დედამთილიც მუშაობს, რძალიც და აღარ სცალიათ იმაზე სასაუბროდ, ვინ შეუცვალა ადგილი ლარნაკს ''ძალიან მიყვარს ახალი წლის ტრადიცია. რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში უნდა შევუნარჩუნოთ ბავშვებს თოვლის ბაბუის მოლოდინი, ნაძვის ხის აწყობა უნდა იყოს რიტუალი, ტრადიციული საახალწლო სუფრა არ უნდა დავკარგოთ, ყველაფერი, რაც სილამაზესა და სიკეთეს უკავშირდება, დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ. იმავენაირი დამოკიდებულება მაქვს აღდ-გომის მიმართ. ბევრი კარგი ტრადიცია გვაქვს, რომელსაც წინ წამოწევა სჭირდება'', - აღნიშნა მარინა ბერიძემ, რომელსაც ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.
- არ მიყვარს არც ერთი ტრადიცია, რომელიც ღრეობას უკავშირდება, ამას წყობიდან გამოვყავარ. ლამაზი ქორწილიც კი, რომელშიც ბევრი ევროპული დეტალი შევიტანეთ, მაინც ღრეობით მთავრდება, ასეა ქელეხიც. სტუმარმასპინძლობა თითქოს ძალიან კარგი ტრადიციაა, მაგრამ ნელ-ნელა ამის შენარჩუნებაც რთული ხდება. მახსოვს, ჩემს მშობლებთან ხუთი კაცი რომ მოდიოდა, იშლებოდა სუფრა, სადილობდნენ, ღვინოს მიირთმევდნენ... აბა, ახლა შემოვიდეს ხუთი კაცი, შეიძლება, იმ მომენტში არც სადილი გქონდეს, არც სასმელი და არც დრო - გასამას-პინძლებლად. ვაღიაროთ, რომ დარეკვის გარეშე ხალხი ერთმანეთთან აღარ მიდის, ეს რაღაც მომენტში კარგია, რაღაც მომენტში – არა. ცხოვრებამ მოიტანა ეს ყველაფერი, ამიტომ ტრადიციებს არ უნდა ვებრძოლოთ, ისინი თავისით ქრებიან.
- რაც შეეხება აღზრდის ტრადიციებს, როცა უფროსი ყოველთვის მართალია, ამაზე რას ფიქრობთ?
- იყო პერიოდი, როცა შვილიშვილებს ბებიები ზრდიდნენ, ახლა ბებიებიც აქტიურები გახდნენ, მე თვითონ სულ ვმუშაობ და როგორ გავზარდო?! სწორედ ამან გამოიწვია ძიძების მომსახურების აუცილებლობა. ოჯახის რჩენა ძალიან რთული გახდა, უნდა იმუშაოს კაცმაც და ქალმაც, მაგრამ ძიძის აყვანა იმისთვის, რომ დედა კაფეში დაჯდეს, ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება გყავდეს ძიძა, მაგრამ ის უნდა იყოს შენი კონტროლის ქვეშ, შვილი არ უნდა აჩუქო მას.
რაც შეეხება უფროს-უმცროსის თემას, დამეთანხმებით, რომ ასაკით უფროსი ადამიანიც შეიძლება, ხშირად მართალი არ იყოს. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. თუ უხეშობასა და უზრდელობას გვერდით გადადებ, მშვიდად და წყნარად აუხსნი უფროსს, დაუსაბუთებ, რომ ის არაა მართალი, ეს მისაღებია. მაგრამ უზრდელობა მიუღებელია.
ტრადიციის დარღვევასა და უზრდელობას შორის განსხვავებაა. ვფიქრობ, ჩვენთან ყველაზე მეტად დეფიციტური ზრდილობა და პატივისცემაა. ადამიანებს შორის ახლა რომ არის ზიზღი უმაღლეს რანგში აყვანილი, ასე არასდროს მინახავს, ზვიადის პერიოდშიც კი... ეს, ნებით თუ უნებლიეთ, სახელმწიფომ გააკეთა. ამხელა ნეგატივი, ამდენჯერ ''იმ 9 წლის'' შეხსენება უკვე აუტანელია, რაღაც კარგი მაშინაც გაკეთდა, ზვიადის, შევარდნაძის დროსაც კი იყო რაღაც კარგი.პედალირება მხოლოდ ცუდზე არ შეიძლება, იმიტომ რომ ასეთ დროს შენი თავი გეზიზღება. ერი, რომელიც 25 წელი ფეხზე ვერ დადგა, ერი აღარ არის. იმის ძახილი, რომ უკანასკნელ ''ნაციონალამდე'' ყველა მიწაში ჩაწვეს – ცუდად მოუბრუნდებათ.
- სტერეოტიპულ, რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე მინდა გკითხოთ.
- ნელ-ნელა ესეც გაქრება, დედამთილიც მუშაობს, რძალიც და აღარ სცალიათ იმაზე სასაუბროდ, ვინ შეუცვალა ადგილი ლარნაკს და რატომ არ არის კარგად გამოსუფთავებული ოთახი. ახალგაზრდები პირველივე შანსის შემთხვევაში ცალკე მიდიან საცხოვრებლად, აუცილებლად დასანგრევია სამი თაობის ერთ სახლში ცხოვრების ტრადიცია, წარმოგიდგენიათ ერთ ტელევიზორთან სამი თაობის დასმა? ხვდებით, რა მოხდება?! ზრდასრულმა ადამიანებმა უნდა ისწავლონ ახალგაზრდების პატივისცემა, ეს უფრო გვაქვს სასწავლი, ვიდრე პირიქით, იმიტომ რომ პატარებს ჩვენ ვაძლევთ მაგალითს.
- ქალის ღალატით რომ ქვეყანა ინგრევა და კაცის ღალატი რომ ''მოსულა'', ამაზე რას ფიქრობთ?
- ღალატი ყველაზე ცუდი თვისებაა, სხვათა შორის, ამის აღზევებაცაა ჩვენს ქვეყანაში, არაფერი აღარ გახდა ღალატი, ნებისმიერ შემთხვევაში რთულად გადასატანია. თუ გინდა უღალატო, დაასრულე ურთიერთობა და მერე რაც გინდა, ის ქენი. კაცებიც უნდა მიხვდნენ, რომ ასე ხელაღებით ამის კეთება არაფრით არ შეიძლება. ერთჯერად ღალატს კაცები ხშირად სპორტულ ინტერესთან აიგივებენ. მაგრამ მე არ მესმის იმ ქალების, რომლებიც ამბობენ, ოღონდ მე ნუ გავიგებ და კაცს რაც უნდა, ის უქნიაო, ამ საკითხს როგორ უნდა ვუშველოთ, არ ვიცი. მოღალატე კაცისთვის სამზარეულოში მყოფი ცოლი ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ თუ ქალი საჭესთან ზის, დაქრის, მუდამ ფორმაშია, მისი ქმარი ცოტა ფხიზლადაა. თუმცა, ჩემს შემთხვევაში ამანაც არ გაამართლა. ყველაფერი ადამიანის წესიერებაზეა დაყრდნობილი.