თუ ბავშვი ნიჭიერია, ჩვენგან დიდი ხელშეწყობა აქვს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებელი ერთ-ერთი გამორჩეული გზაა, რომ ბავშვი ხელოვნებას ეზიაროს, ნიჭისა და სურვილის შემთხვევაში კი დაასრულოს სასწავლებელი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასშიც მოხვდეს. თუ რა ასაკიდანაა შესაძლებელი ბავშვი ვაზიაროთ საბალეტო ხელოვნებას, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აღსაზრდელი, რომ სკოლაში მიიღონ და საერთოდ, რით არის კარგი ბავშვისთვის ამ ულამაზეს ხელოვნებასთან ზიარება, ამაზე საბალეტო სკოლის სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელი ქეთევან მოწონელიძე გვესაუბრება.
- ჩვენს სასწავლებელში ბავშვების მიღება 5 წლიდან ხდება, 5, 6, 7, 8, 9 წლის ბავშვები სწვალობენ მოსამზადებელ ჯგუფში და ემზადებიან მისაღები გამოცდებისთვის. ვისაც სურვილი აქვს, გადის გამოცდაზე და აგრძელებს სწავლას, ვისაც არა - თავს ანებებს. მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელები ჩვენთან კვირაში სამჯერ დღის მეორე ნახევარში მოდიან, ზოგიერთი მათგანი სხვა საჯარო სკოლაში დადის, ზოგი კი ჩვენს სასწავლებელთან არსებულ საჯარო სკოლაში სწავლობს. ბავშვები გადიან კლასიკურ, ქართულ, თანამედროვე, ისტორიულ-ყოფით, სახასიათო ცეკვას და გაწელვას. ვმართავთ საახალწლო კონცერტებს, სადაც ყველა ბავშვი იღებს მონაწილეობას, მაისში გვაქვს ხოლმე გამოსაშვები საღამო.
- რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც თქვენთან ხვდებიან ბავშვები...
- ძალიან მნიშვენლოვანია გარეგნული მონაცემები, თავის მოყვანილობიდან დაწყებული ყველაფერს ვამოწმებთ, ვიზუალს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ასევე მნიშვნელოვანია ტერფის დაჭიმულობა, ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ”შაგ”, გადახსნილობა, ნახტომი, ელასტიკურობა, კოორდინაცია, რიტმიკა და არტისტულობა. შემოწმების შემდეგ ბავშვები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, ხვდებიან უფასო განყოფილებაში, ჩვენს პირველ კლასში, საჯარო სკოლის მიხედვით კი მეხუთე კლასია. იმ ბავშვებს, როლებიც ჩვენს კრიტერიუმებს სრულად არ აკმაყოფილებენ და ვერ ხვდებიან უფასო განყოფილებაში, სურვილის მიხედვით საშულება აქვთ ისწავლონ ფასიან ჯგუფებში. ისინიც თითქმის იგივე პროგრამას გადიან, რასაც ე.წ. ”კლასიჩკები”, ასე ვეძახით ჩვენ უფასო ჯგუფის აღსაზრდელებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს თეატრალური განყოფილება - სხვა საგნებთან ერთად ეუფლებიან სამსახიობო ხელოვნებასაც. ჩვენი საუკეთესო მოსწავლეები XII კლასის დასრულების შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრს დასში მიჰყავს, ამ გადაწყვეტილებას ქალბატონი ნინო ანანიაშვილი და სხვადასხვა კომპეტენტური პედაგოგი იღებენ.
- თუ გქონიათ შემთხვევა, ბავშვს პროგრამა ვერ დაეძლია და სწავლისთვის თავი დაენებებინა?
- მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსამზადებელ ჯგუფში ისეთი ბავშვებიც კი მოვიდნენ, ვინც ჯერ სკოლაშიც არ დადიან, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. უფრო იმ დროს მიჰყავთ ჩვენგან ბავშვები, თუ მას ის მონაცემები არ აღმოაჩნდება, რომ შემდეგ უფასო ჯგუფში მოხვდეს.
- კარგი იქნება, თუ ჩვენს მკითხველს ეტყვით, რაში ეხმარება ბალეტი ბავშვებს, დამატებით რას ავითარებს?
- ძალიან ბევრ რამეში ეხმარება ბალეტი, ჩვენი სასწავლებლის ბავშვები ყოლველთვის გამორჩეულები არიან. ბალეტი ჯანმრთელობის მხრივაც ძალიან სასრგებლოა, ბავშვი ფიზიკურად რომ ვარჯიშობს, უფრო შეკრულია. ჩვენ ვასწავლით ბალეტის, ხელოვნების ისტორიას და შედეგად ბავშვები უფრო განვითარებული არიან. ჩვენს მოსწავლეებს სულ სხვანაირი სხეულის დგომა, სიარულის მანერა აქვთ, ბევრს ამ მიზნითაც მოჰყავს ბავშვი, რომ განუვითარდეს ეს ყველაფერი.
- თუმცა, ვიცი, რომ ბალეტი ძალიან დიდ შრომას მოითხოვს…
- კი, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ბავშვები, რომლებიც სერიოზულად ფიქრობენ ბალეტზე, იკლებენ ყველაფერს, პირველ რიგში კვებას, უფრთხილდებიან ფორმას, გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით, აკლდებიან დაბადების დღეებს, გასართობ ღონისძიებებს, შედარებით იშვიათად დადიან ასეთ ადგილებში. იმიტომ, რომ დილით 9 საათზე რომ მოდიან ჩვენთან, საღამოს 8 საათამდე დაკავებულები არიან, აქ ხომ საჯარო სკოლის საგნებსაც გადიან, შემდეგ გვეწყება რეპეტიციები. სამწუხაროდ, ჩვენ შენობის პრობლემა გვაქვს, ჩუბინაშვილზე მდებარე შენობა დაინგრა, ავარიული იყო, ამიტომ იქიდან გამოვედით და ახლა საქენერგოს შენობაში ვართ, რომელიც პრინციპში არაა სასკოლო შენობა. გვაქვს ძალიან პატარა დარბაზები, მათ ნაკლებობასაც განვიცდით და ამიტომ გვიან ვიწყებთ რეპეტიციებს... კარგი შენობა, მეტი დარბაზი რომ გვქონდეს, ბავშვები გადანაწილდებიან, უფრო ადრე დავასრულებთ გაკვეთილებს და უკეთესი პირობები იქნება. დღევანდელ რეჟიმში მყოფი ბავშვი, სახლში ძალიან დაღლილი მიდის, კიდევ გაკვეთილები აქვს მოსამზადებელი და ფაქტობრივად დრო არ რჩება სხვა რაღაცებისთვის. მიუხედავად ასეთი პირობებისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვებს მაქსიმალური ცოდნა მივცეთ.
- ანუ თქვენ გასცემთ საჯარო სკოლს ატესტატს და საბალეტო სასწავლებლის სერთიფიკატს?
- კი, ასეა. ადრე საჯარო სკოლას და საბალეტო სკოლას სასწავლებლის სტატუსი გვქონდა, ახლა არ გვიბრუნებენ ამ სტატუსს და მიტომ საჯარო ცალკე გასცემს ატესტატს და ჩვენ - ცალკე.
- მოსწავლეების პროგრამა მაქსიმუმი რა არის?
- დასში მოხვედრა, რის შემდეგაც ხშირად აქვთ მიწვევა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ქალბატონი ნინო ხშირად უშვებს ბავშვებს კონკურსზე, შარშან გერმანიაში იყვნენ და მეორე და მეოთხე ადგილები აიღეს, ახლა იტალიაში მივდივართ.
- რამდენად ძვირი სიამოვნებაა ბალეტზე სიარული?
- თუ ბავშვი ნიჭიერია, ჩვენგან დიდი ხელშეწყობა აქვს. მაგალითად, ზემოხსენებულ კონკურსებში მონაწილოებისთვის იღებენ დაფინანსებას, მოსამზადებელ ჯგუფებში ქალბატონი ნინო ისეთ ბავშვებს აფინანსებს, ვინც გაჭირვებულები არიან. ბალეტის საზოგადოება, სადაც ელჩებიც შედიან და ქალბატონი ნინო, ყოველწლიურად აფინანსებენ ბავშვებს და იხდიან გადასახადს ამ ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენი პროფესიის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია პუანტები, რასაც ქალბატონი ნინო საჩუქრად უკეთებს ხოლმე ბავშვებს. მოკლედ, როგორც შეუძლია, ხელს უწყობს.
ციცი ომანიძე