"ზოგს ჰგონია, უფლება აქვს მიკონტროლოს, რით ვკვებო ჩემი შვილი ან რა ვიდეო გადავუღო" - როგორ ზრდიან ინტერნეტვარსკვლავ ნიაკოს - მშობლები

"ზოგს ჰგონია, უფლება აქვს მიკონტროლოს, რით ვკვებო ჩემი შვილი ან რა ვიდეო გადავუღო" - როგორ ზრდიან ინტერნეტვარსკვლავ ნიაკოს

2017-11-15 13:43:56+04:00

"სანამ მე შევეჩვეოდი, ირაკლი აბანავებდა, უცვლიდა და ჩემზე უკეთ ის უვლიდა" - როგორი მამაა "პიკასო" ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო ორი შვილის მამაა. მეორე შვილი, „ნამცეცა“ ნიაკო უკვე წლის და ექვსი თვისაა. პოპულარობა არც ნიაკოს აკლია. ვფიქრობ იგი, მამას სერიოზულ კონკურენციასაც კი უწევს ამ საკითხში. მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათი ათასობით მოწონება და ნახვა აქვს. ჩვენ ნიაკოს დედას, ია დუდაშვილს დავუკავშირდით. ია პროფესიით ფსიქოლოგია და ბავშვის აღზრდის „თავისებური“ მეთოდი აქვს. ამბობს, რომ ეს მეთოდი ბევრად გამართლებულია სხვებთან შედარებით - არასოდეს უბრაზდება პატარას თავდაყირა დაყენებული სახლის გამო, არც განადგურებული კოსმეტიკის გამო. ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ბავშვმა სამყარო სწორედ ასე უნდა შეიმეცნოს.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას მერე, რაც ნიაკო გამოჩნდა? რა ემოცია გაკავშირებთ მასთან?

- ჩვენი ცხოვრება ნიაკოს დაბადებამ რადიკალურად შეცვალა. ბავშვის დაბადების შემდეგ იცვლება ღირებულებები და თითქოს ხელახლა სხვა, უფრო უკეთეს ადამიანად ყალიბდები. მასთან რაც მაკავშირებს, ამას ემოცია არ ჰქვია... „შვილი“ არის სიტყვა, რომელიც მოიცავს სრულიად სამყაროს და ყველაზე მეტ გრძნობას იწვევს ჩემში. შვილი ჩემი სხეულის ნაწილია, რომელიც საკუთარზე მეტად მიყვარს, მიხარია, მტკივა, მსიამოვნებს და განვიცდი ყველაფერს, რაც მას ეხება. მის სურნელს რომ შეისუნთქავ, აღარ გინდა ამოისუნთქო. გინდა სამუდამოდ შენში დაიტოვო შვილის სასწაული სურნელი. წარმოუდგენელი გრძნობაა დედობა. უბრალოდ ვერ ვიტევ ამდენ ემოციას, რასაც ეს ბავშვი მჩუქნის.

mshoblebi

- როგორი იყო პირველი ღამეები? რამდენად ადვილად გასაზრდელი ბავშვი იყო?

- როდესაც სახლში გამოგვწერეს და პირველად, დამოუკიდებლად უნდა დამებანა, გამომეცვალა ტანსაცმელი, ყველა ერთად დავრბოდით სახლში. შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. სანამ მე შევეჩვეოდი, ირაკლი აბანავებდა, უცვლიდა და ჩემზე უკეთ ის უვლიდა. საბედნიეროდ, არც ერთი ღამე არ გაგვითენებია, ძალიან მშვიდი იყო თავიდანვე. მისი პირველი სიტყვა „მამა“ იყო. ზოგადად ნიაკოს გვერდით ყოველი დღე დღესასწაულია. იქნება ეს პირველი ნაბიჯები, თამაში, თუ რაიმე ახალის აღმოჩენა. კარგია, როდესაც შეგიძლია დატკბე ყველა დეტალით, ერთმანეთს არც ერთი დღე არ ჰგავდეს და მის გვერდით ყოველი გატარებული წუთი, წინაზე ბედნიერი იყოს.

mshoblebi

- მამიკოსაც ასეთი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ?

- უსასრულოდ შემიძლია ვუყურო მისი და მამიკოს ურთიერთობას. არაჩვეულებრივი მამიკო ჰყავს ნიაკოს. განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ისეთი შეყვარებული თვალებით უყურებენ ერთმანეთს, შეუძლებელია ამ ყველაფერს ღიმილის გარეშე უყურო და ბედნიერი არ იყო. შუაღამესაც რომ გააღვიძოს და სთხოვოს, უსიტყვოდ უმღერებს და ეს წერტილიც ცეკვას იწყებს მომენტალურად. მამა არასდროს იღლება მისი სურვილების შესრულებით, თავდავიწყებით არის შეყვარებული თავის ქალიშვილზე.

იხილეთ მხიარული ვიდეო, როგორ თამაშობენ ნიაკო და პიკასო

- მის აღზრდაში ორივე თანაბრად ხართ ჩართული? ფუნქციებს როგორ ინაწილებთ?

შეიძლება ითქვას თანაბრად, რადგან მამიკოს შეუძლია გამოკვებოს, დაბანოს, მოაწესრიგოს და დააძინოს კიდეც. შეიძლება ითქვას, ამ ყველაფერს სულ თამაშით და ხალისით ვაკეთებთ და შესაბამისად ფუნქციების განაწილების აუცილებლობაც არასდროს ყოფილა.

mshoblebi

- ვინმე გეხმარებათ ბავშვის აღზრდაში?

- პერიოდულად ბებია გვეხმარება, მაგრამ ძირითად დროს მე ვატარებ მასთან და ყველა მშობელს ვურჩევდი, შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარონ შვილებთან, რადგან თქვენთან ურთიერთობას ვერანაირი ძვირფასი სათამაშო ვერ შეუცვლის თქვენს შვილს და ვერასდროს შეძლებთ იმ დანაკლისის ანაზღაურებას, რაც თქვენი არყოფნით მიიღო ბავშვმა. სრულფასოვნად განვითარებისთვის ბავშვებს პირველ რიგში ვჭირდებით ჩვენ, მშობლები, როგორც სულიერი საზრდო და შემდეგ - მატერიალური.

- ზოგადად აღზრდის როგორი მეთოდების მომხრე ხართ?

- წინასწარ არ მქონია შემუშავებული აღზრდის ესა თუ ის მეთოდი. როგორი მშობელი იქნები, ალბათ ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ერთადერთი რაც არის, არასდროს ვუბრაზდები თავდაყირა დაყენებული სახლის გამო, არც ჩემი კოსმეტიკის განადგურების გამო, არც იმის გამო, ჩუმად, რომ იპარება სამზარეულოში და შაქარს ჭამს (ბავშვობაში მეც ასე ვაკეთებდი). შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ არაფერს არ აკეთებს ისეთს, რომ გავუბრაზდე. ის იქცევა ისე, როგორც ბავშვი უნდა იქცეოდეს. უნდა იყოს ძალიან ცელქი, ურევდეს ყველაფერს და ამ ყველაფრით მოჰქონდეს წარმოუდგენელი ბედნიერება. დიდი სიამოვნებით ვთამაშობ ყველა თამაშს და თავიდან შევიცნობ სამყაროს მასთან ერთად. მსიამოვნებს ისიც კი, რომ არაფრის კეთებას არ მაცდის და სულ თან დამყვება. ზოგიერთი მშობელი თვითონ უწესებს უაზრო შეზღუდვებს ბავშვს და მერე უკვირთ, რატომ არის მორცხვი და ჩაკეტილი. აღზრდის „ჩემებური“ მეთოდი კი უფრო თავისუფალს და კონტაქტურს ხდის ბავშვს.

mshoblebi

წლი-ნახევრის ბავშვს არ უნდა ვუსაყვედუროთ. ამასაკის ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის კარგი და ცუდი საქციელის ერთმანეთისგან გარჩევა. დისციპლინა და სწორი უნარ-ჩვევები უყალიბდებათ მიბაძვით და როლური თამაშებით და არავითარ შემთხვევაში - საყვედურით და უკმაყოფილებით. ბავშვთან სწორად მიდგომის შემთხვევაში არ დაგჭირდებათ საყვედურის თქმა, შეგიძლიათ თამაშით ბევრი ისეთი რამ გააკეთებინოთ, რის გაკეთებაც არ უნდოდა და აპროტესტებდა.

- მასში ყველაზე მეტად რომელი თვისება მოგწონთ?

- მასში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ უცხო ადამიანსაც ისევე თბილად ხვდება, როგორც დიდი ხნის ნაცნობს. კარგია, როდესაც პატარაობიდან კონტაქტურია და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გული გაუთბოს.

- ფრაზა, რომელსაც არასოდეს ეტყვით ნიაკოს...

- „წაიქცევი - დაგიმატებ“.

mshoblebi

- ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით თუ გადიხართ კონსულტაციას სპეციალისტებთან, ვგულისხმობ პედიატრს, ფსიქოლოგს და ა.შ.

- ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით კონსულტაციებს პედიატრებთან, ქალბატონი ქეთევან გურეშიძესა და ინგა მამუჩიშვილთან გავდივარ. თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ეს ძალიან მეხმარება ნიაკოს სწორად აღზრდა-განვითარებაში. ვცდილობთ ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით - რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, წვნიანები. ზოგადად პრეტენზიული არ არის კვებასთან დაკავშირებით, რადგან ვცდილობ მრავალფეროვანი რაციონი ჰქონდეს, არ მობეზრდეს ერთი და იგივე, მიიღოს ყველა საჭირო ვიტამინი და ახალ საკვებზე უარი არ მითხრას. ავადმყოფობის შემთხვევაში ვითვალისწინებთ პედიატრის ყველა რეკომენდაციას. რაც შეეხება აქტივობებს, დიდ ნაწილში მეც ვიღებ მონაწილეობას, როდესაც სჭირდება ახსნა და დასწავლა, მაგრამ ასევე აუცილებელია, ზოგჯერ ჩვენს გარეშე, მარტომ ითამაშოს და შეასრულოს ესა თუ ის აქტივობა. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობას და საკუთარ თავში რწმენის ჩამოყალიბებას. მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის დავრბივართ, ვხოხავთ, ვძვრებით სადაც შეგვიძლია. ასევე ვხატავთ, ვწერთ, ვძერწავთ - ნატიფი მოტორიკის ჩამოყალიბებისთვის. მოკლედ, აქტიურად ვასრულებთ ყველაფერს ასაკის შესაბამისად.

Animated GIF

- ნიაკოს სოციალურ ქსელში აქვს თავისის გვერდი, სადაც მის ვიდეოებს და ფოტოებს აქტიურად ტვირთავთ. რატომ გადაწყვიტეთ ამ გვერდის შექმნა და რა შედეგი გამოიღო მან?

- ნიაკოს გვერდი შევქმენი ბოლო პერიოდში, როდესაც მივხვდი, სისტემატიურად იყო მოთხოვნა, რომ უფრო ხშირად ენახათ. შემთხვევით გააზიარეს ემიგრანტების ჯგუფში მისი ერთ-ერთი ვიდეო და იმხელა სიყვარული და სითბო დაიმსახურა, სისტემატიურად ითხოვენ და ემიგრანტების შვილობილსაც კი ეძახიან. წერენ, რომ რაც არ უნდა პრობლემა ჰქონდეთ (და ყველამ კარგად ვიცით, რა პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ადამიანებს), ნიაკოს დანახვა ცხოვრებას უხალისებთ. როდესაც ამჯგუფში გავწევრიანდი, იქ იმდენი დადებითი წავიკითხე ჩემს შვილზე, რომ დღემდე მომყვება ეს ემოცია. ბედნიერი ვარ, რომ მათი ყოველდღიური ღიმილის ერთ-ერთი მიზეზი ნიაკოა. ძირითადი მიზეზი ეს იყო და ამ ჯგუფის გარეთაც ბევრი აღმოჩნდა, ვისაც ძალიან შეუყვარდა და სიამოვნებს მისი დანახვა. კომენტარებში უკვე ნიაკოს ტერმინებით საუბრობენ და მგონი ყველა კეთილი ადამიანი მის ფეიჯზე შეიკრიბა, რაც ძალიან მახარებს. ჩვენ პოზიტივს ვჩუქნით და სანაცვლოდ ორმაგად სასიამოვნო ემოციებს ვიღებთ გვერდის მომხმარებლისგან.

mshoblebi

- სოციალური სივრცეში მოჭარბებულად არის აგრესია. თქვენს შემთხვევაშიც ხომ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა?

- ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ მიხარია, რომ ერთეულები არიან ასეთები. ზოგიერთს ჰგონია, რომ უფლება აქვთ მიკონტროლონ რით გამოვკვებო ჩემი შვილი, ან რა ვიდეო გადავუღო და სად გამოვაქვეყნო. ასეთებს მშვიდად ვუხსნი უბრალოდ, რომ ეს მათი გადასაწყვეტი არ არის.

- რა გეგმები გაქვთ ნიაკოსთან დაკავშირებით სამომავლოდ?

- ირაკლის ძალიან უნდა, რომ ჩოგბურთზე ატაროს. მე მხატვრული ტანვარჯიში და შემდეგ - ცეკვა მინდა, მაგრამ როცა წამოიზრდება, ალბათ ცოტა უკანა პლანზე გადავწევთ ჩვენს სურვილებს და სადაც თავად ენდომება და რისი ნიჭიც ექნება, იქ ვატარებთ. არ ვაპირებ ძალით სადმე შეყვანას. ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. დანარჩენს უფრო კონკრეტულად მის ზრდასთან ერთად მომავალში დავგეგმავთ.

მერი ბლიაძე