განსაკუთრებით საჭიროა ის ბავშვის ოთახში ხალიჩა განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს ოთახს. ძალიან საჭიროა ის ბავშვის ოთახში - ზამთარში სიცივისგან იცავს, ზაფხულში - პაპანაქებისგან, თანაც ნაბიჯების ან ძირს დაგდებული საგნის ხმას ახშობს.
როდის ვიყიდოთ
6 თვემდე ბავშვისთვის ხალიჩა ყველაზე აუცილებელი ნივთი ნამდვილად არ არის. მაგრამ როგორც კი ხოხვაზე გადავა, მოგვიანებით კი სიარულის მცდელობაზე - მის გარეშე გაგიჭირდებათ. ხალიჩაზე ხოხვა ბევრად უფრო კომფორტული და უსაფრთხოა, ვიდრე პარკეტზე. პაწაწინა ფეხები იატაკზე ხშირად ცურავს, რაც ისედაც ბორძიკით მოსიარულე ჩვილს დაცემის რისკებს უზრდის.
როგორ ავარჩიოთ?
მთავარი პირობა ის გახლავთ, რომ ადვილად მოსავლელი და გასაწმენდი იყოს. ძალიან ღრმა და გრძელფოჩიანი საფენი არ არის სასურველი, რადგან პატარა-პატარა სათამაშოების შეიძლება შიგნით "გაიჭედოს". მტვერიც ღრმად ჩადის მასში და იქიდან არც ისე ადვილი ამოსაწმენდია. დაბალბეწვიანი საფენი კი მტვერსასრუტით ადვილი გასაწმენდია.
ფერები ჯობია მკვეთრი და კაშკაშა იყოს გამოკვეთილი ფორმებით. ბავშვი მათი თვალიერებითაც გაერთობა, რაც სამყაროს შეცნობაშიც დაეხმარება. რა თქმა უნდა, ინტერიერსაც უნდა უხდებოდეს და ჰარმონიას ქმნიდეს.
რომელი მასალის ჯობია
ხალიჩები მზადდება როგორც ნატურალური, ასევე სინთეტური და შერეული მასალებისგან. ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, ნატურალური ჯობია (შალი, ბამბა, აბრეშუმი, ბამბუკი). ეკოლოგიური სისუფთავის გარდა, ნატურალური ხალიჩები სითბოსაც უკეთ ინარჩუნებენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ხალიჩების სწორად და დროულად წმენდა. იქონიეთ ხარისხიანი მტვერსასრუტი, წელიწადში ორჯერ ქიმწმენდაც აუცილებელია, რათა ხალიჩა ინფექციების გადამტანი არ გახდეს.
თუმცა თუ სახლში ალერგიული ოჯახის წევრი გყავთ, ხალიჩაზე ჯობია საერთოდ უარი თქვათ.