უსიერი ტყის სამეფო სვებედნიერი ქვეყანა იყო. მას კეთილი მეფე მართავდა, მაგრამ მისი ვაჟი ურჯუკი და სასტიკი გახლდათ... უსიერი ტყის სამეფო სვებედნიერი ქვეყანა იყო. მას კეთილი მეფე მართავდა, მაგრამ მისი ვაჟი ურჯუკი და სასტიკი გახლდათ. განსაცდელში ჩავარდნილი ქალიშვილების ხსნა, რაც ყოველი მამაცი რაინდისთვის დიდი პატივია, მას სულაც არ სიამოვნებდა. უფლისწულს ტყეში ნადირობის მეტი არაფერი უნდოდა.
სადაც კი ფეხს დადგამდა, ყველაფერს ანადგურებდა, შვლებსა და არჩვებს ათეულობით ხოცავდა. გლეხებმა, რომელთა მიწებს თელავდა, მას "ულმობელი უფლისწული" შეარქვეს.
ტყის ჯადოქარს მოთმინების ფიალა აევსო და მისთვის ჭკუის სწავლება განიზრახა, ამის საშუალება მალევე მიეცა... ერთხელ, კენკრის კრეფაში გართულ გრძნეულს ცხენის ჭიხვინი და ძაღლების ყეფა მოესმა. თურმე, იქვე ახლოს უფლისწული ნადირობდა, რომელმაც შორს უძრავად მდგომი შველი დაინახა და მშვილდი მოიმარჯვა.
მათხოვრის ძონძებში გადაცმული ჯადოქარი მასთან გაჩნდა და ფეხებში ჩაუვარდა: - აგრემც ღმერთი გაგახარებს, ჩემს შველს ნუ ესვრი, შეჩვეული მყავს, მას შემდეგ, რაც ტყეში დაჭრილი ვიპოვე, მე ვუვლი!
უფლისწულმა ზედაც არ შეხედა დედაბერს. ისარი მოზიდა და ისროლა. შველი არც შერხეულა... მაგრამ სანამ ისარი მისწვდებოდა, მშვენიერ ყმაწვილ ქალად გადაიქცა, ისარი მხარში მოხვდა და ძირს დაეცა.
აღელვებული უფლისწული მისკენ გაიქცა. ჯადოქარი მას შუბლშეკრული მისჩერებოდა.
უფლისწულმა ჰკითხა, - ვინ ბრძანდებითო?
- მე უსიერი ტყის ჯადოქარი ვარ...
- დამეხმარეთ, ეს ქალიშვილი უნდა გადავარჩინოთ!
- ვითომ რატომ უნდა გავაკეთო ეს? - ჩაიქირქილა ჯადოქარმა.
- მოკვდება!
- გებრალებათ?
უფლისწული ქალიშვილს დააცქერდა. იგი ძალზე ფერმიხდილი იყო და მხრებზე ქერა დალალები ეფინა.
უფლისწულმა ამოიოხრა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ჯადოქარმა ხელი ხელს შემოჰკრა, ქალიშვილმა თვალები გაახილა, წამოდგა და ჭრილობა მყისვე მოუშუშდა.
უფლისწულმა დააპირა მას სიყვარულში გამოსტყდომოდა, მაგრამ ქალიშვილი ისევ შვლად იქცა და ტყეში გაუჩინარდა.
გულმოკლული უფლისწული ჯადოქარს მიუბრუნდა:
- ეს რა ჯადო გაუკეთეთ? ახლავე დამიბრუნეთ ის ქალიშვილი, თორემ...
- მემუქრები კიდეც? სამწუხაროდ, ვხედავ, რომ შენი გული ჯერ არ მომბალა. ეს ქალიშვილი ჩემი ნათლულია, მაგრამ მისი ღირსი არა ხარ, ამიტომ ტყეში იხეტიალებ მანამ, სანამ ნამდვილი რაინდივით კეთილი და მამაცი არ გახდები.
ამის თქმა იყო და ჯადოქარი გაუჩინარდა. უფლისწული მარტო დარჩა.
ასი დღე და ასი ღამე დაეხეტებოდა უფლისწული ტყეში. თავიდან ძალიან გაბრაზებული იყო ჯადოქარზე და წყევლა-კრულვით იხსენიებდა მას, მაგრამ ნელ-ნელა ჩაუფიქრდა თავის საქციელს. გაზაფხულის ერთ დილას, როგორც იქნა, ღიმილით და უდარდელად გაიღვიძა: მის წინაშე ის ქალიშვილი იდგა და უღიმოდა.
უფლისწული და ქალიშვილი ბედნიერად ცხოვრობდნენ და როცა მეფე გარდაიცვალა, ბრძნულად და სამართლიანად მართავდნენ სამეფოს.