- არ არსებობს, გამორიცხულია, შევჭამო! პირს დავმუწავ და აღარ გავაღებ არასდროს! - ჯიუტობდა პატარა ზღურბლი. დედა ზღარბი კი განაგრძობდა ნაირ- ნაირი კერძის მომზადებას, იმ იმედით, რომ პატარა ზღურბლს რამე მაინც მოეწონებოდა და გემრიელად მიირთმევდა ოდესმე. მაგრამ საშველი არ ჩანდა. ზღურბლი დღითიდღე ხდებოდა და პატარავდებოდა... დედიკო კი სულ უფრო მეტს შრომობდა... ერთხელაც ფანტაზია გამოელია, პროდუქტიც გაუთავდა, წინსაფარი მოისროლა და მწარედ აქვითინდა. მისი ტირილი მერცხალმა გაიგო და მიზეზი ჰკითხა: - ჩემი შვილი არაფერს არ ჭამს, მადა აქვს დაკარგული! - ზლუქუნებდა ზღარბი. - ყველას შვილი გაიზარდა, გაფუმფულდა და ლოყები გაუვარდისფერდა. ეს კი ნახეთ, როგორ გამოიყურება, ხის ქერქიდან ამძვრალ ნაფოტს ჩამოჰგავს! - არ ჩერდებოდა დედა ზღარბი, მოთქვამდა და მოთქვამდა. სულ ცრემლებით დაასველა მშვენიერი ყვავილები, ბალახი, ჭიანჭველების სახლი, ხოჭოები და ჭიამაიები... - ამის წამალი ვარდისფერი გვირილაა! - უთხრა მერცხალმა. - მერედა არსებობს ვარდისფერი გვირილა? - სად უნდა ვიპოვო? - არსებობს! ერთხელ შევამჩნიე ფრენის დროს, სამხრეთისკენ უნდა გასწიო, წარმატებებს გისურვებ! - უთხრა მერცხალმა, თავი დაუკრა და გაფრინდა. - სამხრეთით? - ჩაფიქრდა ზღარბი. - უნდა წავიდე! - მტკიცედ გადაწყვიტა და ბარგის ჩალაგებას შეუდგა. ყველა დედამ იცის, რომ როცა საქმე შენი შვილის ჯანმრთელობას ეხება, დანებება არ ღირს. ჰოდა, ჩვენი ზღარბიც ჩქარი ნაბიჯით გაეშურა სამხრეთისაკენ. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ ულამაზეს მდელოს მიადგა. „აუცილებლად აქ იქნება ვარდისფერი გვირილაო!“- გაიფიქრა და აქეთ- იქით დაიწყო თვალების ცეცება. მდელოზე ფუტკრები, პეპლები და ჭიამაიები დაფრინავდნენ, ზღარბმა რომ კითხვების დასმა დაიწყო, ცოტა გაეცინათ, რადგან დაუჯერებელი იყო ამდენ მშვენიერ ყვავილში მაინცდამაინც ვარდისფერი გვირილის პოვნა. დედა ზღარბს ისღა დარჩენოდა, მარტოს გაეგრძელებინა ძებნა, მთელი ცხოვრება რომ დასჭირვებოდა, ყველა ყვავილი სათითაოდ უნდა დაეთვალიერებინა და მაინც უნდა ეპოვა ვარდისფერი გვირილა. გადიოდა საათები, დღეები, კვირები და ერთხელაც დანაღვლიანებულ და ძებნისგან ძალაგამოცლილ ზღარბს ტირილის ხმა შემოესმა. - ნეტავ ვის უჭირს, ხომ არ დავეხმაროო? - გაიფიქრა, ხმას მიჰყვა და რას ხედავს, ერთ მშვენიერ გვირილის ყლორტს, სახეზე ხელები აუფარებია და ცრემლებად იღვრება. „რა გატირებსო?“ - დაინტერესდა ზღარბი? - საწყალი გვირილა, ძალიან განიცდის! - უპასუხა ბაბუაწვერამ. - რას განიცდის? - ახლა ბაბუაწვერას მიუბრუნდა ზღარბი. - რას და, დიდი ხნის წინ, სანამ ეს მდელო გაჩნდებოდა, აქ ადამიანებმა გამოიარეს. ერთ-ერთს კალათიდან ბროწეული გადმოუვარდა, მეორემ შემთხვევით ფეხი დაადგა და გახლიჩა. მწიფე ბროწეულის წვენი მიწაში ჩაიღვარა. ზუსტად იმ ადგილას გვირილა ამოვიდა… გაიხედა და რა ხედავს, ერთი ყვავილის ფურცლები სულ ვარდისფერი არ აქვს. ვარდისფერი ყვავილი კი დამალა ფოთლების ქვემოთ, მაგრამ როცა გაახსენდება, ტირილს იწყებს, რა უშნო ვარ, ეს რა ფერის ყვავილი გამომივიდა ყვითელგულიან, ქათქათა გოგოსო?! - დაუჯერებელი იყო, პირდაპირ წარმოუდგენელი... ის, რასაც ზღარბი ამდენ ხანს ეძებდა, ფოთლის ქვეშ ჰქონია გვირილას გადამალული... სიხარულისგან ზღარბიც აქვითინდა. - შენ რაღა გატირებს? - გამოხედა გაკვირვებულმა გვირილამ. - მე მოგაცილებ მაგ ვარდისფერ ყვავილს, მოგაცილებ და ისე შორს წავიღებ, რომ ვერასდროს ნახავ!- ცრემლები შეიმშრალა ზღარბმა. - მართლა? - სახე გაუბრწყინდა გვირილას და მორიდებით გამოაცურა ფოთლის ქვეშ დამალული ვარდისფერი ყვავილი... ზღარბმა პატარა ბრჭყალები გაუსვგამოუსვა ყლორტს, მერე ზურგი ოსტატურად მოაბრუნა და ეკლებზე დასკუპებული ვარდისფერი გვირილა სახლისკენ გააქნა. - გმადლობ! - გამოსძახა ქათქათა გვირილამ. - მე უფრო დიდ მადლობას გიხდი, საყვარელო გვირილა! - პასუხი დაუბრუნა ზღარბმა. გვირილას გაუკვირდა, მაგრამ აბა, სად ჰქონდა ჩვენ ზღარბუნას იმისი დრო, რომ აეხსნა, როგორი მადლიერი მიქროდა შინისკენ. ჰოდა, გაიარა მდელო, გასცდა წყაროს, შევიდა ტყეში და ქოშინ- ქოშინით მივიდა სახლის კარამდე. ოდნავ ზემოთ აიხედა და რას ხედავს, სარკმლიდან ულამაზესი ზღარბი იყურება ნაცნობი გამოხედვით... პირდაპირ სასწაული იყო, ამასობაში როგორ გაზრდილა მისი ზღურბლი, ნამდვილად მშვენიერი ზღარბი დამდგარა... მაგრამ როგორ? საჭმელს რომ არ ჭამდა, უგამხდრესი და უპატარავესი რომ იყო ზღურბლებს შორის? როგორ გაიზარდა, როგორ გაუვარდისფერდა ჩაცვენილი ლოყები? - როგორ და ერთი ჯადოსნური წინადადებით! - უპასუხა ციყვმა გაოგნებულ დედა ზღარბს. - ჩვენ მას ვუთხარით, რომ თუ თავს ძალას დაატანდა, ჭამას დაიწყებდა, დედიკო დაბრუნდებოდა! მონატრება და სიყვარული კი სასწაულებს ახდენს. რაც შეეხება ვარდისფერ გვირილას, ის ახლაც ლარნაკში დევს და ოთახს ალამაზებს. ვინ იცის, იქნებ ზღარბის სამეგობროში კიდევ გამოერიოს ვინმე ძალიან უჭმელი ბავშვი და მაშინ დედა ზღარბი სიხარულით მიუცუნცულებს ვარდისფერ ყვავილს გემოს რეცეპტორების გასაღვიძებლად.