ერთი შეხედვით ბედნიერი ბავშვი იყო... მაგრამ ლილიას ეს არ აკმაყოფილებდა
მაგრამ ლილიას ეს არ აკმაყოფილებდა, უნდოდა, ისეთ ქვეყანაში ეცხოვრა, სადაც არაფერს დაუშლიდნენ, ყველაფერი ექნებოდა, რასაც ინატრებდა და ძალიან ბედნიერი იქნებოდა...
ერთხელაც ძილის წინ, როცა სწორედ ამ ოცნებებში იყო და თან ფანჯრიდან ცას გასცქეროდა, ცას ვარსკვლავი მოსწყდა - ეს ის ვარსკვლავი იყო, რომელიც სურვილებს ასრულებდა...
ლილიამ თვალები დახუჭა და როცა გაახილა, გაოცებისგან შეჰყვირა - თავის ოთახში აღარ იყო, მის წინ უზარმაზი მინდორი გაშლილიყო, ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა, ნაირნაირი ყვავილები ოქროსფრად იყო დანამული, ბალახები მწვანედ ბზინავდა, შადრევნები ცას სწვდებოდა, უზარმაზარი პეპლები დაფარფატებდნენ და ირგვლივ საოცარი სურნელი იდგა - აყვავებული და მსხმოიარე ხეხილის. გოგონას შეეშინდა ნაბიჯის გადადგმა, მიწაც ისეთი ფაფუკი იყო, თითქოს ჰაერში დადიოდა. მაგრამ მერე გათამამდა და ბილიკს გაუყვა.
იფიქრა, დედიკოს ყვავილებს დავუკრეფო. რამდენსაც მოწყვეტდა, იმდენივე ამოდიოდა. ერთი დიდი ულამაზესი კონა შეაგროვა...
ბევრი ისეირნა, ცოტა დაიღალა და მოშივდა კიდეც. პეპლებმა გზა უჩვენეს სახლისკენ - სახლი ძალიან ლამაზი იყო, ყველა ოთახი - სიურპრიზებით სავსე... სამზარეულოში უამრავი ტკბილეული ელაგა, ნამცხვრები, შოკოლადები, კანფეტები, გაზიანი ლიმონათები....
- ოჰ, რა კარგია! რამდენსაც მინდა, იმდენს შევჭამ და არავინ დამიშლის! - გაიფიქრა ლილიამ და ასეც მოიქცა.
ტკბილეულობით გული რომ იჯერა, მერე თამაში მოუნდა. სათამაშოებით სავსე იყო სახლი, თუკი რამე არსებობდა, ყველაფერი თვალწინ ელაგა, აღარ იცოდა, ხელი რისთვის მოეკიდა. მხიარული შეძახილებით დარბოდა აქეთ-იქეთ.
- რა კარგია, მთელი ღამე ვითამაშებ და არავინ მეტყვის, ძილის დროაო!
ერთი ოთახი მთლიანად კაბებით იყო სავსე... სადედოფლო კაბებით, რომელიც მორთული იყო ვარსკვლავებით, დიახ, ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავებით და თვალისმომჭრელად ბრწყინავდა... ლილია ხან ერთს მოიზომავდა, ხან - მეორეს, სარკის წინ ტრიალებდა და ბზრიალებდა... - ყველაზე ბედნიერი ვარ! ეს არის ბედნიერება! - ყვიროდა გოგონა...
ამ ზღაპრულ ქვეყანაში დღეები ისე გადიოდა, რომ არაფერზე და არავიზე ფიქრობდა გოგონა... დილით მზის სხივებით დაწნულ ჰამაკში იყო მოკალათებული, ღრუბლის ბალიშზე ედო თავი, შუადღეს ცისარტყელაზე სრიალებდა, ღამით მთვარეზე დაკიდებულ საქანელაზე ქანაობდა, ერთხელ მოცხარის წვიმაშიც კი მოჰყვა...
მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი მოსწყინდა. უცებ ყველაფერი შეიცვალა. გოგონამ მოიწყინა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა, სევდა შემოაწვა და... მონატრება იგრძნო... გაახსენდა, რომ მარტო იყო... მის ირგვლივ ყველაფერი უფერული გახდა, ყველაფერმა ხიბლი დაკარგა, ყველაფერი გაუფერულდა, შავ-თეთრი გახდა. საჭმელს გემო აღარ ჰქონდა, მზეს - სითბო, ვარსკვლავებს - სიკაშკაშე, ყვავილებმა ჭკნობა დაიწყეს და შადრევნებიც დაშრა.
მოწყენილი ლილია ტბის პირას ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. ნეტავ, რა აკლდა და რა ენატრებოდა?.. ამ დროს ცას ვარსკვლავი მოსწყდა... ჰო, ეს ის ვარსკვლავი იყო, სურვილებს რომ ასრულებდა...
ლილიამ თვალები დახუჭა და რომ გაახილა, ისევ თავის ოთახში იყო... შვებით ამოისუნთქა, სასწრაფოდ ჩაირბინა კიბეები და სამზარეულოში შევარდა, სადაც დედა ფუსფუსებდა და საუზმეს ამზადებდა.
- ეს ლამაზი ყვავილები სად დამიკრიფე? - ჰკითხა დედამ და ლარნაკისკენ მიუთითა. გოგონამ არაფერი უპასუხა და გულში მაგრად ჩაეხუტა...
ლილია მიხვდა, რომ ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო და რომ ბედნიერებაა, როცა შენს სიხარულს შენი საყვარელი ადამიანებიც იზიარებენ... რომ ბედნიერება არის იქ, სადაც შენი სახლია. იქ, სადაც შენი მოსიყვარულე ოჯახი და მეგობრებია.
თინა ლომთაძე