ერთ უდაბურ მუხნარში ორი ძალიან ლამაზი, ჭრელფრთება და წითელგულა ჩიტი ცხოვრობდა. მათზე კარგი მგალობელი ფრინველი იმ არემარეში არ მოიძებნებოდა.
ერთ უდაბურ მუხნარში ორი ძალიან ლამაზი, ჭრელფრთება და წითელგულა ჩიტი ცხოვრობდა. მათზე კარგი მგალობელი ფრინველი იმ არემარეში არ მოიძებნებოდა.
დილაუთენია ხის ტოტზე ჩამოსხდებოდნენ და საამურ ჭიკჭიკს იწყებდნენ. ერთს, თავზე ქოჩორივით ბუმბულჩამოშლილს, ღაბუა ერქვა, მეორეს ჩიორას ეძახდნენ. როცა ღაბუა გალობით დაიღლებოდა, ჩიორა აგრძელებდა და ასე საღამომდე შეხმატკბილებულად ჭიკჭიკებდნენ.
ზაფხული იდგა. მზე თავისი მცხუნვარე სხივებით მუხნარს დააცხრა, მდინარეები დააშრო. მათ კალაპოტში მიწა დაიბზარა და დასკდა, შემდეგ მოჩუხჩუხე, ცივი წყაროებიც გაქრნენ. გახმა და გადაიხრუკა ყველაფერი. სიცხემ მცენარეებიც გადაბუგა და ტყე სიკვდილის პირას მიიყვანა. ირგვლივ შიმშილმა დაისადგურა.
ღაბუა და ჩიორა გამომხმარი ხის ტოტზე ჩამომსხდარიყვნენ. ტყის ხილის ჩირიც კი აღარსად ეგულებოდათ, მშივრებსა და ღონემიხდილებს აღარც გალობის თავი ჰქონდათ და აღარც ფრენის.
- ჩიორა, მშია, მწყურია.
- ეჰ, ღაბუა, მეც მშია. ეს რა საშინელება ყოფილა.
- ნეტავ, წვიმა მაინც მოვიდეს, წყალსაც დავლევდით და გუბურაშიც ვიჭყუმპალავებდით.
ამ დროს ჩიტებმა ტყეში კაცი შენიშნეს, რომელიც ხის ძირში ჩაცუცქულიყო და ჩიტბადეს აწყობდა.
- შეხედე, შიგნით პურის ნამცეცებს ყრის, - ნერწყვი გადაყლაპა ღაბუამ, - როგორ მშია.
- ძალა მოვიკრიბოთ და სხვა ხეზე გადავფრინდეთ, ნუ უყურებ.
- ცოტას ავკენკავ, თავს ვეღარ ვიკავებ...
- მახეში გინდა, გაება?!
- ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. მირჩევნია, გალიაში ვიჯდე და მაძღარი ვიყო, - თქვა თუ არა ღაბუამ, ჩიტბადისკენ გაქარქარდა, დაფშვნილ პურთან დაფრინდა და ნამცეცებს ხარბად დაუწყო კენკვა.
კაცმა ზონარი მოქაჩა და ღაბუა ბადეში მოამწყვდია. ჩიტი შიშისგან აფართხალდა, საშველად ჩიორას უხმობდა. კაცმა ჩიტბადესთან მიირბინა და ღაბუა ხელისგულში მოიქცია:
- რა ლამაზი ჩიტი დამიჭერია, - წამოიძახა გახარებულმა, - ჩემს გოგო-ბიჭებს როგორ გაუხარდებათ, - მერე ღაბუა პატარა გალიაში შეაფრინა, ჩიტბადე აკეცა, მხარზე გადაიკიდა და სახლის გზას გაუყვა.
ჩიორას მოულოდნელად ძალა მიეცა, ხიდან ხეზე ხტებოდა და დატყვევებულ მეგობარს კვალად მიჰყვებოდა. სახლამდე მიაცილა და მოწყენილი ეზოში მდგარ ხის ტოტზე ჩამოჯდა. სახლიდან ბავშვების ჟივილ-ხივილი შემოესმა, აღტაცებულები ღაბუას სილამაზით ტკბებოდნენ. ახლოს მიფრინდა, ფანჯრის გისოსზე ჩამოჯდა და ოთახში შეიხედა. მეგობარი დიდ, ლამაზ გალიაში ჩაესვათ, უამრავი პურის ნამცეცი დაეყარათ და შუშის ჭურჭელში წყალიც ჩაესხათ.
ღაბუა გალიის ძირში ჩამჯდარიყო, ხარბად შეექცეოდა, შემდეგ წყალთან მიფრინდა, რამდენჯერმე დალია და ისევ პურის ნაფხვენთან დაბრუნდა. როდესაც შიმშილის გრძნობა დაიოკა, ქანდარაზე ახტა და ჩვეული გალობა დაიწყო. საამურმა ჰანგებმა ოჯახის ყველა წევრი დაატყვევა, გალიას ირგვლივ შემოუსხდნენ და ღაბუას მორაკრაკე ხმას მოჯადოებულივით უსმენდნენ.
ასე გრძელდებოდა ყოველდღე. ჩიორა მეგობრის შორიახლოს, ეზოში ხეზე დაბინავდა და დამშეული, ახლა მარტოობას დაედარდიანებინა. ღაბუას კი, საჭმელ-სასმელი თავზე საყრელი ჰქონდა. როდესაც წყურვილის ან შიმშილის გრძნობას მოიკლავდა, ქანდარაზე შეხტებოდა, ყელს მოიღერებდა და გალობდა და გალობდა. უზრუნველი ცხოვრებისგან გასუქდა და ბურთივით დამრგვალდა, მაგრამ გალიის ორი ქანდარა მალე მობეზრდა. ტყეში განავარდება მოენატრა, თან ჩიორას გარეშე ყოფნა გულს უკლავდა. მოიწყინა ღაბუამ. ძილში ჩიორასთან ერთად გატარებული ბედნიერი დღეები ესიზმრებოდა და დილით სევდიანს ეღვიძებოდა. გალობას თავი ანება, მთელი დღე ქანდარაზე გაუნძრევლად იჯდა. ბავშვები მიხვდნენ, რომ ჩიტი კარგად არ იყო და გალია აივანზე გაიტანეს, იფიქრეს - ბუნებას შეხედავს და ისევ გაიხარებსო.
ჩიორამ მეგობარი შენიშნა, ახლოს მიფრინდა და გალიის გვერდით, აივნის მოაჯირზე ჩამოჯდა:
- ღაბუა, როგორ ხარ?
- ცუდად, ჩიორა, ცუდად.
- რატომ? - გაუკვირდა ჩიორას.
- რა ცუდი რამ ყოფილა მონატრება, უშენოდ ვეღარ ვძლებ. ჩვენი სიცხისგან გადაბუგული ტყეც ისე მომენატრა, რომ სიზმრად ვხედავ, ლამის გავგიჟდე.
- რა ვქნა, როგორ გიშველო? - ჩიორა გალიის კართან მიფრინდა, საკეტზე ჩამოჯდა, ფრთები ღონივრად დაიქნია, სცადა, ურდული გამოეწია და კარი გაეღო.
ღაბუა გალიის შიგნიდან ნისკარტით ეხმარებოდა. ბევრი წვალების შემდეგ, სასწაული მოხდა, საკეტი გაიხსნა, ღაბუამ შეიფრთხიალა, კარი გამოაღო და გამოფრინდა. მონატრებული მეგობრები ერთმანეთს ნისკარტებით მიეფერნენ და ტყისკენ გაფრინდნენ. მუხის ხეზე ჩამოსხდნენ და საამური გალობა დაიწყეს.
ამ დროს ქარმა დაუბერა, ცაზე ღრუბლები მორეკა და შხაპუნა წვიმაც წამოვიდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ღმერთმა ტყე და იქ მცხოვრები ყველა სულიერი სიკვდილს გადაარჩინა.