არ გაგაფრთხილეს, ყველაფერი არ გაუმხელიათ, რატომ დუმდნენ? ეს ერთი ახალბედა დედის წერილია, ცოტა იუმორნარევი და ასევე მისი თვალით დანახული რეალობა.
როცა დიდი ხნის ფეხმძიმე ხარ, ეს ქვეყანა ზღაპრულად გეჩვენება. თითქოს ამ ზღაპრული ქვეყნის ფერია ხარ, მრგვალი ფერია. თვალები გიბრწყინავს, იდუმალი ღიმილი გაქვს, გულისფანცქალით ელოდები, ელოდები... მერე უცებ ბახ - და გააჩენ. ყვირილი, ტირილი ღიმილი, სიხარული, ზარები, ესემესები, პამპერსები...
გადის დრო და ხვდები... არ გაგაფრთხილეს, ყველაფერი არ გაუმხელიათ, რატომ დუმდნენ? ნამდვილი შეთქმულებაა.
აი ის, რისთვისაც აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი:
1. ძუძუთი კვება. ყველგან წერენ, რომ ეს შესანიშნავია. მეც მჯეროდა. ნახეთქების შესახებაც წერენ და მეც წამიკითხავს, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ნახეთქი ძუძუსთავის ასეთი საზარელი ჭრილობა იქნებოდა, რომელსაც ჯოჯოხეთური ტკივილი ახლავს. სისხლი გდის, სიცხე 40 გრადუსს აღწევს, განადგურებული ხარ, გვერდით კი ბავშვი წევს და დაჟინებით ითხოვს ყურადღებას. თანაც ისევ ძუძუ უნდა აჭამო, იმავე სისხლმდინარე და შუაზე გადახსნილი კერტებით.
2. არავინ გეუბნება, რომ მშობიარობის შემდეგ საერთოდ გიქრება მოშარდვის სურვილი. თითქოს ბავშვთან ერთად შარდის ბუშტიც იმშობიარე. გინეკოლოგი შემოდის და გვახსენებს: "აბა, დედიკოებო, მოშარდვა არ დაგავიწყდეთ". და ჩვენც მორჩილად მივდივართ ტუალეტისკენ... დანარჩენზე აღარ დავწვრილმანდები.
3. არავის უთქვამს, რომ მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღე მუცელზე წოლით ინებივრებ... სანამ რძე ჩაგიდგება. მერე მორჩა. 4 ზომის, რძით სავსე მკერდზე წოლა მხოლოდ მასაჟის მაგიდაზე შეიძლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მაგიდას ორი დიდი ნახვრეტი აქვს.
4. გეუბნებიან, რომ შვილის გაჩენის შემდეგ დრო არ გექნება, მაგრამ რას წარმოიდგენ, სინამდვილეში ეს რას ნიშნავს. ცნებები "მე" და "ჩემთვის" საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან. ბანაობა და კბილების გახეხვა? ეს ადვილია... ოღონდ შუადღის 3 საათზე. საუზმე? კითხვაც არ ღირს. საღამოს ქმარი მოვა და მასთან ერთად შეჭამ... ვარცხნილობა? ელემენტარული ცხენის კუდი და... მზეთუნახავი ხარ.
5. არავინ გეუბნება, რომ თავიდან ჩაცმისა და პამპერსის გამოცვლის დროს ბავშვები ისე ღრიალებენ, თითქოს კლავენ. ეს ჯერ გაშინებს, ამიტომ გიჟივით ჩქარობ. მე-10 ცდაზე დამიზნებით ახვედრებ ფეხს შარვალში და სანამ მარცხენასაც ჩააცმევ, მარჯვენა გახდილი აქვს... თან განწირული გაჰყვირის. ეჭვი გიპყრობს, რომ ბავშვი ნორმალური არ არის...
6. ყველაფერი, რასაც ბავშვთან შეხება აქვს, სტერილურია. საწოვარა, ბოთლი, სათამაშოები... გადის დრო და ბავშვის სათამაშოებად იქცევა ტელევიზორის პულტი, ტელეფონი, კოვზები, ქვაბები, სადენები და კატა. არავინ გეუბნება, ამ დროს რა უნდა ქნა. პულტიც გავასტერილო და კატაც? საკითხი მალე კარგავს აქტუალობას, მაგალითად, მას შემდეგ, რაც ბავშვი პირველად ალოკავს "კალიასკის" ბორბლებს.
7. ინტერნეტში ყველაფერი ძალიან სათუთი ჩანს, რეალობა კი სულ სხვაა.
"აჰ, ჩვენმა მაშიკომ ჩაისვარა" - ანუ მაშიკო ყურებამდე "ამოლესილია".
"უი, მაშიკომ ცოტა ამოიღო" - ესე იგი მაშიკომ ისეთი ამოარწყია, რომ ყველაფერი გამოუცვალეს. დასაბანია მაშიკოც, დედაც და კატაც, თუ შემთხვევით მის გვერდით აღმოჩნდა.
"ჩვენ ფაფას ვჭამთ" - ესე იგი ყველაფერი ფაფაშია. მაშიკო, დედა, სკამი, იატაკი, კედლები და კატაც... აბა, უიმისოდ როგორ იქნება.
8. არსად წერია, რა უნდა გააკეთო, თუ ბავშვს ორი საათი არწევდი, ძლივს დააძინე და უცებ... ჩაისვარა.
9. არ გეუბნებიან, რომ როცა აჩენ, ჯერ საერთოდ არ გიყვარს შენი შვილი. ეს სიყვარული არ არის. უბრალოდ ჯერ ვერ დაერქვა საეხელი იმ უცნაურ გრძნობას, რასაც შენი შვილის პირველად დანახვისას განიცდი. არაამქვეყნიური გრძნობა, გაოგნება, შოკი... უყურებ შენი სხეულიდან გამომძვრალ არსებას და არ იცი, რა უნდა იგრძნო, რა უთხრა. თან ამ ერთი ბეწოს ყველაფერი აქვს - წარბიც, წამწამიც, თითები, ფრჩხილები. სუნთქავს, მოძრაობს, გიყურებს... ნუთუ ჩემს სხეულში შეიქმნა ეს საოცრება? არ ვიცი... დიდება მას, ვინც ეს სასწაული გვაჩუქა.