ერთ მშვენიერ დღეს ჯიხვი და შურთხი დაძმობილდნენ... ერთ მშვენიერ დღეს ჯიხვი და შურთხი დაძმობილდნენ. ერთმანეთს მაშინვე გაუგეს და იმ დღიდან მოყოლებული - ჯიხვს შურთხის, შურთხს კი ჯიხვის უსიტყვოდ ესმოდა. სულ მალე მათ მეგობრობას ბევრი მოშურნე გამოუჩნდა. აი, თუნდაც მარტოხელა მგელი, რომელიც რახანია ხროვიდან მოეკვეთათ და ყველასგან გარიყულს სხვისი მეგობრობაც გულზე ეკალივით ესობოდა.
აღარ იცოდა, როგორ დაეშორებინა განუყრელი მეგობრები. ხან ციკნის ტყავში გაეხვია, ხანაც ტანზე ფოთლები მოირგო და ასე საგულდაგულოდ შენიღბულმა - ჯიხვი აქედან, შურთხი კი იქიდან შეძახილებით აიკლო:
- შენმა მეგობარმა შენი ფასი არ იცის, რამდენი ამაგი გაქვს მასზე, ზედ ხარ გადაყოლილი, იმ უმადურს კი მადლობის მაგიერ პირი მოუღია და ზურგს უკან გლანძღავს და დაგცინისო.
მართალია, მგლის ერთი-ორი შეძახილი ჯიხვისა და შურთხის მეგობრობას ბევრს ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ უსაქმურმა მგელმა იმდენი უჩიჩინა ჯიხვს: - რა გაგჭირვებია ისეთი, მაგ მთის ინდაურს თავს რომ უყადრებ და ემეგობრებიო. მერე კი მანამ უკიჟინა შურთხს: - ვაი, ეგ რა დღეში ყოფილხარ, მეგობრობას ქედმაღალ და ამაყ ჯიხვთანაც კი ეგუებიო, რომ ამდენი შეძახილ-შემოძახილით მაინც თავისი გაიტანა და მის ბოროტ გულს, რომ ეამებოდა, მეგობრებს შორის სწორედ ისეთი შუღლი და მტრობა ჩამოვარდა.
- ამდენ საქმეს ვუკეთებ, საკვებით ვამარაგებ და სანაცვლოდ მისი უხეირო სტვენის მეტს არაფერს ვიღებ, - აწუწუნდა ჯიხვი.
- მტრის შემოტევას ვამცნობ, მისი დაწუნებული ნარჩენებით ვვახშმობ და მე მქონია საწუწუნოდ საქმე, თორემ ნეტავ ჯიხვს რა აწუწუნებსო, - იმწამსვე ვიშვიშს მოჰყვა შურთხიც.
ერთ სიტყვას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და... ეს იყო და ეს, იმ დღის შემდეგ ჯიხვს შურთხისთვის, შურთხს კი ჯიხვისთვის ხმა აღარ გაუცია. მართალია უერთმანეთოდ ძალიან უჭირდათ, მაგრამ ეს ოხერი სიამაყე ვერ დაეძლიათ - არც ერთი თმობდა და არც მეორე.
ამასობაში კი მგელი ხარობდა.
- შურთხის გაფრთხილების გარეშე ჯიხვს უეჭველი მოვერევი, ასეთი ნადავლით ხროვასაც შემოვირიგებ და მერე ჯიხვების მთელ ჯოგს ყველა ერთიანად შევუტევთო!
როგორც კი დაბნელდა და ცაზე მთვარემ გამოანათა, მგელი ჯიხვის სამყოფელისკენ გაეშურა.
უჩვეულო ხმაურზე შურთხს გაეღვიძა, ის იყო უნდა დაესტვინა და მეგობრისთვის საფრთხის მოახლოება ემცნო, მაგრამ გაახსენდა, რომ გაბუტული იყო და ვითომც არაფერიო, ისევ თვლემა განაგრძო. თუმცა ვერაფრით მოისვენა, თვალი ვერ მოხუჭა, ბოლოს გულმა მაინც ვერ მოუთმინა, ყელში მოწოლილ ხმას ვერაფერი მოუხერხა და ისე ხმამაღლა დაუსტვინა, ერთი კი არა ორასი ჯიხვი გააღვიძა.
მგლის დანახვაზე ჯიხვებმა იფიქრეს, ხროვა გვიტევსო და ატყდა ერთი ჩოჩქოლი, ბოროტი მგელი კი იქით შეშინდა და ვიდრე ჯიხვები გონს მოვიდოდნენ, ჩუმად გაიძურწა.
რახან მეგობრის ფასი გაიგო, ჯიხვს შინ აბა რაღა გააჩერებდა, იმწამსვე შურთხთან მივიდა და ბოდიშის ნიშნად, ამაყი რქები დაბლა დაუხარა.
ამ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა, არადა, მთებში რომ გაიკითხოთ, მათნაირ განუყრელ მეგობრებს, ბევრს დღესაც ვერ ნახავს კაცი.