ამბავი, რომელიც ახლა უნდა მოგიყვეთ, ერთ პატარა ფერმაში დაიწყო, რომელიც სოფლიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. ფერმას სამივე მხრიდან მაღალი მთები დაჰყურებს, ხოლო დასავლეთის მხრიდან, დაბურული ტყე აკრავს. კიდევ, მაღალი ღობე აქვს გარშემორტყმული, რომ შიგნით გარეულმა ცხოველებმა ვერ შემოაღწიონ.
ვის აღარ შეხვდებით ფერმაში: ცხენებს, ბატებს, ქათმებს, ღორებს, ძროხებს, ჯიუტ ვირუკელა ზარმაცას, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მზეზე ძილი უყვარს, მოუსვენარ კატას, რომელსაც სახელად კატანა ჰქვია და ყველაფერს თაგვებთან თამაში ურჩევნია. ერთგულ და კეთილ ცუგა რენეს, რომელიც მთელი ღამე ფხიზლობს, რომ ფერმაში მცხოვრები ყველა არსება დაიცვას და სამ განუყრელ მეგობარს- გოჭუნია ღრუტუს, ბოჩოლა ნიკორას და ქათამ კოკოს, რომლებიც მთელ დღეებს ერთად ატარებენ. ფერმის მეპატრონეს კი ნიკო ჰქვია. "ნიკო პაპას ფერმა" - აი, სწორედ ასე ეძახიან ამ საოცარ ადგილს, სადაც მუდამ მხიარულება სუფევს.
ფერმაში პირველად მამლაყინწა იღვიძებს, რომელსაც ყველაზე უცნაური და "არამამლური" სახელი ჭოტი ჰქვია. ასე იმიტომ შეარქვეს, რომ მზეს ამოსვლას არასოდეს აცდის, საქათმესთან რომ დაბრეცილი ხეა, იმაზე შეხტება და "ყიყლიყოოოო" - ხმის ჩახლეჩამდე ყივის...
- რა გაყივლებს, გვაცადე ძილი, შე მართლა ჭოტო!!!
შემოუძახებენ აქეთ - იქიდან დაფეთებული ცხოველები, მაგრამ რად გინდა? მეორე დილას ისევ იგივეს აკეთებს…
ეს დილაც ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაურობა. არავის, არც ერთ ცხოველსა და ფრინველს არ გაღვიძებია მამლის უდროო ყივილზე. მამლაყინწა არც საუზმეზე გამოჩნდა. არც საქათმეში აუკრიახებია ალიონზე მძინარე ქათმები. ნეტავ სად წავიდა?
ფერმაში ყველა შეფიქრიანდა. რენემ მთელი ფერმა ყნოსვით შემოირბინა და ყველას გასაკვირად, უცხო ნაფეხურები იპოვა. ეს ნაფეხურები სამონადირეო ჩექმის კვალს ჰგავდა და ფერმის ბოლოში, ღობესთან წყდებოდა. ვიღაცას ღობის ერთი დიდი ფიცრიდან ლურსმნები ამოეძრო, გვერდზე გადაეწია და იქიდან შემომძვრალიყო.
ჭოტის გატაცების ამბავი მთელ ფერმას მოედო. ყველა ძალიან შეშინებული და დარდიანი იყო. რენე კი თავს იდანაშაულებდა, რომ ქურდის შემოსვლა ვერ გაიგო.
- მეგობარს უნდა ვუშველოთ - თქვა რენემ
- ამაღამ ჭოტის საძებნელად წავიდეთ!- დაეთანხმა ნიკორა
- ნიკო პაპას უნდა გავეპაროთ - წამოიკნავლა კატანამ
- რა მეშველება, ჭოტის გარეშე - მოთქვამდა კოკო
- ფერმიდან გაქცევის გეგმა მოვიფიქროთ! - დაამატა ღრუტუმ
ჩემო პატარა მკითხველო! შენ უნდა დაასრულო ეს ზღაპარი. თუ უკვე გახდი 6 წლის და ჯერ არ შეგსრულებია 13 წელი, ჩაერთე "ნიკორას" კონკურსში. მოიფიქრე და დაწერე ფერმიდან გაქცევის გეგმა, რომელიც ღრუტუს, კოკოს, ნიკორას და რენეს დაეხმარება გაიპარონ ფერმიდან და იპოვონ ჭოტი. მოიფიქრე დასასრული, დაწერე და გამოგვიგზავნე 15 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე zgapari@nikora.ge. აუცილებლად მიუთითე ტელეფონის ნომერიც.
სპეციალურად შერჩეული ჟიური აარჩევს სამ საუკეთესო დასასრულის ავტორს. პირველ ადგილზე გასული თხზულება ჟურნალის შემდეგ ნომერში გამოქვეყნდება. გამარჯვებულ ავტორს "ნიკორა" სკოლაში ესტუმრება და წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემს. წამახალისებელ პრიზებს მიიღებენ მეორე და მესამე ადგილზე გასული დასასრულის ავტორებიც.
არ დაგავიწყდეს მეილში მიუთითო შენი ასაკი და ტელეფონის ნომერი.
"ნიკორა" გისურვებთ წარმატებებს და გელით!