შორეულ ტყეში, გვირილების მდელოსა და ლოკოკინების ველის იქით, ერთი ლამაზი ქალაქი იყო, სანმელია - პატარა, საყვარელი მელაკუდებით დასახლებული ადგილი. იქ მუდამ სიმშვიდე იყო, ყველა თავის საქმეს აკეთებდა, ქუჩებში სულ ღიღინი ისმოდა და მზეც სულ ანათებდა...
მაგრამ, ზოგჯერ ცუდი ამბებიც ხომ ხდება... ერთხელ სანმელიაში დიდი აურზაური ატყდა. სანმელიას მერის ქალიშვილი, ოქროსფერკუდიანი მელანო ცუდად გახდა: ახველებდა, სიცხე ჰქონდა, ყელი ტკიოდა. მოიწყინა ყველამ.
დაეხვია მთელი ქალაქი თავს. აბა, ცხელი ბულიონი შველისო, ცაცხვის ჩაიო, კომბოსტოს ფოთლებიო, ძმრიანი წინდებიო, ლიმონი და თაფლიო...მოკლედ არაფერს აკლებდნენ...
იმ არემარეში ყველაზე განთქმული ექიმი - პროფესორი ქალბატონი ამელია მოიწვიეს...
ჩამოჯდა ამელია პაციენტის წინ გამოკითხა, კარგად გასინჯა,დააკვირდა,დაფიქრდა და დაადგინა, რომ პატარა მელანოს ვირუსი ჰქონდა...
-ვირუსიო, ეგ რაღა უბედურებაა?- შეიცხადა ბებიამ.
-როგორ გეკადრებათ ექიმო, ჩვენს გოგოსთან ვირუს რა უნდა? ხელის გულზე ვატარებთ, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს და ტანსაცმელს ვყიდულობთ... რაღაც ხომ არ გეშლებათ?
- არა, ნამდვილად ვირუსი აქვს, მაგრამ ასე, ნუ ნერვიულობთ, თბილი სითხეები მიიღოს, სიცხის დამწევი მიეცით, საწუწნი აბებები და მალე გამოჯანმრთლდება...
-დეიდა ექიმო, ვირუსი რა არის?- იკითხა შეშინებულმა მელანომ.
- ვირუსი? ვირუსი, ეს პაწაწინა, ძალიან პატარა ვინმეა, გაბურძგნული, თმადაუვარცხნელი, ჩვენ მას ვერ ვხედავთ,ისეთი პატარაა, რომ სარკეში, რომ იხედება,თავის თავს ვერც კი ხედავს,მარტო ცხოვრება არ შეუძლია,ამიტომ სულ ვიღაცასთან უნდა ყოფნა, ეხლა კი შენ გესტუმრა...
- არ მინდა, რომ ჩემთან იყოს, მის გარეშე უკეთესად ვარ.- ჩაილაპარაკა პატარამ.
- ჩემო მელანო,რომ იცოდე ეგ შენი ვირუსი ძალიან მშიშარაა და იცი რისი ეშინია?
სუფთა ხელების ... ისე ეშინია, რომ სადაც დაინახავს სუფთა ხელებს,შორს, ძალიან შორს გარბის ...ამიტომ, დაიმახსოვრე ოქროს წესი: ჭამის წინ, თამაშის შემდეგ, დილა- საღამოს, წიგნის დათვალიერების მერე, მოკლედ ხშირად,ძალიან ხშირად უნდა დაიბანო ხელები: თბილი წყლით და საპნით...ეს არის პატარა ჯადოსნობა, რომელიც დაგიცავს არასასურველი სტუმრისგან ...
მელანო მალე გამოჯანმრთელდა, სანმელია ისევ გამხიარულდა.პატარა მელაკუდას მას მერე არასდროს ავიწყდება ამელია ექიმის დარიგება და თავის მეგობრებსაც ასწავლა:
პატარა ჯადოსნობით
ვირუსს შეებრძოლები,
თბილი წყლით და საპნით