ამბავი თებერვალზე - ზღაპარი პატარებისთვის
ამბავი თებერვალზე - ზღაპარი პატარებისთვის


სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამე ფერადის დანახვაზე ოცნებობდა. ხასხასა ლურჯი ფერი უყვარდა განსაკუთრებულად და თუ ვინმეზე ლურჯ ქუდს ან კაშნეს დაინახავდა, ჩამოუქროლებდა და მოსტაცებდა ხოლმე.
- ვაი, ქუდი დავკარგე… უი, კაშნე გამიფრიალდა! - ისმონდა შეძახილები თებერვლის დადგომისთანავე. თებერვალი კი ტკბებოდა ლურჯი ნივთების თვალიერებით და როცა მობეზრდებოდა, ისევ ჩამოიქროლებდა და მიუგდებდა სახლის კართან პატრონს.
შეწუხდა ხალხი და ერთ დღესაც მეფემ ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც
ლურჯი ფერის ნებისმიერი ნივთის გამოყენება
თებერვლის თვეში იკრძალებოდა. ხალხს მოეწონა მეფის გადაწყვეტილება, გეგონება, ბრძანების გარეშე ვერ მოახერხებდნენ ლურჯი რამე-რუმეების ერთი თვით სახლში გამოკეტვას, მაგრამ ხელმწიფემ რომ მზრუნველობა გამოიჩინა, ძალიან ესიამოვნათ ადამიანებს და დიდი კმაყოფილებით ეცნობოდნენ ახალ კანონს, რომელიც ლამის ყოველ მეორე ხეზე იყო გაკრული.
ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა და თებერვლის ყურამდეც მივიდა. არ იცით როგორ ეწყინა… გაგიჟდა და გადაირია, ყველაფერი გაყინა, მზეს გადაეფარა, ჩრდილოეთის ქარები გამოიძახა, ნამქერი გააორმაგა, დაუბერა და რა დაუბერა… საბედნიეროდ იქვე, ახლოს, მარტი აღმოჩნდა, თვითონაც კარგი გადარეული ვინმე ბრძანდებოდა, მაგრამ თებერვლის საქციელი გადაჭარბებული მოეჩვენა… შეუთვალა: - თუ დაწყნარდები და ოდნავ დათბები, მე გაჩუქებ ლურჯ რამეებსო და იები გაუგზავნა.
ამის შემდეგ თებერვალი აღარ იპარავს ლურჯ ნივთებს, რადგან იცის, რომ თუ შეძლებს და დათბება, მარტი მას იებს გამოუგზავნის - ყველაზე მშვენიერ “ლურჯს რამეს”, რაც კი ოდესმე უნახავს… სწორედ ამიტომაა, რომ ზოგჯერ თოვლის გვერდით, გამღვალ მიწაზე, პატარა იებს მოვკრავთ ხოლმე თვალს.
სხვათა შორის თებერვალიც არ დარჩენია მარტს ვალში და ორი დღე აჩუქა. მას შემდეგ მარტი 31-დღიანია, თებერვალი - 28 დღიანი... ხანდახან კი 29 რიცხვიც გვხვდება... ეს მაშინ, როცა თებერვალს უნდა რომ თავის იებს დიდხანს უყუროს და წასვლა ეზარება.

ქეთი კვიტატიანი

7797
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ტასო თეა
0
ძალიან საინტერესო ზღაპარი იყო
23:26 / 13-09-2022
Თამო
0
ძალიან ძალიან მომეწონა ❤️
01:02 / 14-08-2022
myquiz