა კარგია და რა ცუდი, არასდროს არ მომთხოვს იმაზე მეტს, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება.
- რა სიხშირით ყიდულობ მათთვის სამოსს? იძენ მხოლოდ აუცილებელ ნივთებს თუ ე.წ. გასაპრანჭ სამოსსაც?
- როცა ვხვდები, რომ ფეხსაცმელი, შარვალი ან სხვა სამოსი სჭირდება, რა თქმა უნდა, ვიძენ, მაგრამ არ არსებობს, წავიდე ჩემთვის საყიდლებზე და ბავშვებს არ მოვუტანო რაღაც. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ჩემთვის წავსულვარ მაღაზიებში, მაგრამ ბავშვების ტანსაცმლით დატვირთული დავბრუნებულვარ და ჩემთვის არაფერი შემიძენია.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვი არ იყოს განებივრებული თუნდაც სამოსის მხრივ, თუმცა იმავდროულად შემოსოს საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით?
- განებივრება ისეთი თემაა, რომელიც მხოლოდ სამოსს არ ეხება, ამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ სათამაშოები, ტექნიკა და ა.შ. ვერ ვიტან, როცა 6 წლის ბავშვს აქვს რომელიღაც ფირმის ბოლო მოდელის ტელეფონი, ჩემს შვილსაც აქვს ტელეფონი, მაგრამ სახლში, თავისთვის თამაშობს და ერთობა, გარეთ არ დააქვს. ჩემს ბავშვობაში, დედა რაიმე ახალს რომ მიყიდდა, ძალიან დიდი ხანი ვლაპარაკობდი იმაზე, დღევანდელი ბავშვები კი იმდენად განებივრებულები არიან სხვადასხვანაირი სათამაშოებით, ტექნიკით, რაც არ უნდა უყიდო, ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, რაც ძალიან არ მომწონს. ჩემი აზრით, ბავშვის განებივრება ოჯახიდან მოდის, როცა ბავშვს ნაკლებ ყურადღებას აქცევ და საკომპენსაციოდ ახალ ნივთს ჩუქნი, ეს ძალიან დიდი ტყუილი და ცუდი საქციელია. არის შემთხვევები, როცა მამები ფიქრობენ, თუ შვილს საუკეთესო ტელეფონს უყიდიან, მერე შეიძლება ორი თვე არ ნახონ, რაც თავისთავად ცუდი მიდგომაა.
- თუ არსებობს რაიმე ზღვარი, რაზე უფრო ძვირ სამოსსაც არ უყიდი შვილებს?
- დაწესებული არ მაქვს ზღვარი, მაგრამ გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ბავშვს ძალიან ძვირიანი სამოსი არ უნდა უყიდო, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ყოველდღიურ სამოსში მილიონების გადახდა არ მიმაჩია სწორად, თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვია და დაახლოებით ერთ თვეში ის სამოსი უკვე პატარა ექნება. ყველა შესაძლებლობის მიხედვით ყიდულობს ნივთებს, მაგრამ ვისაც არ მოჰყვება ფინანსური მხარე, მაგრამ ვალებს იღებენ და იხდიან ძალიან ძვირს ბავშვის სამოსში, იმათი არ მესმის.
- დილაობით, სამოსის შერჩევისას თუ გაქვთ დისკუსია?
- ეს ეტაპი ყველა ბავშვს და ყველა მშობელს აქვს. დაახლოებით 9 წლიდან გოგონებს ეწყებათ ახირებები, ეს არ უნდათ და ის უნდათ, მერე ისიც აღარ უნდათ და ვერ იგებენ, რა უნდა გააკეთონ. ეს პრობლემა მეც მქონდა, მაგრამ მივხვდი, რომ ამაზე ნერვების მოშლა არ ღირს, უნდა მიუშვა, ჩაიცვას ის, რაც უნდა, ძალიან მალე გადაუვლის ეს პერიოდი და ყველაფერი მწყობრში ჩადგება. დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, რაღაცას რომ ჩაიცვამს, მეკითხება, კარგია თუ ცუდი. მე ძალიან მომწონს, როცა ბავშვს ბავშვურად აცვია და არა ქალურად. ჩვენც გვქონია პერიოდი, როცა მალე დაქალება გინდა, გგონია, რაც უფრო ქალურად ჩაიცვამ, უფრო მალე დაგიდგება ეს ეტაპი, მეც მქონდა ეს მიდგომა, მაგრამ მივხვდი, რომ ქალურად ჩაცმული ბავშვები ძალიან ცუდი შესახედია.
- სალომე, სათამაშოებისა და გასართობების შეძენის შემთხვევაში ზღვარი როგორ უნდა დავიცვათ, თუნდაც ფასთან მიმართებაში?
- ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს მშობელმა. სათამაშოების მაღაზიაში რომ შედიხარ, თვალები უფროსსაც კი გიჭრელდება და გიჭირს ჩამოყალიბება, მიუხედავად ამისა, ბავშვი უნდა მიაჩვიო იმას, რომ შეარჩიოს ერთი ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს და ის უყიდო. ჩემს მეუღლეს უნდა, ბავშვები გაახაროს და ჰგონია, თუ ძვირიან რაღაცას უყიდის, ეს განსაკუთრებულ სიხარულს მიანიჭებს მათ. რეალუარდ კი, პატარებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ფასიანია გასართობი, მაღაზიიდან სახლამდე მისულებს უკვე ბეზრდებათ და თან არ უფრთხილდებიან. ეს ყველაფერი ავუხსენი ჩემს ქმარს, თავადაც მიხვდა, რომ ბავშვებისთვის სათამაშოს ფასს მნიშვნელობა არ აქვს, იაფიანი საჩუქარიც ისევე ახარებთ, როგორც ძვირიანი, ამიტომ ვისწავლეთ ჭკუა - მივდივართ და ვიძენთ შედარებით დაბალფასიან სათამაშოებს.

ანა კოშაძე: "ძალიან რთულია, შვილს უყიდო რაღაც მისი გემოვნებით"
mshoblebi
- ანა, ბავშვებისთვის სამოსს მხოლოდ მაშინ ყიდულობ, როცა რაღაც აუცილებლად გჭირდება, თუ იმ შემთხვევაშიც იძენ, თუ რამეს, შენთვის მოსაწონს წააწყდები, თუმცა, შეიძლება სულაც არ იდგეს მისი ყიდვის აუცილებლობა?
- სამოსს ძირითადად საჭიროების შემთხვევაში ვყიდულობ, იმდენი დრო არ მაქვს, ისე, უბრალოდ ვიარო მაღაზიებში და ბავშვების ტანსაცმელი ვათვალიერო. საბავშვო მაღაზიაში მივდივარ იმ შემთხვევაში, როცა ჩემს შვილებს სჭირდებათ რაღაც, შესაბამისად, ისე გამოდის, რომ ყველა ვარიანტში საჭიროების შემთხვევაში ვყიდულობ მათთვის სამოსს.
- რამდენად განებივრებულები არიან შენი შვილები სამოსის თვალსაზრისით?
- უფრო მამიდა ანებივრებს ბავშვებს, მიჰყავს და ლამაზ-ლამაზ კაბებს ურჩევს ხოლმე, მე მაგ მხრივ ცუდი დედა ვარ. რასაკვირველია, ვყიდულობ, მაგრამ კაბები, რომლებიც მათ მოსწონთ, მაინცდამაინც მოსახერხებელი არაა, არც ცივი სეზონისთვისაა შესაფერისი, შესაბამისად, მირჩევნია, ისეთი რაღაცები ვუყიდო, რაშიც უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს. ხანდახან ფიფქიას და მძინარე მზეთუნახავის კაბას სახლში შარვალზე და თბილ ზედაზე ვაცმევ, ძალიან სასაცილოები არიან ამ კაბებში გამოწყობილები, მაგრამ ბედნიერად გრძნობენ თავს.
- ბავშვებს თუ აქვთ ახირებები ჩაცმასთან დაკავშირებით?
- ძალიან ვცდილობ, ვაიძულო თავი და გავითვალისწინო ბავშვების აზრი ჩაცმის საკითხში. მახსოვს, საშობაოდ ჩემს მეგობართან და მაშოსთან, ჩემს უფროს შვილთან, ერთად საყიდლებზე ვიყავით წასულები. ჩემმს მეგობარს უნდოდა მაშოსთვის საჩუქარი ეყიდა და უთხრა, წამოდი, შენ რაც მოგეწონება, იმას გიყიდიო. დედიკო იმას არ ყიდულობს ხოლმე, მე რომელიც მომწონსო, უპასუხა ბავშვმა. მისი ეს სიტყვები გულზე ძალიან მომხვდა და მივხვდი, ასე არ შეიძლება. თუმცა, ძალიან რთულია, შვილს უყიდო რაღაც მისი გემოვნებით, როცა ხვდები, რომ მისი შერჩეული ნივთი არაა საკმარისად თბილი, არ უხდება მის ქურთუკს და ა.შ. იმ შემთხვევის შემდეგ ვცდილობ, გავითვალისწინო მაშოს აზრი, კონსენსუსს მივაღწიოთ და ერთობლივად შევარჩიოთ სამოსი, მე მის აზრს ვითვალისწინებ, ის - ჩემსას. რაც შეეხება ახირებებს და სამოსის ამოჩემებას, ეს არ ახასიათებთ, უბრალოდ ორივეს უნდა, რომ ყოველთვის კაბა ეცვათ, ასე კი არ გამოდის და გვაქვს ამ თემაზე შეხლა-შემოხლა. ამ ფონზე მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის ფორმა არის ძალიან დიდი კომფორტი, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველდღიურად ჩაცმა არ ხდება სჯა-ბაასის საგანი. ბავშვმა იცის, რომ სკოლაში უნდა წავიდეს ფორმით და ამით ყველაფერი გადაწყვეტილია. კიდევ ერთი დადებითი ისაა, რომ ფორმა არის კაბა და ეს ახარებს მაშოს, მოკლედ, ფორმა ორივეს გვაბედნიერებს.
- ანა, ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა მასალა მილიონერ დედაზე, რომელიც ამბობდა, რომ შვილებისთვის წელიწადში ოთხ შარვალზე მეტს არ ყიდულობდა და ფეხსაცმლისთვის 50 დოლარს აძლელვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვები არ გაენებივრებინა და არ გაერყვნა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ბავშვმა არ იგრძნოს უპრატესობა, თუნდაც ჩაცმის საკითხში, მაგრამ იმავდროულად ჰქონდეს ყველაფერი, რაც საჭიროა?
- ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: მე არ ვყიდულობ მათთვის ძვირიან სამოსს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მალე უპატარავდებათ. ცოტა ეგოისტურად გამოდის ის, რომ მე ჩემთვის შეიძლება ბევრად უფრო ძვირფასი რაღაც შევიძინო, ვიდრე ჩემი შვილებისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, შვილების განვითარება-განათლებაში არ მენანება და არ ვზოგავ თანხას. ძვირად ღირებული სამოსის ბავშვებისთვის ყიდვა განებივრებისა და ფუფუნების საგანი მგონია და არ ვთვლი აუცილებელ პირობად, რომ ბავშვს ეცვას ძვირიანი ბრენდები, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს შენს შესაძლებლობებს აღემატება. მილიონერი რომ ვიყო, შეიძლება ოთხ შარვალზე მეტი ვუყიდო ჩემს შვილს, მაგრამ ის არ მიმაჩნია სწორად, რომ დიდი ძალისხმევის და დაზოგვის შედეგად წახვიდე და შვილს ძვირად ღირებული სამოსი შეუძინო. შეიძლება ვიღაცამ თქვას, აბა, ვისთვის მინდა ფული, შვილი იმისთვის გავაჩინე, რომ მან ისიამოვნოს, ჰქონდეს ის სათამაშო ან ტანსაცმელი, რაც მოუნდებაო. მეც მსიამოვნებს ჩემი შვილების გახარება, მაგრამ არ მინდა, ჰქოდეთ ისეთი დამოკიდებულება, რასაც ინატრებენ, მაშინვე აუსრულდეთ. თუნდაც იმიტომ, რომ როცა გაიზრდებიან და გახდებიან საკუთარ თავზე დამოკიდებულები, შეიძლება არ ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ყველა სურვილი აისრულონ, ამის გამო კი თავი უბედურად არ უნდა იგრძნონ. თუ 15-დოლარიანი, მაგრამ საკუთარი შრომით მოპოვებული ფეხსაცმელი ეცმევათ, ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნან. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ დედამიწა მის გარშემო არ ტრიალებს.
- რამდენად მომთხოვნები არიან შენი შვილები სათამაშოების მიმართ?
- ამ საკითხშიც ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც სამოსთან... არც ისე ხშირად ვყიდულობ სათამაშოებს, ფასსაც იმის მიხედვით ვიხდი, თუ რა დატვირთვა აქვს მას. სათამაშოში, რომელიც დაკავშირებულია განვითარებასთან, შეიძლება არ დამენანოს ფული და შევიძინო, მაგრამ ამას არ აქვს ყოველდღიური სახე. რაც შეეხება მომთხოვნობას, მაშოს ძლივს ვასწავლე, რომ მკითხოს, მაქვს თუ არა იმ კონკრეტული ნივთის ყიდვის შესაძლებლობა და შემდეგ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. ანასტასია ჯერ პატარაა და დაჟინებით ითხოვს, თუმცა ვცდილობ, ყოველთვის არ ვუყიდო, უფრო წახალისების ფორმას ვაძლევ და დამსახურების მიხედვით ვყიდულობ მათთვის ამა თუ იმ სათამაშოს ან საჩუქარს.

ხათუნა ჟორდანია: "ყოველდღიურად გამოსაყენებელ სამოსში ძვირს ნამდვილად არ ვიხდი"
mshoblebi
- როცა თბილისში ვარ, ანასტასიას სამოსს ძირითადად იმ შემთხვევაში ვყიდულობ, თუ სჭირდება. მაგალითად, წელს სკოლის დაწყებამდე აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყველა ფესაცმელი პატარა ჰქონდა, საზღვარგარეთ წასვლას არ ვაპირებდი, შესაბამისად აქ ვუყიდე ფეხსაცმელი. ისე, როცა გამგზავრება მიწევს, მისთვისაც აუცილებლად ჩამომაქვს სამოსი.
- რამდენად არის განებივრებული ანასტასია სამოსის თვალსაზრისით და თუ არსებობს მისთვის აკრძალვები?
- აკრძალვები არა, რადგან თვითონ ისეთი ბავშვია, იშვიათად ითხოვს რაღაცას. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, მაღაზიაში შევსულვართ და მითქვამს, აარჩიე რა გინდა და გიყიდი-მეთქი, მას კი უპასუხია, არაფერი არ მინდა, ყველაფერი მაქვსო. ისეთ პასუხებს ვიღებ ხოლმე მისგან, კიდევ უფრო მინდება, რომ საჩუქარი გავუკეთო. ასე რომ, ძირითადად თვითონ არ ითხოვს, მე რასაც ვუყიდი, იმით კმაყოფილდება. ერთადერთი მისი მოთხოვნა წიგნის ყიდვას უკავშირდება, თუ რაიმე ახალი გამოდის, თავადვე მთხოვს მის შეძენას.
- თუ გაქვთ დაწესებული რაიმე ზღვარი, რომელზე მეტ თანხასაც არ გადაიხდით ანასტასიას სამოსში?
- ანასტასია ისეთ ასაკშია, ყოველდღიურად გამოსაყენებელ სამოსში ძვირს ნამდვილად არ ვიხდი, მაღალფასიანი შეიძლება ჰქონდეს რომელიმე გამოსასვლელი კაბა. კონკრეტულ ზღვარზე არ მიფიქრია.
- დილაობით ჩაცმასთან დაკავშირებით თუ აქვს თავისი მოთხოვნები?
- როცა მეკითხება, რა ჩაიცვას, ვეუბნები, ადი, შენ თვითონ აარჩიე რა გინდა ჩაიცვა და მაჩვენე-მეთქი. სამოსის ორ-სამ ვარიანტს არჩევს და მერე ვიღებთ გადაწყვეტილებას.
- მშობლებმა როგორ უნდა დავიცვათ ზღვარი თუნდაც სამოსის, ან სათამაშოების შეძენისას, რომ ბავშვმა უპირატესობა არ იგრძნოს?
- ნინის ანასტასიასთან შედარებით ბევრი ტანსაცმელი ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ სულ კონცერტებზე უწევდა გამოსვლა. თუმცა, აუცილებელი არაა მაინცდამაინც ძვირი გადაიხადო ბავშვის სამოსში. მე მთელი ჩემი ცხოვრება ძალინ მარტივ გზას მივმართავ და მარტივად გამოვდივარ ასეთი მდგომარეობიდან - ვყიდულობ ნაჭერს, მიმაქვს მკერავთან, ვიგონებ დიზაინს და ვიკერავ სასურველ კაბას, იგივეს ვაკეთებ ბავშვების შემთხვევაშიც. მითუმეტეს კერვა თუ გეხერხებათ, ძალიან იაფად და მარტივად გაართმევთ თავს ასეთ სიტუაციას. მე მეხერხება კერვა და ბოლოს, როცა "რუსთავი-2"-ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იყო ანასტასია, ჩემი შეკერილი კაბა ეცვა. ასე რომ, სულ არაა აუცილებელი ბავშვი ძვირად ღირებული ტანსაცმლით გაანებივრო, შეიძლება გემოვნებით და შედარებით იაფად ჩააცვა, თან ძალიან კარგად გამოიყურებოდეს.
ციცი ომანიძე
22648
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ჰმ-ს
0
რატომ ეჰ! :))))) არსად დაეკარგოთ თავიანთი ფინთიკრუშკები
19:12 / 13-12-2016
hm..
0
ეჰ,რასაც თქვენ იაფს ეძახით,უბრალო მოკვდავისათვის დარწმუნებული ვარ ,ძაან ძვირი იქნება და შეეშვით ტყუილებს.
22:48 / 02-10-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?