იდეალურია, ერთ ან ორ ღია ფერში გადაწყვეტილი კედლები.
როგორი გაქვთ წარმოდგენილი გოგონას ოთახი? მკვეთრი, სადღესასწაულო, სათამაშოებით, სახალისო ნახატებითა და ბაფთებით სავსე? ლამაზი კარადებით და მაქმანებით? აი ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ბავშვის ოთახი რაც შეიძლება უბრალო უნდა იყოს და მოსახერხებელი.
ერთი შეხედვით, ეს არალოგიკურია: საქმე ხომ ნაზ და რომანტიკულ გოგონებს ეხებათ, რომელთა მთელი ცხოვრება სილამაზით უნდა იყოს მოცული. მაგრამ სწორედ ეს ფაქტი განსაზღვრავს გოგონას ოთახში გარკვეული სივრცის შექმნის ალბათობას _ ბავშვს სივრცე სჭირდება! მათ შორის, ფანტაზიისთვისაც!
რა სტილში უნდა იყოს გაფორმებული გოგონას ოთახი? ამ შემთხვევაში ლაპარაკი არ არის მოდაზე, არამედ ინტერიერის ორგანიზების თანამედროვე მიდგომა იგულისხმება. ყველაზე კარგი არჩევანია ფუნქციონალიზმი _ მაქსიმალურად მარტივი, მოსახერხებელი. გოგონას ოთახში უნდა იყოს დიდი სივრცე და ბუნებრივი შუქი.
კედლები ოთახში ჯობს, ნათელი დატოვოთ. იდეალურია, ერთ ან ორ ღია ფერში გადაწყვეტილი კედლები. ასე კიდევ მეტად შეინარჩუნებთ სივრცის განცდას და მზის სინათლეს. არ არის აუცილებელი ფანჯრების მეტისმეტად დაგმანვა და სქელი ფარდების დაკიდება: საკმარისია სასიამოვნო ფერის ე.წ. რომაული ფარდების დაკიდება.
ინტერიერში მინიმალიზმი ყოველთვის უფრო საინტერესოა. ბავშვის ოთახშიც, თუ ის არ არის მხოლოდ სათამაშო ოთახი და იქ ბავშვმა უნდა დაიძინოს კიდეც, მინიმალიზმი სიმშვიდის და სიმყუდროვის განცდის გაღვივებასაც უწყობს ხელს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ არ უნდა იყოს ბევრი სათამაშო. პირიქით, მინიმალიზმი პირველ რიგში გულისხმობს სწორედ დიდ სივრცეს თამაშისთვის, გართობისთვის, შემოქმედებისთვის. ასეთი ინტერიერისთვის დამახასიათებელი იქნება ღია ფერის კედლები მარტივი, გეომეტრიული მოხატულობით, წერტილოვანი სანათები ოთახის პერიმეტრზე, ბევრი შუქი, შემომავალი ფანჯრიდან, ნათელი ფერების ავეჯი. ავეჯიდან შეარჩიეთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი _ საწოლი, კარადა, კომოდი და სამუშაო მაგიდა. დანარჩენი სივრცე სათამაშო მოედნის როლს უნდა თამაშობდეს. ასეთი ოთახი უფრო მოძრავი და აქტიური ბავშვებისთვის არის ზედგამოჭრილი.
რომანტიკა ინტერიერში შემოქმედებისკენ უბიძგებს. შეგიძლიათ, გოგონას ოთახი რომანტიკულად გააფორმოთ. ამგვარ ინტერიერში პალიტრა არ უნდა იყოს მკვეთრი, ძირითადად უნდა სჭარბობდეს ერთი ფერი _ თეთრი, კრემისფერი, მქრქალი ვარდისფერი, ფირუზისფერი.
ქსოვილები უნდა იყოს ნატურალური _ აბრეშუმი, ბამბა, შალი.
უფრო მეტ რომანტიკას ოთახს აქსესუარები სძენენ _ სხვადასხვა ფორმის ბალიშები, დიდი და პატარა ლამფები, ბრები, ლოგინის მსუბუქი და ლამაზი გადასაფარებლები, იატაკზე მსუბუქი ნოხი, ფიგურული დიდი და პატარა ჩარჩოები ფოტოებისთვის, დიდი და პატარა პუფები, რომელთა პალიტრა ავეჯის პალიტრას უნდა შეესაბამებოდეს. ბალდახინი ბავშვის საწოლის თავზე _ უეჭველად ყველაზე რომანტიკული და ლამაზი ელემენტია გოგონას ოთახში. მისი დახმარებით ჩვეულებრივი საწოლიც კი განმარტოებულ ბუდუარად გადაიქცევა.