მასთან მისული ბავშვები სიამოვნებით პოზირებენ კამერის წინ და შედეგიც შესაბამისი გამოდის ხათუნა თოდუა სტუდია "სმაილის" დაამრსებელი და ფოტოგრაფი გახლავთ. მისთვის ფოტოგრაფობა, ბავშვებთან მუშაობა არა რუტინული საქმე, არამედ სასიამოვნო პროცესია. სწორედ ამიტომ მასთან მისული ბავშვები სიამოვნებით პოზირებენ კამერის წინ და შედეგიც შესაბამისი გამოდის. სტუდია "სმაილის" მიერ განვლილ გზაზე ხათუნას ვესაუბრეთ.
- პროფესიით ფილოლოგი ვარ, 4 წელი ვმუშაობდი სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად, ფოტოების გადაღება ყოველთვის მომწონდა, ჰობიდ მქონდა ეს საქმე, ფოტოგრაფობაზე არც მიფიქრია. მაგრამ როდესაც კარგი აპარტი ვიყიდე, ჩემს გადაღებულ ფოტოებს ვტვირთავდი ფოტოგრაფების საიტზე და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებდა, ხან დღის ფოტოს სტატუსს ანიჭებდნენ, ხან სხვა კუთხით ასახელებდნენ გამარჯვეულად და ა.შ. ეტყობა, ამ საიტის მეშვეობით ერთ-ერთმა რუსმა ფოტოგრაფმა ნახა ჩემი ნამუშევრები და თავის საბავშვო ფოტოსტუდიაში ასისტენტად მუშაობა შემომთავაზა. იმ პერიოდში, ქმართან ერთად რუსეთში ვიყავი წასული, პირველი შვილიც იქ შემეძინა. რასაკვირველია, შემოთავაზებას დავთანხმდი, მუშაობასთან ერთად, საქმეს თეორიულადაც მასწავლიდა და ნასწავლი პრაქტიკაშიც მოგვყავდა.
ასე შევყევი, შევყევი და ნელ-ნელა პროფესიაც შევიცვალე. საქართველოში რომ დავბრუნდი, 2012 წელს რუსთავში გავხსენი საბავშვო ფოტოსტუდია, ამ ქალაქში ვცხოვრობ და აქვე მოვინდომე საყვარელი საქმის კეთება. იმ პერიოდში ბავშვებისთვის პროფესიონალური ფოტოსესია მოთხოვნადი არ იყო, მეტიც, ბევრმა არც იცოდა, რას ვთავაზობდი, რადგან მაშინ სტანდარტულ ფონებზე იღებდნენ ფოტოებს, დეკორირებული სტუდიები კი ფაქტობრივად არ არსებობდა. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ძალიან განვითარდა, მოდური გახდა ახალშობილების და ზოგადად ბავშვებისათვის დეკორირებული ფოტოების გადაღება და მეც საყვარელი საქმის კეთების უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა. თანდათან ჩვენთანაც გამოჩნდა ის აქსესუარები, რომელთაც ფოტოსესიის დროს ვიყებენ, ზოგს ვაკეთებინებ რკინის, ხის ხელოსანს, ზოგს ვუკვეთავ, ზოგს თავად ვქმნი და ა.შ.
- როგორც ვიცი, თავიდან თქვენმა სტუდიამ მუშაობა სხვა სახელით დაიწყო...
- დიახ, პირველ ეტაპზე სტუდია რომ გავხსენი, ერქვა "ზუმსტუდიო" და ამ სახელით საკმაოდ წარმატებით ვფუნქციონირებდით, მერე მოხდა ისე, რომ დავრჩი მეორე შვილზე ორსულად, გასაგები მიზეზების გამო მუშაობა შევწყვიტე... ახლა ჩემი შვილი უკვე ხუთი თვისაა და მეც დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას... სტუდია განვაახლე, შევცვალე რეკვიზიტები, აქსესუარები და სახელიც სხვა დავარქვი, ანუ "ზუმსტუდიო" გახდა "სმაილსტუდიო". როცა დაინტერესებული პირები იგებენ, რომ რუსთავში მდებარეობს ჩვენი სტუდია, ყოყმანობენ მოსვლას, არადა ძალიან მარტივი მოსაგნებები ვართ, ცენტრში ვართ გზის პირას... ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ჩემი დამკვეთების უმრავლესობა თბილისიდან მოდის, დღეს უკვე პრობლემა აღარაა ქალაქებს შორის გადაადგილება. გარდა თბილისისა, ბევრჯერ მოსულან ფოტოსესიისთვის გორიდან, ბორჯომიდან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მოჰყავთ ბავშვები გადასაღებად.
- ერთ ფოტოსესიას დაახლოებით რამდენ ხანს ანდომებთ?
- ყველაზე პატარ 7 დღის ბავშვი მყავს გადაღებული, ჩვილებთან 4-5 საათი მჭირდება, შედარებით მოზრდილებთან - 2 საათი, მაგრამ ეს არაა მკვეთრად განსაზღვრული დრო. ზოგადად მოსული ბავშვი დროში არ იზღუდება, ჯერ ხდევა გარემოსთან ადაპტირება, გაცნობა. კარგად ვიცნობ ბავშვების ფსიქოლოგიას და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად ვუდგები.
ალბათ ყველაზე მთავარი ჩემს საქმეში ისაა, რომ ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარკვეული დროით სამოდელო სტუდიაში ვმუშაობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ბავშვებთან მუშაობა არის ის, რაც მე სიამოვნებას მანიჭებს, ანუ ეს მხოლოდ რუტინა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება კი არა, ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემი ეს განწყობა იგრძნობა ფოტოებზეც. ჩემი მეუღლე პროგრამისტი გახლავთ და ის პროფესიონალურ დონზე ამუშავებს ფოტოებს, ძალიან მეხმარება ამ თვალსაზრისით.
- ერთი ფოტოსესიის შედეგად დამკვეთი რამდენ კადრს იღებს?
- 30 პროფესიონალურად დამუშავებულ კადრს. გარდა გადაღებისა, დამუშავებაც აუცილებელია და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.
- სამოსს, რომელიც ბავშვს უნდა ეცვას ფოტოსესიის დროს, თავად არჩევთ?
- ძირითადად მშობლებთან შეთანხმებით. ზოგს უნდა, რაიმე თავისი ჩააცვას, ზოგი იმითაც კმაყოფილია, რაც მე მაქვს, ანუ ამას ერთად ვწყვეტთ. ზოგს რაიმე განსაკუთრებული აქსესუარი უნდა, ეს ინდივიდუალურია. ზოგადად ერთ დღეში ორ ფოტოსესიაზე მეტს არ ვიღებ, იმიტომ რომ მინდა მაქსიმლაურად დავიხარჯო, დაღლილზე კი შეიძლება უმნიშვნელო დეტალი გამომრჩეს და ეს ჩემს ინტერესებში არ შედის. ახლა უკვე საახალწლო დეკორაციებს დავშლი და ფერად საგაზაფხულო გადაღებებზე გადავალ...
- თქვენთან წინასწარ ხდება ჩაწერა?
- კი, აუცილებლად წინასწარ უნდა ჩაეწეროს მსურველი. ეგ კი არა, ორსულები, რომლებმაც დაახლოებით იციან, როდის დაიბადება მათი შვილი, წინასწარ ეწერებიან, რასაკვირველია, ზუსტ თარიღს ვერ ვაკონკრეტებთ, მაგრამ სავარაუდო ჯავშანს ვაკეთებთ.
გინდ დაიჯერთ, გინდ არა, მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ დღს უკვე მომრავლდა საბავშვო ფოტოსტუდიები და რაც მთავარია, გაიზარდა მოთხოვნა. კონკურენცია არ მაძლევს მოდუნების უფლებას, სულ ვცდილობ, განვვითარდე, განვაახლო რეკვიზიტები, აქსესუარები, სტუდია, ეს კი საბოლოოდ კარგ შედეგს იძლევა. მიხარია, რომ ეს სფერო ჩვენს ქვეყანაშიც განვითარდა და მოთხოვნადი გახდა.
ციცი ომანიძე
R