სამი წლის წინ ამ გოგონების დედა სასოწარკვეთილი იყო და ერთ-ერთ ტელეგადაცემას მიმართა დახმარებისთვის. მაშინ გოგონების მონაყოლმა უამრავი ადამიანი შეძრა და დახმარებასაც დაპირდნენ. თუმცა უცნობი იყო, როგორ გაგრძელდა შემდეგ მათი ცხოვრება.
14 წლის დები, დაშა და მაშა ლედენევები, სხვა მოზარდებივით, საკუთარი გარეგნობის გამო ბევრს ღელავდნენ და კომპლექსებიც აწუხებდათ. საკმაოდ მაღლები იყვნენ - 174 სანტიმეტრი სიმაღლის და თანატოლებისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. დედა ეცადა, მათი თვითშეფასება აემაღლებინა და დახმარებოდა რამენაირად, ამიტომ სამოდელო სააგენტოში მიიყვანა. ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს უფრო გაართულებდა მდგომარეობას და მის შვილებს სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწევდათ.
სამოდელო სკოლის მასწავლებლებმა ბავშვებს მოსთხოვეს, რომ მათი 52 და 54 კილოგრამი ბევრი იყო და უნდა დაეკლოთ. გოგონებს ძალიან უნდოდათ, ახალ სფეროში თავი გამოეჩინათ და სილამაზის სტანდარტები დაეცვათ, ამიტომ უფროსი მოდელების რჩევებს მისდიეს და დიეტა დაიწყეს. შემდეგ ამბავი ჩვეული სცენარით გაგრძელდა - თავიდან რამდენიმე ასეულ გრამს კარგავდნენ, მერე ნელ-ნელა - 2-3 კილოგრამს. საქმე იქამდე მივიდა, რომ გოგონები 40 და 36 კილოგრამამდე დავიდნენ.
დედამ განგაშის ზარი შემოჰკრა, როცა მიხვდა, რომ გოგონები მის თვალწინ დნებოდნენ. ტელეგადაცემაში მივიდა და საჯაროდ მოყვა ეს ამბავი. გადაცემის ექსპერები გოგონებს გაესაუბრნენ, ორგანიზატორებმა კი ტყუპ დას კვალიფიციური სპეციალისტები დაახმარეს.
შედეგიც მალე დადგა - გოგონებმა ისევ მოიმატეს საჭირო კილოგრამები და ახლა, 3 წლის მერე, ისე გამოიყურებიან, როგორც თავად სურთ და მოსწონთ. ორივე აგრძელებს სამოდელო სფეროში საქმიანობას, ოღონდ არა ჯანმრთელობისა და გარეგნობის მსხვერპლად შეწირვით. სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრეს და ახლა მომავალ ცხოვრებას გეგმავენ.
მათ გაუმართლათ, რომ დროულად აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა ბევრს ასე არ უმართლებს.
პატარა გოგონა, რომელსაც გასუქება არ უნდოდა - ცნობილი მოდელის ტრაგიკული ამბავი
"განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ გოგონების მშობლებს" - მარი მალაზონია მოზარდების დიეტის შესახებ