ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" არქივიდან იხილეთ სხვა ზღაპრები
ავტორი: დინო ტიკლი
იტალიურიდან თარგმნა: მაია ტურაბელიძემ
ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რა იყო გაფიცვა და შეიძლება, სამყაროს ისტორიაში ის პირველ შემთხვევადაც ჩაითვალოს.
უცნაური რამ მოხდა ნამდვილად და მის გასაპროტესტებლად დედამიწის ყველა თოვლის ბაბუა გამოვიდა.
აი, მიზეზიც:
მაშინ, როგორც დღეს, ჩრდილო პოლუსზე მყოფი თოვლის ბაბუები მთელი წლის განმავლობაში მიღებულ წერილებს სათითაოდ კითხულობდნენ და საჩუქარს ყველა ბავშვისთვის ამზადებდნენ. ამ სამუშაოს ისინი ყოველთვის სიზუსტით ასრულებდნენ და დედამიწის ყველა კუთხეში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მიდიოდნენ.
აფრიკელი თოვლის ბაბუა სირაქლემებით შემბულ ეტლზე ჯდებოდა, აზიელი - სპილოს ზურგზე, ევროპელი - ირმებიან ციგაზე, ავსტრალიელი - კენგურუს ჩანთაში.
ბევრი ტრანსპორტი არსებობდა კიდევ, მაგრამ მათ წარმოდგენას თქვენ მოგანდობთ. ასე მშვენივრად მიმდინარეობდა ყველაფერი!
ერთ წელს უცნაური ამბავი მოხდა, რამაც მთელი ჩრდილო პოლუსი ააფორიაქა.
- ნამდვილად ცუდი ვითარებაა! - დაიჩივლა ჩინეთში საჩუქრების დასარიგებლად მივლენილმა თოვლის ბაბუამ. - იცით, რომ ფოსტალიონმა დღესაც ცოტა წერილი მოიტანა?
- სამწუხაროდ, კი... და წარმოიდგინეთ, შარშან ყოველდღე ასობით წერილს ვიღებდით! - თქვა აფრიკელმა თოვლის ბაბუამ.
- წინა წლებზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენი წერილი და თხოვნა მოგვდიოდა ბავშვებისგან! - დაამატა ამერიკელმა.
- ნამდვილად ცოტა წერილია წელს! - ჩაერია იაპონელი ბაბუაც. - და რომ იცოდეთ, ამ წელს რაც მივიღეთ, თითქმის ნახევარი ჩვენი ფოსტალიონი დათვის დაწერილია. ასეთ მდგმარეობაში რომ გვიყურებს, ვეცოდებით.
- მართლა? - გაღიმებული სახით იკითხა ევროპელმა ბაბუამ.
- რა თქმა უნდა! ნახე, აბა, აქ რა წერია: „ძვირფასო თოვლის ბაბბუა, მე ვარრ შშვიდდი წწლის ბავვშშვი და საშშობაოდდ ვისურვებბდი ერთ გემმრიეელლ და მსუყყე ვეშშაპისს ხორრცსს, რომელიც დღემმდე არ მიჭჭამია“.
- მართალი ხარ, ასეთ წერილს მხოლოდ ჩვენი დათვი თუ დაწერდა, მაგრამ რა ხდება?
- მე გეტყვით, რაც ხდება: ბავშვებს აღარ სჯერათ უკვე თოვლის ბაბუის არსებობის და ამიტომაც შეწყვიტეს წერა.
- მაგრამ როგორ? ვინ უთხრა მათ ასეთი რამ?
- რა გიკვირს?! მშობლებს მოთმინება აღარ ჰყოფნით, ბავშვებს რომ ჩვენზე ამბები მოუყვნენ. მერე კიდევ, ამ თანამედროვე ეპოქაში, მანქანები რომ აქეთ-იქით დაჰქრიან, გემები ზღვას სერავენ, ხალხი საქმიანად დარბის, ცათამბჯენები და ვილები სოკოებივით ჩნდებიან, ვიღას უნდა სწამდეს ჩვენი ან ვიღას უნდა ეცალოს?!
- აბა, თუ არცერთი ბავშვი აღარ მოგვწერს, საჩუქრები ვის უნდა მივუტანოთ?
- ჰოდა, ასეც იქნება... ამ წელს ცოტა ბავშვი თუ მიიღებს საჩუქარს.
- რა ცუდია!
- ძალიან ცუდი!
- რაღაც უნდა მოვიფიქროთ!
- მართალია, მაგრამ როგორ?
- გავაპროტესტოთ!
- გავაპროტესტოთ?
- რა თქმა უნდა! გაფიცოთ და საჩუქარი ამ წელს აღარავის მივუტანოთ.
- მართალი ხარ!
- დავწეროთ ფურცელზე, რომ თოვლის ბაბუები იფიცებიან, რადგან მათი აღარავის სჯერა-თქო, და ჩვენ-ჩვენი ტრანსპორტით დედამიწის ყველა კუთხეში მიმოვაბნიოთ ისინი.
მართლაც ასე გააკეთეს.
იმ წელიწადს ბავშვებმა ძალიან მოიწყინეს, საშობაოდ ყურადღება რომ ვერ დაიმსახურეს, მაგრამ ბოლოს თავიანთ შეცდომას მიხვდნენ, ბოდიში მოიხადეს, ბევრი წერილი დაწერეს და თოვლის ბაბუებთან ურთიერთობა განაახლეს, რითაც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
გულაჩუყებულმა ბაბუებმა მეორე წელს ორმაგად დაასაჩუქრეს ბავშვები.
მას შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდა და ძველ წესს დაუბრუნდა. ამასობაში ხმებიც გავარდა, თოვლის ბაბუასთვის წერილების წერა ფოსტალიონ დათვსაც დაუწყიაო.
ილუსტრატორი: ირინა ცინცაძე